პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვარშავა და ბრატისლავა არ აპირებენ ჯარების გაგზავნას უკრაინაში, თუმცა ძალისხმევას უკრაინის დახმარებისკენ მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ანდჟეი დუდას თქმით, ის ვერ ხედავს მნიშვნელოვან უთანხმოებებს სლოვაკეთის პრეზიდენტთან რუსეთის აგრესიისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე.
„ასევე არ ვფიქრობ, რომ პოლონეთმა უნდა გაგზავნოს თავისი ჯარები უკრაინაში. ეს ნატოს ქვეყანას ომში ჩაითრევს, რაც ძალიან სერიოზულია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ აქამდე პოლონეთის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ნათელი იყო - ვარშავა სამხედრო დახმარებას უწევს კიევს, მაგრამ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.
„ჩვენ უკრაინელ ჯარისკაცებს ვწვრთნით პოლონეთში, მაგრამ არ ვაგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინაში. და იმედი მაქვს, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით იძულებულნი გავგზავნოთ ჩვენი ჯარები უკრაინაში, რათა მათ დაიცვან პოლონეთი და ნატო“, - დასძინა მან.