დემოგრაფიული პოლიტიკის სწორად წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძე და განაცხადა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დემოგრაფიის ცნება პოლიტიკის დონეზე შეტანილია ყველა სახელმწიფოებრივ დოკუმენტში, მათ შორის კონსტიტუციაში. თამარ ჩიბურდანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ციფრებით მანიპულირების სურვილის გამო, ხდებოდა ისეთი პროცესის იგნორირება, როგორიცაა საყოველთაო აღწერა.
„ეროვნული პოლიტიკის ცვლილება ხდება ქვეყანაში და ამიტომაც, უსაფრთხოების საკითხებშია შეტანილი დემოგრაფიული პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების - უშუალოდ ირაკლი კობახიძის და დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ამ პოლიტიკური გუნდის ინიციატივით დემოგრაფიის საკითხი პოლიტიკის დონეზე შეტანილია ყველა პოლიტიკურ დოკუმენტში, იქნება ეს უშიშროების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულება. კონსტიტუციაშიც კი შეიტანა ირაკლი კობახიძემ ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკაზე.
ახლა გეტყვით თუ რა კეთდება, თუმცა მანამდე გაეროს პროგნოზზე მინდა გავაკეთო კომენტარი, კერძოდ რატომ გაგვიკეთა გაერომ დემოგრაფიული კვლევა. გაეროს ნორმებით, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო ყოველ 9-10 წელიწადში ვალდებულია ჩაატაროს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მას. საქართველოში, სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წელს არ ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რადგან მონაცემები იყო ძალიან ცუდი (როგორც ჩანს გაყალბებისთვის სჭირდებოდათ ეს ციფრები. მოსახლეობა, არ იყო 4,7 მილიონი, როგორც ეს მათ სურდათ), ახლოვდებოდა საპარლამენტო არჩევნები და მათ არ უნდოდათ რეალური მონაცემების ჩვენება, მათ სჭირდებოდათ გაბერილი ციფრები. ამიტომაც, მათ არ ჩაატარეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მაგრამ გაერო ვალდებული იყო 10-წლიანი მონაცემები მოეპოვებინა და ჩაედო იმ მასალაში, რომელსაც ორგანიზაცია ყოველ 10 წელიწადში აქვეყნებს. ამიტომაც, გაეროს მოსახლეობის ფონდმა თავად გააკეთა მოსახლეობის ერთგვარი კვლევა. ეს დასკვნა მათ გაუგზავნეს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და რეკომენდაციის სახით თან დაურთეს, რომ თუკი საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით კატასტროფულად მცირდება - იკლებს შობადობა, იზრდება მიგრაცია (სააკაშვილის პერიოდში პიკში იყო მიგრაცია) და პროცესები ამ დინამიკით გაგრძელდება, 2050 წლისთვის საქართველოს ემუქრება დემოგრაფიული კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 1,7 მილიონით, ანუ 28 %-ით, მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში, ორივე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, ეს ციფრი იზრდება. ჩვენ არ გვწყინს მეზობლების წარმატებები, მაგრამ ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საშიში სტატისტიკა დაუდო გაერომ, სააკაშვილმა არ გაითვალისწინა სპეციალისტებისა და დარგის უხუცესების რეკომენდაციები და პირიქით, თუკი რამ არსებობდა - მრავალშვილიანის სტატუსი, მარტოხელა მშობლის სტატუსი, თუნდაც ერთჯერადი დახმარების გაწევის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტების დონეზე, ყველაფერი გააუქმა," - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძე.