მუსიკოსი ნატო მეტონიძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმიანება.
„ჩვენი საზოგადოების ცხოვრების სტილი გახდა დაბულინგება და ცოტა ზედმეტი ამბიციის პრობლემა გვაქვს. ამ შემთხვევაშიც მგონია და ალბათ, რაღაც ბევრის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს. ბიჭების მერიდება, რომ დღეს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დამსახურებულად მიიღეს ის, რაც მიიღეს“, - განაცხადა მეტონიძემ.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.