ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე რადიკალების მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა დაბულინგების მცდელობის ფაქტებს გამოეხმაურა.
„რადიკალები და მათი მიმდევრები საფეხბურთო მოედანზეც შეიჭრნენ - მათთვის არ არსებობს ადგილი, რომელსაც წმინდად დატოვებენ. ჯერ იყო პრეზიდენტი და დემოტივაციისთვის ღირსების ორდენებით თამაში, შემდეგ - მადლობისა და მადლიერებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შეტევა.
მათი მცდელობაა, გაანადგურონ ყველაფერი, რაც საქართველოს წარმატებასა და ბედნიერებას უკავშირდება - არ სურთ, რომ ერი იყოს ბედნიერი. სხვა შეფასება უბრალოდ შეუძლებელია იმ პოლიტიკური შტურმის, რომლის მცდელობაც მცდელობადვე დარჩა და რადიკალებმა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია მყარად გაინულეს, რომელიც ისედაც ნულის ტოლი იყო.
რატომ უნდა დაიმალოს ის, რომ სპორტის ყველა სახეობას, მათ შორის, ფეხბურთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ საფეხბურთო სტადიონების ადგილას კორპუსები ააშენა, ფეხბურთელებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ ან სჯიდნენ და დევნიდნენ - ამ თემას მეტს აღარ განვავრცობ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცით.
რატომ უნდა დაიმალოს ის, რომ რომ არა ფონდი „ქართუ“ „ბორჯღალოსნები“ ვერ მიაღწევდნენ იმ დონის წარმატებას, რომელიც ყველას გვეამაყება და დღეს თამამად ვამბობთ - რაგბი ჩვენი თამაშია. 200 მილიონზე ბევრად მეტი სპორტის ამ სახეობის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაიღო ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა.
რატომ არ უნდა გაესვას ხაზი იმას, თუ ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი - ქველმოქმედი ადამიანი აჯილდოებს ეროვნულ ნაკლებს 30 მილიონით?!
მადლიერების გამოხატვა ქართველი ხალხის სახელით და ქველმოქმედების ფარგლებში, ვფიქრობ, სხვასაც შეუძლია, მაგრამ ამას არასოდეს გააკეთებს, აზრადაც კი არ მოუვა და არც მოსვლია - არც ერთ მათგანს, ვისაც ამის რესურსი აქვს. ურჩევნია, ეს თანხა პირად კეთილდღეობას, ქვეყნის მტრობას, შეკვეთილ ე.წ. სკანდალურ რეპორტაჟებს, ლობიზმსა და სუბიექტურ სტატიებს მოახმაროს, რომელიც საქართველოს იმიჯის დაზიანების მცდელობისთვის გამოიყენება, ან მეორე ფრონტის გასააქტიურებლად შეაშველებს ვინმეს მილიონებს, ვინც მშვიდობის წართმევაში შეიტანს თავის წვლილს.
მგონი, იმ ადამიანების სახელების ჩამოთვლაც არ ღირს, ვინც იკადრა და ჩვენი საამაყო ბიჭების დამცირება და დაკნინება სცადა - მადლიერებისთვის და მადლობისთვის. ვინც არ იცით, არ მოგესმათ - მადლიერებისთვის და მამობისთვის თავს დაესხნენ გამარჯვების ბიჭებს.
საყოველთაო სიხარულის პოლიტიზების უნიჭო მცდელობებს ჰქონდა და აქვს ადგილი. ქველმოქმედება რადიკალების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მათი პოლიტიკაა ძალადობა, ჩაგვრა, წართმევა და შანტაჟი.
გაცემა კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ ენანებათ - ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა.