რუსეთს ექნება მძიმე ეკონომიკური პერიოდი, რადგან საომარი მოქმედება და სანქციები აუცილებლად დაარტყამს მის მდგომარეობას, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
"ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელი რუსეთის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მძიმე, რადგან ეს ომი და სანქციები ადრე თუ გვიან დაარტყამს რუსეთს. ამიტომ რუსეთს თავად ეჩქარება ამ ომის დასრულება, რადგან შესაძლებლობა აქვს მისთვის აღმავალ ფაზაში, მის სასარგებლოდ დაასრულოს. ევროპასა და აშშ–ში ეს აზრი მწიფდება, რადგან ხედავენ, რომ არარეალურია ფორმულა - „ომი საბოლოო გამარჯვებამდე“ და შეუძლებელია ფიქრი იმაზე, რომ უკრაინა საბოლოოდ დაამარცხებს რუსეთს. მიუხედავად უპრეცედენტო დახმარებისა, ამ ფორმულამ არ გაამართლა.
რუსეთ– უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ეს კონტურები ახლავე იკვეთება და მწიფდება ეს ტენდენცია. დღეს საუბარია, რომ ცეცხლი შეწყდეს. კრემლის ინტერესშიცაა, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს, ეს აშკარად ჩანს, რადგან მათ აქვთ უპირატესობა და ისეთ ნოტაზე არიან, რომ მათ აწყობთ ომის დასრულება. ამას გააფორმებენ თავიანთ გამარჯვებად", - აღნიშნა ბათიაშვილმა.