აშშ-ს პასუხი ბუნებრივია - ამერიკელებს ბრძოლა ჩვენმა მთავრობამ დაუწყო! მათ შორის NGO-ებთან ბრძოლა ამერიკული ფულით დაფინანსებულ NGO-ებთან ბრძოლაა და "აგენტების შესახებ" კანონით არა რუსებს, არამედ ამერიკელებს ებრძვიან, - ასეთია "გირჩის" დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის პოზიცია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამხედრო სწავლების " ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი ვადით გადადებას უკავშირდება.
რაქვიაშვილის თქმით, აშშ-მ საპასუხო ზომები მიიღო და ეს უშუალოდ "ქართულ ოცნებას" ეხება.
"მომხდარის გამომწვევი მიზეზი "აგენტების შესახებ" კანონის მიღებაა, რაზეც პასუხისმგებლობა ვისაც გინდათ დააკისრეთ - დეპუტატებით დაწყებული ივანიშვილით დამთავრებული.
როდესაც "აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, მასში იყო ზოგადი გაფრთხილებები და შეფასებები, გარდა ერთი თემისა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა.
ეს თემა ცალკე იყო გამოყოფილი, როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ენერგია დავხარჯეთ, ასეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ასე ვეხმარებოდით და ამის გამო მაინც გაჩერდითო. ამიტომ ცხადი იყო, რომ "აგენტების შესახებ" კანონის მიღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზეც ნეგატიურად აისახებოდა.
გასაგებია, რომ დავზიანდით, მაგრამ არაფრის დრამატიზება არ უნდა გავაკეთოთ. 26 ოქტომბერს არჩევნები გვაქვს, დარჩა ოთხი თვე, ამ ოთხ თვეს რამენაირად გავუძლებთ და თუ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, წვრთნებიც მეტი გვექნება, იარაღიც მეტი გვექნება და ზოგადად, დასავლეთთან სულ სხვა ურთიერთობა გვექნება", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.