„დიდი ბრიტანეთის გუშინდელი არჩევნები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობს. სხვა ქვეყნისადმი დახმარებამ არ უნდა დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა, მითუმეტეს, თუკი ეს დახმარება შედეგზე ვერ გადის," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ბრიტანეთში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.
თამარ ჩიბურდანიძის აზრით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინის ომით გამოწვეულმა პროცესებმა ბრიტანეთში საგრძნობი სოციალური პრობლემები გამოიწვია, რაც საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების მიზეზი გახდა. მანვე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომზე პოლიტიკა ამ ქვეყანაში გადაიხედება.
„დიდ ბრიტანეთში, უკრაინის ომით გამოწვეული საგრძნობი სოციალური პრობლემები საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების მთავარი იარაღი გახდა. მთელი ორი წლის განმავლობაში ხშირად ვკითხულობდით და ვხედავდით საინფორმაციო საშუალებებით ბრიტანელი ხალხის საპროტესტო გამოსვლებს არსებული სოციალური პრობლემების წინააღმდეგ. ეს პრობლემები კი, ძირითადად უკრაინის ომით და სანქციების პოლიტიკით იყო გამოწვეული.
სწორედ ამან გამოიწვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებაც. დიდი ბრიტანეთის გუშინდელი არჩევნები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობს. სხვა ქვეყნისადმი დახმარებამ არ უნდა დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა, მითუმეტეს, თუკი ეს დახმარება შედეგზე ვერ გადის. ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა მათთვისაც პრობლემური იყო.
საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, ახალი პრემიერისგან რადიკალური ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ცვლილებები აუცილებლად იქნება. რუსეთ-უკრაინის ომზე პოლიტიკა სავარაუდოდ გადაიხედება,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.