ჩემი მბრძანებელი მხოლოდ ერთია, ღმერთი და ახლა უმძრახად არის, არ მელაპარაკება. არცერთი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არასოდეს ვყოფილვარ და არც ვარ, - ამის შესახებ პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოზე განაცხადა.
პროკურორობის კანდიდატს ჰკითხეს, რამდენად იქნება პოლიტიკურად დამოუკიდებელი პროკურორად არჩევის შემთხვევაში, როდესაც ის წარმოადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ პარტია „საქართველომ“ და 2003, ასევე 2020 წელს სურდა პარლამენტარობა.
„ჩემი მბრძანებელი მხოლოდ ერთია, ღმერთი და ახლა უმძრახად არის, არ მელაპარაკება. არცერთი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არასოდეს ვყოფილვარ და არც ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაპატიეთ, თუ რამე ვერ გაწყენინეთ. თუ გაწყენინეთ, არაუშავრა“, - აღნიშნა კანდიდატმა.
მისი თქმით, გამომძიებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზემდგომ პროცესის პროკურორზეც კი არ უნდა იყოს დამოკიდებული. მას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა.
„დღეს ტენდენციად იქცა, შეიძლება ქალი ვარ და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ქალს რომ სამუშაოდან მოსული ქმარი ეუბნება, რომ ქალო, მე რომ ფული მოგიტანე და პროდუქტი, სუპი გააკეთეო და ქალი გარბის და პოლიციაში რეკავს, არიქა, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ, ქმარი მაიძულებს საჭმელი გავუკეთოო და პოლიცია არ კითხულობს ამ ქმარმა ეჩხუბა მას, თუ სიყვარულით სთხოვა საჭმელი მაჭამეო. იმ წუთას უკრავენ ციხეში თავს. მაპატიეთ მამაკაცებმა, ჩვენმა კაცებმა დაკარგეს კაცების ფუნქცია, ქალებმა დაკარგეს - ქალების. შენ ვინა გკითხავს დიაცო, თოფისასა და ხმლისასა, შენ უნდა ეჯდე აკვანსა, ან უნდა ქსოვდე წინდასაო“, - აღნიშნა
კანდიდატს ჰკითხეს, რას გულისხმობდა, როდესაც გარკვეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებდა, მათ შორის ოჯახში ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით.
„დასჯადი უნდა იყოს ოჯახური ძალადობა. საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კონვენციებმა, ნორმებმა და ამეებმა და იმეებმა იქამდე დაიყვანა ჩვენი ხალხი, შეიძლება დედამ სცემოს შვილი და მან უთხრას, რომ ვიდეოს გადაგიღებ და სოციალურ სამსახურს გავუგზავნიო. მშობელს თუ უფლება აქვს, რომ შვილს აჭამოს, ჩააცვას, ასწავლოს, თუ ცუდად იქცევა, უნდა დასაჯოს. მე არ ვამბობ, რომ ისე უნდა სცემოს, რომ ტყავი გააძროს, მაგრამ მისი ყურის აწევის უფლება უნდა ჰქონდეს, თმის მოქაჩვის, კუთხეში დაყენების. მშობელი შვილს რომ სჯის, ამაზე სისხლის სამართლებრივ დევნას არ დავიწყებდი. ჩემი შვილი მე რომ მინდა ისეთი უნდა გაიზარდოს, როგორიც მინდა და მეც ისეთი გავიზარდე, დედაჩემს რომ უნდოდა“, - აღნიშნა კანდიდატმა.
საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება გრძელდება. დღეს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს უსმენენ. საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს კენჭს ფარული წესით უყრის და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს. საბჭო სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთს აარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.