ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, გია ხუხაშვილის მიერ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის და მუქარის ფაქტებზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან მიმართებაში ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო კორუფციულ გარიგებაში და დაარღვია ადვოკატის როლის შესახებ გაერო-ს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლი.
„მივმართავ მთავარ პროკურორს, ეფექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. მთავარმა პროკურატურამ გია ხუხაშვილს უნდა დაუსვას ერთადერთი კითხვა, შედიოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციებში კერძო დავების გადაწყვეტაში მონაწილეობა და ადვოკატებთან მოლაპარაკებების წარმოება. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აუცილებლად მივმართავ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვ მონიტორინგის განხორციელებას გამოძიების პროცესზე“, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც მან გია ხუხაშვილის გვარი ახსენა, გაბუნიას დაურეკა პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა და დაემუქრა. ასევე, ადგილი ჰქონდა ადვოკატების - დიმიტრი გაბუნიას, მამუკა ღვინიაშვილის და პაატა სალიასთან შეხვედრის ფარულ ჩაწერას, რის შემდეგაც იგი შეეცადა კლიენტთან ადვოკატის დისკრედიტაციას. მისი თქმით, ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა თავისი თანამდებობა გამოიყენა თავისი საქმიანობისთვის, ხოლო პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის ფუნქციაში არ შედის კერძო დავებში მონაწილეობა.
ბრალდებას პასუხობს თავად გია ხუხაშვილი, როგორც მან განმარტა, 2007-2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიებიდან მინდობილობის საფუძველზე ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა აქტივები თავის კომპანიებზე გადაიტანა და გადარიცხვები განახორციელა. მისივე თქმით, ბადრის გარდაცვალების შემდეგ ადგილი ჰქონდა ამ მინდობილობით სარგებლობას.
რა სტატუსით მონაწილეობდა ამ შეხვედრაში და რატომ მოახდინა შეხვედრის გადაღება? ამ საკითხებზე for.ge ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
თქვენ რა სტატუსით მონაწილეობდით ამ შეხვედრაზე, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი?
- თვითონ ვანო ჩხარტიშვილმა მომმართა თხოვნით, რომ სურდა პატარკაციშვილის ოჯახთან მორიგება და იქნებ მომესმინა მხარეებისთვის. იმ შეხვედრაზე დიმა გაბუნიამ დაადასტურა ვალდებულება გარკვეულ თანხაზე, რომ ვანო ჩხარტიშვილს ჰქონდა რაღაც თანხის ვალდებულება ოჯახის მიმართ, რაზეც ოჯახი თანახმა არ იყო, რადგან მათი მოთხოვნა ბევრად დიდი იყო.
შეგიძლიათ თქვათ, რას ითხოვდა ჩხარტიშვილი?
- მას უნდოდა შერიგება ოჯხათან და მორიგებოდნენ დავებთან დაკავშირებით. მე ეს მთხოვა როგორც გია ხუხაშვილს და არა თანამდებობის პირს. შევეცადე, ეს ყველაფერი რომ არ გასკანდალებულიყო, საერთო ენა გამოეძებნათ. ვიყავი როგორც მედიატორი. ეს ჩანაწერშიც კარგად ჩანს, რომ მე არაფერში არ ჩავრეულვარ, მოვისმინე მხარეების პოზიცია, შევეცადე რაღაცნაირად მორიგებისკენ წასულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. მე ჩემი კომპრომისული ვარიანტი შევსთავაზე ორივე მხარეს და ამით დამთავრდა ეს შეხვედრა.
ზაზა ხატიაშვილი შეყვანილია შეცდომაში. როდესაც ეს მე ვანო ჩხარტიშვილმა მთხოვა, უკვე არსად არ ვმუშაობდი. ეს ხატიაშვილმა არ იცოდა და რაღაცა ისტორია ააგო. მე რომც მქონოდა რაღაცა თანამდებობა, გარდა თანამდებობისა, მე მაქვს ადამიანური ურთიერთობები, ეს არანაირად ჩემს სტატუსს არ ეხებოდა. ხმის აწევა არ ნიშნავს სიმართლეს. ხატიაშვილი კარგად მიცნობს და შეეძლო ჩემთან დაემყარებინა კომუნიკაცია და მიეღო წინასწარ ჩემი განმარტება, მაგრამ ეს არ ისურვა. ეს მისი არჩევანია.
იცოდნენ მათ, რომ ეს შეხვედრა იწერებოდა?
- ოფიციალური ინფორმაცია იწერება თუ არა, ეს არ თანხმდება, თუ არაა კონფიდენციალურის მოთხოვნა მხარეების მხრიდან. ვანო ჩხარტიშვილისგან და იმ ტიპის ადამიანებისგან, როგორიცაა დიმიტრი გაბუნია, პოზიციების ცვლილებას ველოდებოდი. პროტოკოლური ჩანაწერი გაკეთდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოფიციალური შეხვედრების სტენოგრაფირება ხდება. რაც ყველაზე სასაცილოა, ეს ჩანაწერი მე ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაქირავებულ კომპანიას გადავეცი. ამ შეხვედრას 6 ადვოკატი ესწრებოდა და ეს გარჩევა არ ყოფილა. მათგან სამი ვანო ჩხარტიშვილის ოფიციალური წარმომადგენელი იყო, სამი - მეორე მხარის.
შეხვედრის ჩანაწერი რატომ გააკეთეთ?
- ეს არ იყო ფარული ჩანაწერი. ნებისმერ ოფიციალურ შეხვედრაზე დგება პროტოკოლი. ზოგი ამას წერს ხელით და ზოგი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩანაწერი გავაკეთე ორი მიზეზის გამო - ერთი იმიტომ, რომ ეს იყო ოფიციალური შეხვედრა და ვალდებული ვიყავი, რომ პროტოკოლი გამეკეთებინა, თუნდაც იმიტომ, რომ მხარეებისთვის მიმეწოდებინა რაზე საუბრობდნენ და მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ მე ვიცოდი რა ადამიანებთან მქონდა საქმე და ზუსტად იმიტომ, რომ ეს სიბინძურეები არ ეფრქვით, მე მჭირდებოდა გარკვეული დაზღვევა.
მე ეს გამოსაქვეყნებლად და არც რამისთვის გამოსაყენებლად არ ჩამიწერია. ჩავიწერე იმისათვის, რომ მქონოდა გარკვეული დაზღვევა და გამოჩნდა, რომ ეს საჭირო იყო, რადგან რაზეც ისინი დღეს საუბრობენ, ეს ჩანაწერი ყველაფერს აბათილებს. კარგად ჩანს, რომ საერთოდ არ ვერევი, მხარეები აყალიბებენ თავის პოზიციას და მე ვუსმენ და ვცდილობ, რომ მათი პოზიცები დავაახლოვო. მეტი, სხვა ამოცანა მე არ მქონია. ეს ჩანაწერი მათთვის არის პრობლემა ბევრი მიზეზის გამო.
რატომაა პრობლემა? ისინი ამბობენ, რომ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდით და დაარღვიეთ ადვოკატის როლის შესახებ გაერო-ს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლი...
- ეს არის სისულელე, რა გაერო, რის გაერო... აქ მივწერ, იქ მივწერ... ზაზა ხატიაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი და შეცდომაში შეყვანილი. სიტყვებს რომ არახუნებს, ეს არავის არ აინტერესებს რა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თვითონ მათი მხარის მოთხოვნით შედგა ეს შეხვედრა. თვითონ პატარკაციშვილის ოჯახი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა მათთან მოლაპარაკებას და მიდიოდა სამართლებლივი გზით.
ვცდილობდი, რომ ისინი მორიგებულიყვნენ, იმიტომ, რომ თავის დროზე მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სასამართლოებში მიდის დავები, მე შევეცადე, რომ მორიგებით დასრულებულიყო საქმე. არ გამოვიდა და მიდის სამართლებლივი დავა. ის ჩანაწერი რომ არ მქონდეს, კიდევ მეტ ტყუილებს ილაპარაკებს ეს ხალხი. ეს ჩანაწერი არის ჩემი დაზღვევა.
თუ კი თქვენს უდანაშაულობას ადასტურებს ეს ჩანაწერი, მაშინ რატომ არ აქვეყნებთ?
- ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ჩემი მიზანი არ ყოფილა. როგორც უკევე გითხარით, ეს ჩანაწერი გაკეთდა პროტოკოლისთვის. მეტი დანიშნულება არ ჰქონდა ამას. ეს ჩანაწერი მათ წინააღმდეგ მუშაობს და ამ დოკუმენტს აუცილებლად მივაწვდი გამოძიებას, რადგან იმ შეხვედრის შემდეგ, სადაც პოზიციებს აყალიბებდნენ, რადიკალურად შეცვალეს პოზიციები და სულ სხვა რამეს ამბობენ და ვფიქრობ, რომ ჩანაწერი, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.
კიდევ თუ ბევრს ილაპარაკებენ, გამოვაქვეყნებ და საზოგადოებამ იმსჯელოს ამის შემდეგ ზეწოლას ახორციელბდა თუ არა ხუხაშვილი და სინამდვილეში რა ხდებოდა. ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ცრუ ჩვენებებს აძლევს ის მხარე გამოძიებას. ამ ჩანაწერში პოზიცია სულ სხვაა, ხოლო გამოძიებასთან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აყალიბებენ. ამას ჰქვია „გაიჩალიჩეს“.
რას ემსახურებოდა მაშინ მათი ეს განცხადება?
- ვერ გეტყვით. დიმა გაბუნიას ინტელექტუალურ შესაძლებლობის შესახებ არც მანამდე მქონდა დიდი წარმოდგენა. საკუთარი მხარის ინტერესების წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემს ინტერესებში შედიოდა. ხელ-ფეხი გამეხსნა, რომ ამ ისტორიაზე ბევრი ვილაპარაკო. მანამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია, თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს.
მოვიხსენი ადამიანური ვალდებულელები, რომ ეს დამეტოვებინა სამზარეულოს შიგნით. რადგან მათ გამოიტანეს სამზარეულოს გარეთ, მაშინ, კი ბატონო, ბოლომდე ვილაპარაკოთ რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა 2007-2008 წლებში. წარმოუდეგენელი რაღაცა მოხდა და ამის დოკუმენტები არსებობს. ადამიანის მინდობილობის გამოყენებით სხვა ადამიანზე ქონების გადაფორმებას რა ჰქვია, თან გარდაცვლილის, რომელიც ჯერ დასაფლავებულიც არ იყო? ქეი რასაც აკეთებდა ზუსტად იგივე ხდება ამ ისტორიებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ბრალდებაა ის, რომ თქვენ ტელეფონით დაემუქრეთ ადვოკატს...
- ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი. მუქარა არ ყოფილა, მუქარა საერთოდ არ მჩვევია. შემეძლო მეთქვა, რომ საერთოდ არ დამირეკავს-თქო, მაგრამ არ მიყვარს ტყუილი, მე დავურეკე მას. მან მინიშნება გააკეთა, კოლმეურნეობის თავმჯდომარის ენით ილაპარაკა და მისი მხრიდან ეს იყო შანტაჟის მცდელობა, ის ცდილობდა, რომ მე დავეშანტაჟებინე ამ საკითხთან დაკვაშირებით. მე მას დავურეკე და ვუთხარი საყვედური, რომ ეს არ იყო სწორი ტონი. არ ღირან ეს ადამიანები ამდენად, მაგრამ ღირსები არიან მივმართო ცრუ დასმენაზე.
მიმართავთ პროკურატურას?
- ვაპირებ. ცრუ დასმენისთვის სარჩელს შევიტან პროკურატურაში დიმა გაბუნიას წინააღმდეგ. რაზეც იქ იყო საუბარი, რომ მე ვიღაცას დავემუქრე, ეს იყო კლასიკური ცრუ დასმენა. ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, თითქოს, მე წარმოუდგენელი ზეწოლა განვახორციელე ვიღაცაზე.
ბატონო გია, როდესაც ამდები ბრალდება ისმის თქვენს წინააღმდეგ, არ ფიქრობთ, ამას თავისი მიზეზიც აქვს?
- მივმართე ყველას, თუ ადრე ეშინოდათ და ვერ ლაპარაკაობდნენ, რადგან ხელისუფლებაში ვიყავი და შემეძლო რაღაცა პრობლემები შემექმნა, მე დღეს მთლიანად გამიჯნული ვარ ხელისუფლებისგან. ეს ფარული წყაროები რომლებიც კულისებში სისინებენ და ინფორმაციას უყრიან ჟურნალისტებს, ცოტა კაცობა ხომ აქვთ, გამოვიდნენ და თქვან, რა პრეტენზიები აქვთ ჩემთან, მაგრამ არ არსებობს ასეთი რაღაცეები, ეს არის ყველაფერი ტყუილი. ეს არის კამპანია, რომელსაც ჰყავს სპონსორები და რაც გუშინ ხდებოდა, ეს არის ამ აიზბერგის ერთ-ერთი წვერი. ამის უკან კი რეალურად კარგად დაფინასებული თემები დგას, ეს ვიღაცისთვის ბიზნესია, ვისთვისაც მე ვარ პრობლემა. ამის სათავე სადაც მიდის, ზუსტად ვიცი.
სად მიდის?
- არ მინდა ახალ ფაზაში გადავიყვანო ჩემი ინიციატივით ეს ყველაფერი. ველოდები მათ. ღიად ილაპარაკონ, მე მზად ვარ მათთან დავჯდე დებატებში და თქვან რა პრეტენზიები აქვთ. ერთადერთი, რაშიც მე ვმონაწილეობდი, ეს არის გადაზიდვების და რკინისგზის თემა. კაცები არ არიან? კურდღლებივით კულისებში რომ სისინებენ, გამოვიდნენ და თქვან რა პრეტენზიები აქვთ.