ნაციონალების ვიზიტი პროკურატურაში გრძელდება

ნაციონალების ვიზიტი პროკურატურაში გრძელდება

საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, პარლამენტის წევრები გიორგი ღვინიაშვილი და კახა ბუცხრიკიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. საქმე ეხება ღვინიაშვილის თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ სანდრო გირვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

რაც შეეხება ბუცხრიკიძეს, - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს.

დაკითხვამე რამდენიმე საათით ადრე გიორგი ღვინიაშვილმა for.ge-ს კითხვებს უპასუხა.

აპირებთ პროკურატურაში გამოცხადებას?

გიორგი ღვინიაშვილი: აუცილებლად მივალ და მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი. უწყებაში არ წერია, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებმა სიტყვიერად განმარტეს, რომ საქმე ეხება გირგვლიანის საქმეს. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ახალი შეტევის ტალღის ნაწილი.

ნამდვილად არ მჯერა ამ პროკურატურის მიერ ნაწარმოები გამოძიების, მაგრამ ვინაიდან გირგვლიანის საქმე საზოგადოებისთვის ძალიან მაღალ ინტერესს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მე გამაჩნია იმუნიტეტი და შემიძლია არ გამოვცხადდე პროკურატურაში, გამონაკლისის სახით აუცილებლად გამოვცხადდები პროკურატურაში, რათა ხელისუფლებას ამ თემაზე სპეკულაციის საშუალება არ დავუტოვო.

ყველასთვის ნათელია რაც ხდება. ეს არის ზუსტად პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა და მათი ოცნება და მიზანია, რომ გააქრონ და გაანადგურონ მათი პოლიტიკური ოპონენტები. ე.წ. კოაბიტაციის დასრულება ნიშნავდა პოლიტიკურ ოპონენტებზე ახალი ზეწოლის გაჩაღებას.

თქვენ მაშინ იყავით ქალაქის პროკურორი, თქვენ, როგორც პროკურორმა, ყველა კითხვას გაეცით პასუხი ამ საქმეში?

- ჩემი პროკურორობის დროს, მე რაც მეხებოდა იმ საქმეში ყველა კითხვას გავეცი პასუხი და რა კითხვები აქვს ახლა პროკურატურას ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან პროკურატურა არალოგიკურია. ნახეთ რამდენ პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს ამართლებს სასამართლო.

ალბათ, ღიად დაგანაშაულებენ იმაში, რომ ამ საქმეში თქვენ როგორც პროკურორმა ხელი დააფარეთ კუდ -ის მაღალჩინოსნების ბრალეულობის საკითხს...

- ეს სისხლის სამართლის საქმე არ გამქრალა, დღესაც დევს და თუ იქ სადმე ჩანს, რომ მე ვინმეს ხელი დავაფარე, ამას უნდა დამტკიცება და მზად ვარ პასუხი ვაგო ყველაფერზე.

თუ კი ყველაფერს გაეცით პასუხი, მაშინ რატომ არ აღიძრა ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე კუდ-ის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მხედველობაში მაქვს დათა ახალაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და სუფრის წევრები?

- ეს ჩემი დაკითხვა გამოდის, მაგრამ გიპასუხებთ, დათა ახალაია რომ დასჯილიყო ამ საქმეზე, მე საქმეში უნდა მქონოდა დათა ახალაიაზე დასჯის მტკიცებულება. მე ვიყავი პროკურორი და თუ მე მტკიცებულება არ მექნებოდა ვერავის ვერ დავსჯიდი. თუ იმ საქმეში იპოვით დათა ახალაიას დასასჯელ მტკიცებულებებს, მე მზად ვარ პასუხი ვაგო. გარდა იმ პირებისა, რომლებიც იქნენ პასუხისგებაში მიცემული, სხვა პირებზე მტკიცებულება არ მქონდა.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი თქვენთვის ცნობილია ამ საქმეზე? განაჩენში პირდაპირ წერია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს ამ მაღალჩინოსნება და საქმის გამოძიებას ხელს აფარებდა ქვეყნის პრეზიდენტი და შს მინისტრი, რომლის მეუღლეც ასევე ფიგურირებდა ამ სკანდალურ სამქეში...

- ვინ რას ამბობს არ ვიცი. საბოლოოდ ყველაფერზე პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ. აქ ერთი რამ არის ნათელი, მიმდინარეობს გაჩაღებული პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ამას ყველა ხედავს.

ბატონო გიორგი სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გკითხეთ...

- ყველაფერს პასუხს გასცემს სასამართლო, მაგრამ ეს არის იმ მუქარის გაგრძლება, რაც უთხრა მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილს - თუ არ ითანამშრომლებ ჩვენთან, შენს მეგობრებს, ნათესავებს მოგისვამ გვერდზეო. დიახ, ეს არის ზეწოლა და ამას ემსახურება ჩვენი დაკითხვაც.

თქვენ იყავით დაბარებული დაკითხვაზე, მაგრამ მაშინ არ მიხვედით პროკურატურაში. ახლა რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება?

- მე არ მითქვამს, რომ არ მივიდოდი. სამუშაო რეჟიმი ისეთი იყო, რომ შევთავაზე მოსულიყვნენ პარლამენტში და მზად ვიყავი ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. მათ ეს არ ისურვეს. თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება გირგვლიანის საქმეს და ამ საქმეზე საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მივალ პროკურატურაში და მივცემ ჩვენებას.