ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ოპოზიციის დღის წესრიგი მთლიანად რადიკალიზმზეა დაფუძნებული,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ არჩევნები ჩაივლის ელექტრონულად და ამის შემდგომ, ხმების გადათვლა ხელით მოხდება იმისათვის, რომ ოპოზიციას სპეკულაციისთვის სივრცე არ დარჩეს.
„ჩვენ ველოდებით პროვოკაციას არჩევნებთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მათი დღის წესრიგი მთლიანად რადიკალიზმზეა დაფუძნებული იმიტომ, რომ იციან მათი შანსი ნულს უტოლდება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გადაჯგუფდებიან. არჩევნების გარემო რომ იქნება უმაღლესი სტანდარტების ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც წინა არჩევნებში. მითუმეტეს, ამ არჩევნებში, ელექტრონული ხმის მიცემა იქნება გამოყენებული და გამორიცხავს ყველა ტიპის სპეკულაციას. ამის შემდეგ, ხმების გადათვლა უკვე ხელითაც მოხდება იმისათვის, რომ არანაირი სასპეკულაციო ოპოზიციას არ დავუტოვოთ, რადგან უკვე კარგად ატყობთ, როგორი ნარატივი მიდის. ბრენდირებას უკეთებენ, რომ ეს არჩევნები გაყალბდება და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან ასევე ისაუბრა „ისფედის“ როლზე არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების კამპანიაში.
„არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ისფედის“ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომელმაც უკვე ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმაცია. ეს ის „ისფედია“, რომელმაც 2020 წელს დაახლოებით, 8%-იანი ცდომილება დაგვიწერა, რომ არჩევნების მერე საპროტესტო მუხტი აეწიათ. მათ დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში გაყალბებული შედეგი ჰქონდათ დადებული და ბოლოს მოუწიათ აღიარება, რომ უკაცრავად შეცდომა გვქონდა დაშვებულიო. სამწუხაროდ, ჩვენ დასავლელების და ჩვენი პარტნიორი ელჩების კრიტიკული განცხადებები „ისფედის“ მიმართ არ მოგვისმენია. და დღეს სწორედ „ისფედი“ იწყებს ამ კამპანიას, რომელიც გრძელდება, რომ ეს არჩევნები იყოს გაყალბებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.