ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია - 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ - 132-152 ადგილს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.
საფრანგეთში 30 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველი ადგილი ხმათა 33.15% ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ დაიკავა. მეორე ადგილზე მემარცხენე ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, რომელმაც ხმათა 27.99% მიიღო. პრეზიდენტ მაკრონის კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ კი მხოლოდ ხმათა 20.04%-ს დასჯერდა.
საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაკრონმა 9 ივნისს მისი მომხრეების ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის ფონზე საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.