ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ მორიგ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ოპოზიცია საყოველთაო სიძულვილის კამპანიას ატარებს, არავის გაუკვირდება, რომ მათ არც ფეხბურთელები დაინდონ. ამ დაუნდობლობას დეპუტატი იმით ხსნის, რომ ეს ოპონენტების პოლიტიკური ანატომიაა და მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ.
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში წაგებას უწინასწარმეტყველებს და განმარტავს, რომ ამაზე მიუთითებს ის გარემოება, თუ როგორ მანიპულირებს ის ფეხბურთელების თემით. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ფაქტობრივად წაგებული არჩევნები, 26 ოქტომბერს იურიდიულად გაფორმდება.
„ოპოზიციის პოლიტიკური ანატომიაა ასეთი - ისინი ერთმანეთს ჭამენ. რომელ ფეხბურთელებზე და კულტურის მუშაკებზე ვსაუბრობთ? ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და არ ინდობენ არავის თუ მას ბელადისგან და დასავლეთისგან განსხვავებული აზრი აქვს. რა თქმა უნდა, ისინი არც ფეხბურთელებს, არც კულტურის მუშაკებს და არც არავის დაინდობენ და ეს ფაქტია.
დღეს ოპოზიციაში ის შეძლეს, რომ ჩაშალეს დავალება ფეხბურთელებისთვის არ დაერტყათ ლიდერებს და ფრთხილად ჩაუარეს ამ თემას. თავად ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ გინდა ჩამოეკიდო ფეხბურთელებს და მათ წარმატებას, უკვე ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არჩევნები წაგებული გაქვს. ერთია, მათ არ უნდათ ეს დე-ფაქტო წაგება 26 ოქტომბერს დე-იურედ გაფორმდეს. ამას ცდილობენ ახლა და არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია; იმაზე, ლგბტ დროშით დავდივართ თუ ეროვნულით; გვინდა სუვერენიტეტი თუ დამოკიდებულება და ომი გვსურს თუ მშვიდობა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.