„პეტრე პირველიდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, რუსეთს არავისთვის გაუკეთებია საჩუქარი“

„პეტრე პირველიდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, რუსეთს არავისთვის გაუკეთებია საჩუქარი“

„ლომბარდში ჩაბარებული უკრაინა“, - ასე შეფასდა იანუკოვიჩისა და პუტინის შეხვედრა. ევრომაიდანზე შეკრებილმა მრავალათასიანმა მომიტინგეებმა იანუკოვიჩის გადადგომა მოითხოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა ხალხის ზურგს უკან კაბალური შეთანხმება დადო რუსეთთან და მრავალმილიარდიანი სესხის სანაცვლოდ, კრემლს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი ხელში ჩაუგდო.

ამის საპასუხოდ, უკრაინის პრემიერი -  ნიკოლაი აზაროვი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმებამ უკრაინა გაკოტრებისა და სოციალური კოლაფსისგან იხსნა.

„რა ელოდა უკრაინას? პასუხი თვალსაჩინოა: გაკოტრება და სოციალური კოლაფსი. აი, ასეთი საახალწლო საჩუქარი ელოდა უკრაინელ ხალხს”, - განაცხადა აზაროვმა.

საბოლოოდ მოსკოვი და კიევი რუსული გაზის ფასის უკრაინისთვის შემცირებაზე, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის ევროობლიგაციების 15 მილიარდ დოლარად შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

თავად რუსი პოლიტოლოგები რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას საეჭვოდ უყურებენ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის დოცენტი პაველ კანევსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მან ევროკავშირთან ასოცირებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისგან უკრაინა 20 მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. კიევი აშკარად ეძებდა, თუ ვინ გადაიხდიდა თანხას და ასეთი „დამხმარე“ რუსეთი აღმოჩნდა.

თუმცა უკვე კეთდება შეფასება, რომ ევროკავშირის პასიურობის ფონზე იმარჯვა რუსეთმა და ეს დახმარება შეიძლება აღმოჩნდეს დანაელების ძღვენი, იგივე ტროას ცხენი უკრაინისთვის. ამდენად, საინტერესოა, რუსეთის დახმარება იქნება კი იმ აქციების საპირწონე, რაც ევრომაიდანზე ხდება? დათანხმდება კი ამას უკრაინელი ხალხი?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთმა მთელი თავისი შესაძლებლობა გამოიყენა, რადგან დღეს უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური დახმარების მასშტაბებს.

„იცით, რაშია განსხვავება საქართველოსა და უკრაინას შორის? როდესაც ევროკავშირმა ოთხნახევარი მილიარდი დოლარი გამოყო, მაშინ საქართველო თითქმის კომუნიზმში აღმოჩნდა და კრიზისი იოლად დაძლია, მაგრამ უკრაინისთვის 4 თუ 5 მილიარდი დოლარი არაფერი არ არის. თანაც, თვითონ რუსეთსაც არ აქვს დღეს მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა, რომ ძალიან ხელგაშლილი იყოს. ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ხარჯავს რუსეთი ამ ფულს და იძენს უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ობლიგაციებს. ეს ძალზე დიდი თანხაა. სიმართლე გითხრათ, რუსეთის დუმის წევრებიდან ბევრი არ არის ამით აღფრთოვანებული.

სულ ახლახანს ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენლის, დუმის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კომენტარი გაკეთდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ თვითონ გვიჭირს და ამ დროს უკრაინას ვეხმარებით, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური მხარეც და ეს პოლიტიკური აუცილებლობით არის გამოწვეულიო. ათასი კუბური მეტრ გაზის 268 დოლარამდე გაიაფება, მაშინ, როდესაც 400 დოლარს იხდიდნენ უკრაინელები, პრაქტიკულად, ეს თანხის განახევრებაა. მარტო მომავალ წელს უკრაინას ეს მისცემს 7 მილიარდი დოლარის შეღავათს, რაც პატარა თანხა არ არის, ეს თანხა დაემატება იმ 15 მილიარდს და, მთლიანობაში, 20 მილიარდზე მეტს ღებულობს უკრაინა,“ - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთი დათმობაზე წავიდა და მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულებების დროს საერთოდ არ იყო ნახსენები უკრაინის გაწევრიანება საბაჟო კავშირში. თუმცა პოლიტოლოგი თვლის, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა. უფრო მეტიც, ხვალ თუ არა ზეგ უკრაინას ვიხილავთ საბაჟო კავშირში.

სოსო ცინცაძეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინასთან მიმართებით თვითონ ევროჩინოვნიკებიც ვერ ჩამოყალიბებულან. მეტიც, მათთვისაც მოულოდნელი იყო პუტინის ასეთი „კეთილშობილება“. როგორც წესი, უანგარო დახმარებები რუსეთის სტილი არ არის. საახალწლო „საჩუქრის“ პრეცედენტი რუსეთის ისტორიაში არ ყოფილა, დაწყებული პეტრედან, დამთავრებული პუტინით, რუსეთს არავისთვის გაუკეთებია საჩუქარი. პოლიტოლოგის აზრით, სანტა კლაუსი რუსეთში არ ცხოვრობს და რუსეთში არც გაუვლია.

რაც შეეხება დასავლეთს, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ თუნდაც იმავე ევროკომისარ შტეფან ფულეს გუშინდელი, გუშინწინდელი, დღევანდელი განცხადებები უკვე რაღაც ვინიგრეტია, იგი ხან ერთს ამბობს, ხანაც - მეორეს. ხან ამბობს, რომ უკრაინამ სამუდამოდ გადაიკეტა გზა, მერე უცებ ამბობს, რომ არა, კარი თურმე ღიაა და უკრაინა მაინც მივა ევროპასთან. უფრო მეტიც, ამერიკის კონგრესი გარკვეულ სანქციებზე ალაპარაკდა რუსეთის წინააღმდეგ, თანაც, ეს სანქციები გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე 2008 წლის სანქციები, რომელიც ამერიკის კონგრესმა რუსეთს საქართველოში აგრესიის გამო დაუწესა.

„აქ უკვე ჩანს, რა წონით კატეგორიებში განიხილავს დასავლეთი საქართველოსა და უკრაინას. ესეც ჩვენთვის გაკვეთილია. თვით იანუკოვიჩიც კი, როცა ხელს აწერდა რუსეთთან შეთანხმებას, ზრდილობისთვის იღიმებოდა, თუმცა სიმწრის ოფლს ასხამდა. მან იცოდა, რაზეც აწერდა ხელს. ამიტომ ვერსია, თითქოს, იანუკოვიჩი შეძლებდა, ჭკუით მოეტყუებინა პუტინი, ეს იყო ბავშვური ილუზია. საერთოდ, ძალიან ბევრი გაკვეთილები მივიღეთ უკანასკნელ დღეებში. მიკვირს, უბრალოდ, როდესაც ქვეყანა ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ამ დროს საუბარია იმაზე, რომელიღაც პატიმარი თავზე ჩამოფხატებული ჩუმად გაიყვანეს თუ გამოიყვანეს. ამაზე მკითხაობს მთელი ჩვენი საკანონმდებლო ორგანო, მაშინ, როდესაც საქართველოსთვის ათჯერ და ასჯერ მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩვენს მეზობელ უკრაინაში. ის, რომ ლავროვმა თურმე თქვა, რომ სავიზო რეჟიმს არ გაამარტივებს, რა დროს სავიზო რეჟიმია, როცა სერიოზული გამოწვევები გველის,“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის დასკვნით, იანუკოვიჩ-პუტინის შეთანხმების შედეგი ევრომაიდანზეც აისახა. თუ ორი კვირის წინ 200, 300, 400 ათასი ადამიანი იკრიბებოდა მაიდანზე, მათი რიცხვი უკვე 18 ათასამდე დავიდა. ასე რომ, რუსეთზე აღარ მოქმედებს უკვე არც მაკ-კეინის აღშფოთება, აღარც ეშტონის შეშფოთება და აღარც ევროპარლამენტარების შეწუხება.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ხელისუფალთა შეთანხმების მიუხედავად, ევრომაიდანზე აქციები არ შეჩერებულა. პირიქით, უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ ხალხს ლიდერები. ამ ფონზე კი რუსეთის მხრიდან ასეთი თანხების გაღება ნიშნავს, რომ პუტინისთვის პრიორიტეტულია უკრაინა, მაშინ, როცა თვითონ ბევრი რუსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი სახის დახმარების გაღება საკმაოდ სარისკოა თვითონ რუსეთის ეკონომიკისთვის. თუმცა აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა უფრო მნიშვნელოვანი.

„შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში რუსეთის დახმარებამ პრობლემა დროებით მოხსნას და ამ თანხებმა უკარაინის მდგომარეობა გააუმჯობესოს. თუ უკრაინა ვერსაიდან მიიღებდა ფინანსურ ინექციას, მაშინ ნახევარ წელიწადში მოხდებოდა მისი ფინანსური სისტემის კოლაფსი, ქვეყანა აღმოჩნდებოდა ბანკროტი და აღარ ექნებოდა საშუალება, გაესტუმრებინა თავისი საგარეო ვალები, შეეჩერებინა ვალუტის ვარდნა. მაგრამ ეს მოდის უკრაინის გრძელვადიანი პრობლემებისგან, რომლის გამოც ის აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ბაზართან ინტეგრირება და ევროპასთან ურთიერთობა უკრაინისთვის ბევრად მნიშვნელოვანია. თანაც, ევროკავშირიც ჰპირდებოდა მას დახმარებას იმაში, რომ იმავე სახის 15-მილიარდიან დახმარებას სავალუტო ფონდიდან გამოუყოფდა. მთლიანობაში, უკრაინის კონსოლიდაცია და ევროპეიზაცია ქვეყანას სწორი ეკონომიკური განვითარების გზაზე დააყენებდა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა ჩვენთან საუბარში.

მისი აზრით, უკრაინაში სიტუაციის დაწყნარება უკვე შეუძლებელია და უკრაინაში არასტაბილური სიტუაცია იქნება მანამ, სანამ იანუკოვიჩი ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უბრალოდ, ახლა ზამთარია და ადამიანები იმ ნაკადით ვეღარ ივლიან მიტინგებზე. ამან შეიძლება, დროებით შეამციროს საპროტესტო მუხტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს, რომ ევროპული ინტეგრაციის კურსზე ხელი აიღოს მისმა მთავრობამ.

რაც შეეხება რუსეთს, იგი თანხებს არ დაკარგავს, რადგან უკრაინა მას სესხს დაუბრუნებს. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ უკრაინა ხელს მოაწერს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. პრაქტიკულად, ეს უკრაინაში რევოლუცია გამოიწვევს, მაგრამ რუსეთი ცდილობს და ახერხებს, დროებით მაინც შეაფერხოს უკრაინის დასავლურ ბაზრებზე ინტეგრირება. ეს არის გარანტია და სტიმული, რომ უკრაინელმა მეწარმეებმა ორიენტაცია აიღონ დასავლეთის ბაზრებზე და, ასევე, ევროპელმა მეწარმეებმა მეტი დაინტერესება გამოავლინონ უკრაინის ბაზრის მიმართ.