„პატიმრები ბეტონის გალიაში არ უნდა ლპებოდნენ“

„პატიმრები ბეტონის გალიაში არ უნდა ლპებოდნენ“

ჯერ კიდევ 2011 წლის საშობაო ეპისტოლის მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაღალმთიან რეგიონებში მცირე დანაშაულის მქონე პატიმრების ჩასახლების ინიციატივით გამოვიდა. უწმინდესის თქმით, ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და ამ მიზნით აქ მონასტრებს აარსებს. თუმცა აღმოსავლეთ მთიანეთსა და რაჭას დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

სულ ახლახანს პატრიარქის ინიციატივას ბიზნესმენი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ვასაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაახლოებით 14 ათასი პატიმარი გვყავს, რომელთა შორისაც კაცის მკვლელი და მძიმე დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ მცირე პროცენტია. ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ ისინი ბეტონის გალიაში ლპებოდნენ, კარტს თამაშობდნენ და გიჟდებოდნენ, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 10 ათასამდე პატიმარი დავასახლოთ საზღვრისპირა ზონაში. სწორედ ასე დაასახლა ბრიტანეთმა ავსტრალია და რუსეთმა - ციმბირი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული საუკუნის დასაწყისში მთაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 24% ცხოვრობდა, ხოლო ამჟამად ცხოვრობს 4%, რამდენად შესაძლებელია, რომ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პირები ორთაჭალის ციხის ნაცვლად, ამ ზონებში ჩასახლდნენ და საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად მესაქონლეობით დასაქმდნენ?! შეაჩერებს კი ეს პროექტი მცოცავ აგრესიას?

ექსპერტი დემოგრაფიულ საკითხებში ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით აუცილებელია, მათ ათვისებაზე ვიზრუნოთ. ამიტომ აქ უნდა ჩავასახლოთ ის კონტინგენტი, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. მათ შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ, თუ ისინი რთულ რელიეფურ პირობებში იცხოვრებენ, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აქ ცხოვრება სასჯელის მოხდად ჩაეთვლებათ. უფრო მეტიც, თუკი ისინი მოისურვებენ სასაზღვრო ზოლში დარჩენას, მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

ექსპერტი არ მალავს, რომ საკითხი საკმაოდ რთულია. ამიტომ საჭიროა, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ, რადგან, როგორც კი დაცარიელებულ სოფლებში ვიღაცის ჩასახლება მოხდება, შეიძლება, მკვიდრმა მოსახლეობამ, რომლებმაც ბევრად ადრე დატოვეს თავიანთი სოფლები, პრეტენზია გამოთქვან. ამიტომ საჭიროა მათთან მოლაპარაკება და, თუ იქიდან წამოსულები ან მათი შთამომავლები უკან დაბრუნებას მოისურვებენ, პირველ რიგში, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ. ხოლო, თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ მათ ტერიტორიაზე მიზანშეწონილია პატიმრების ჩასახლება.

„როგორც წესი, ჩვენს სოფლებში ცხოვრობდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები. ტრადიციულად, თითოეულ სოფელში განმსაზღვრელი იყო გვარები და დღესაც ისინი ძალიან კონსერვატიულად არიან განწყობილნი, როდესაც მათ ტერიტორიაზე სხვები სახლდებიან. ამიტომ, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, მიტოვებული სოფლების აღორძინებას ხელი შეუწყოს და, თუ ეს ადამიანები კიდევ ცოცხლები არიან, ჯერ მათ უნდა შესთავაზონ უკან დაბრუნება. თანაც, ეს სახელმწიფოს მხრიდან ლიტონი სიტყვები არ უნდა იყოს და მათ გარკვეული პირობები უნდა შეუქმნან - იქნება ეს სახლის აშენება, გზის გაყვანა თუ კომუნიკაციების ადგილზე მიყვანა. თუ პრობლემა გადაწყდება, მაშინ ისინი დაბრუნდებიან, ხოლო, თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილი იქნება, თავისი ნებისამებრ, ჩაასახლოს ის კონტინგენტი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს“, - აღნიშნა ანზორ სახვაძემ.

ამასთან, გაიხსენა, რომ საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა ჩასახლების ტიპის დასახლებები და, ცალკეულ შემთხვევაში, პირდაპირ ციხეში კი არ სვამდნენ მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანებს, არამედ ძნელად ასათვისებელ რაიონებში ასახლებდნენ. სხვათა შორის, ჯანდარის მიდამოებშიც იყო ამგვარი ჩასახლების რეგიონები. ასევე, მეფის რუსეთის იმპერიიდან შორეულ საქართველოში ასახლებდნენ ძველ რევოლუციონრებს, დეკაბრისტებს. ამდენად, კარგი იქნება, თუ ასეთი მიღებული პრაქტიკა ჩვენთანაც დაინერგება.

ექსპერტი განმარტავს, რომ, თუ სახელმწიფო დაჰპირდება ადამიანს სასაზღვრო ზოლში საცხოვრებელი პირობების შექმნას, უნდა შეუსრულოს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მეტ გაწბილებას გამოიწვევს და ამ მშვენიერი იდეის - ქართული სოფლის აღორძინების კომპრომეტირება მოხდება, რომელშიც დემოგრაფიის განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი იმალება.

მისი თქმით, წმინდა ადგილი თავისუფალი არასდროს რჩება და საქართველოს ტერიტორია ყოველთვის მიმზიდველი იყო ყველა ჯურის ადამიანისთვის. რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებს, იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, მეზობელი რაიონებიდან მოხდეს მოსახლეობის გადმოდინება. თავდაპირველად, ეს ერთეული შემთხვევებით დაფიქსირდება, შემდეგ კი - მასობრივ ხასიათს მიიღებს.

„21-ე საუკუნეში ადამიანს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რომ სოფელში მანქანით მივიდეს, წყალი დალიოს და შუქი აანთოს, ტელეფონი უნდა იჭერდეს. ელემენტარული პირობები თუ შეიქმნება, ბევრი გამოთქვამს სოფლად დაბრუნების სურვილს. როგორც წესი, პატიმრები ყოფითი პრობლემის გამო სჩადიან დანაშაულს. თუკი სახელმწიფო მათ შესთავაზებს სახლების აშენებას, მეურნეობისთვის საწყისი პირობების შექმნას, რამდენიმე სულ ძროხას გადასცემს, ეს მათ ოჯახის გამოკვებაში დაეხმარება და აღარ დაადგებიან მცდარ გზას“, - აცხადებს დემოგრაფი.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დემურ გიორხელიძის თქმით, თავის დროზე „ქართული ოცნების“ განვითარების კონცეფცია მთის ხელახალ კოლონიზაციას და, განსაკუთრებით, სასაზღვრო ზოლის დასახლებას ითვალისწინებდა.

მისი თქმით, მსუბუქი დანაშაულებისთვის დასჯილი ადამიანები ციხეში მართლაც არ უნდა ისხდნენ და ეს ინიციატივაც აღნიშნული კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, მთლიანობაში, ეს პრობლემას ვერ მოხსნის.

„ისტორიულად, სასაზღვრო ზოლში ჩვენი მოსახლეობის დასახლებას ხელს უწყობდნენ ქართველი მეფეები. ამ ადგილებში მცხოვრები ადამიანები იყვნენ თავიანთი ქვეყნის გუშაგები. თუმცა ჩვენ მივატოვეთ ეს ყველაფერი და ახლა გვიკვირს, რომ მცოცავი ანექსია ხორციელდება. ცხადია, პატიმრების ჩასახლება აუცილებელი ღონისძიებაა, მაგრამ მთავრობას მართებს გაცილებით ფართო კონტექსტში დაინახოს პრობლემა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით, ადამიანების მიზანმიმართული ჩასახლებითა და ხელშეწყობით, სახლების აგებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გამოსყიდვის უფლებით, ადამიანებს შევუქმნიდით პირობებს, რომ ეწარმოებინათ მეურნეობა და ყოფილიყვნენ თავიანთი ქვეყნის დამცველები. ამიტომ მთავრობამ ფართოდ უნდა განახორციელოს სასაზღვრო ზოლის ხელახალი კოლონიზაცია და იქ დასახლებულებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები შექმნას“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ For.ge-სთან საუბარში.

მისივე მოსაზრებით, ამას მარტო დეკლარაცია არ ყოფნის და ფინანსური ინვესტიციები სჭირდება. ადამიანები როცა დაინახავენ, რომ თბილისში უმუშევრად და გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას საკუთარ სახლში გამართულად ცხოვრება სჯობს, ცხადია, გადაწყვეტილებას მიიღებენ. თორემ, ისე, ძნელია, ადამიანი აიძულო, წავიდეს იქ, სადაც არაფერი არ არის და არსებობა შეუძლებელია.

„ინტერესები ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. პატიმრების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. კარგი იქნება, თუ ისინი ჩასახლდებიან, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანი უნდა დაუბრუნდეს სოფლებს, სანამ მთელი საზღვარი ჩვენ არ მოგვტრიალებია და კიდევ უფრო დიდი მასშტაბის განუკითხაობა არ განხორციელებულა, თანაც, არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მიერ“, - აცხადებს ექსპერტი.