„რა დავალებასაც მიიღებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავისი უცხოელი უფროსებისგან, სამწუხაროდ, ისინი ვალდებულები არიან, რომ ამ დავალებებს მიჰყვნენ და ეს დავალებები შეასრულონ",-ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკასთან" გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია ივლისის შუა რიცხვებში აანონსებს საკუთარი ხედვის წარმოდგენას, თუ ვინ, რა კონფიგურაციით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მაჭავარიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ.
„ისინი ამბობენ, რომ 8 ივლისს ან ივლისის შუა რიცხვებისთვის უკვე წარმოგვიდგენენ თავიანთ ხედვას, თავიანთ გეგმას ვინ ვისთან ერთიანდება. პროგნოზირება ცოტა რთულია, მოდი დაველოდოთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს სამწუხაროდ, თვითონ ვერ იღებენ. რა დავალებებიც მოდის მათი უცხოელი უფროსებისგან, ის დავალებები უნდა შეასრულონ. იქ ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე მერამდენედ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მოგვევლინა ფაქტობრივად ლიდერად, რომელიც უნდა იყოს ზე პარტიული მოგეხსენებათ. ქარტია წარმოადგინა, რომელიც მეც ბოლომდე ვერ გავიგე, ოპოზიციონერებმაც ვერ გაიგეს. რაღაც რიგგარეშე არჩევნები, დროებითი მთავრობა, იქ ერთიან სიაზეც არის საუბარი. თქვენ ალბათ, დააკვირდებოდით გადაჯგუფებების რაღაც მცდელობებს, იგივე გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან გაშვებულ მესიჯს „ლელოსკენ". თუ ისინი დავალებებს უცხოეთიდან არ იღებენ, მაშინ შეგნებული ადამიანი და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ რაშია საქმე?! ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ლანძღავდა „ლელო“, ბატონი გიორგი გახარია და ბატონო მამუკა ხაზარაძე წლების განმავლობაში როგორი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. მათი გაერთიანება როგორ უნდა იყოს იმის შედეგი, რომ ისინი რაღაც შიდა გადაწყვეტილებებს იღებენ და მაგას ეფუძნება ეს ყველაფერი. რა დავალებასაც ისინი მიიღებენ, როგორც დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავისი უცხოელი უფროსებისგან, სამწუხაროდ, ისინი ვალდებულები არიან, რომ ამ დავალებებს მიჰყვნენ და ეს დავალებები შეასრულონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Მისივე თქმით, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი არჩევნებზე ოპოზიცია, ისინი მაინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.