როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ურყევ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები, რომ „ფრანკლინის კლუბი“ ოპოზიციის საქმეს აკეთებს, ისეთი წამოცდენებით და აღიარებებით დასტურდება, როგორიც ამ შემთხვევაში ორგანიზაციის თანადამფუძნებლის განმარტებები იყო.
„ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებები, დატრენინგებული ადამიანები პირდაპირ ოპოზიციის და გარე დავალებებით [ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს] მოქმედებენ, ამას ძალიან ცუდი და აგრესიული რეაქციით ხვდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლები. მაგრამ ყველა ჯერზე ეს დასტურდება არა მხოლოდ ფაქტებით, რომელიც ჩვენს მხარეს არის ყოველთვის რატომღაც, არამედ თავიანთი წამოცდენებით და აღიარებით ხოლმე. როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ფაქტებით დადასტურებაზე, ზემოდან ურყევ, უტუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის, ეს საბოლოოდ დადასტურდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ცნობილია, „ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ „ფრანკლინის კლუბმა“ მაქსიმალური გააკეთა, რაც შეეძლო და ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია.