"ჩვენი ამოწყვეტის ოპერაციის გამოძიება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ამ საქმეზე ერთი წლის წინ მივეცი ჩვენება. როგორც გაირკვა, გია ბარამიძე არავის დაუბარებია დაკითხვაზე. დაკითხვას ვინ ჩივის, მისი სახელიც კი არ უხსენებიათ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება. ელემენტარულ რამეზე კითხავენ ხალხს, ამან ასეთი ცოდვა ჩაიდინა და შეკითხვაც არავინ დაუსვა. თვითონაც იმით ტრაბახობს, დღემდე არავის დავუკითხივარო და ამბობს მზად ვარ პასუხის გასაცემადო. მას არაერთხელ უთქვამს, თუ მის დაკითხვას გადაწყვეტენ, დეპუტატის იმუნიტეტს თავად მოიხსნის. აქედან გამომდინარე, მე ვერ გავიგე, რას ელოდებიან. ამ საქმეზე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული. მარტო ბარამიძეა დასაკითხი, ის მზადაა ჩვენების მისაცემად და პროკურატურა არ იბარებს, - რა ხდება, მართლა ვეღარ გავიგე", - აცხადებს აფრასიძეების დედა, დოდო სიდიანი-აფრასიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აფრასიძეებს გია ბარამიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ / "გაუპატიურებები მაგ მკვლელების მოგონილია!"
"მისი რიხის უკან დიდი შიში დგას, სწორედ შიში ალაპარაკებს ბარამიძეს ასე ხმამაღლა. ეგ რომ მართალი იყოს, ასე მწარედ არ იყვირებდა. მისი გამართლება გამორიცხულია - ამ საქმეზე ის სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც კი ვერ გაამართლეს. ყველაზე უკანონო სასამართლოც კი ვერ შეძლებს მის გამართლებას. ასეულობით თვითმხილველს აქვს მის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული. მაინტერესებს, ილაპარაკებს თუ არა ასეთი რიხით, როცა მოწმეები დაუპირისპირდებიან. ადამიანი რომ იტყვის, ახლაც იმავეს გავაკეთებდი, რაც 2004 წელს გავაკეთეო, რაღა უნდა ველაპარაკო. სხვას არც ველოდებოდი მისგან. თუ იმავეს გამეორებას აპირებს, გამოდის, მთლად კარგად ვერ არის მისი ფსიქიკა. მაგას და მაგისნაირებს აწი აღარაფერი უშველის, მათი გაადამიანურება არ მოხდება. ადამიანობა არც მაშინ ჰქონდათ. ახლა, როცა ხელისუფლება და ძალაუფლება დაკარგეს, სულ მთლად შეშლილები არიან. მათ ადგილზე სხვა ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. თავიდან ჩუმად კი იყო ბარამიძე, მაგრამ რომ დაინახა, რომ მის დაკითხვას არავინ აპირებდა, დაიწყო ბევრი ლაპარაკი. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მას მაინც მოუწევს ჩვენების მიცემა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას დოდო სიდიანი-აბაშიძე.
"არ ვიცნობ ახალ მთავარ პროკურორს. ყველა ამბობს, რომ სამართლიანია. მაშინ ბარამიძეც უნდა დაკითხოს. მისი ადგილი არის ციხეში და არა პარლამენტში. იმ დღეს სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში მთელი სვანეთის სათქმელი თქვა. ეს იყო დაწყება. ყველა დეპუტატს მადლობას ვუხდი, ვინც სოსოს მხარი დაუჭირა. აწი ბევრი მოსთხოვს ბარამიძეს პასუხს და არა მარტო ბარამიძეს. ბარამიძე რომ საფეთქელთან იტრიალებდა იმ ცოდვიან თითებს, თავისი ჭკუით სოსოს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. ჯაჭვლიანს ამით არაფერი დააკლდა, ბარამიძემ კი მიიღო, რაც ეკადრებოდა. არ არის ბარამიძე ნორმალური - ნორმალური რომ ყოფილიყო, ადამიანს ცოცხლად არ დააწვევინებდა და კუბდარის ჭამას არ მოითხოვდა, როცა წინ ცხედრები ელაგა. ეგ ცოტა ჭკვიანად იყოს - იმ საფეთქელში, თითს რომ იტრიალებდა, რამე არ მოხვდეს", - დასძენს დოდო სიდიანი-აფრასიძე და შეკითხვას - "თქვენი ეს განცხადება, შესაძლოა, როგორც მუქარა ისე აღიქვან..." - პასუხობს:
"როგორც უნდათ, ისე აღიქვან. ჩვენ არავის ვემუქრებით, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის აღსადგენად. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ბარამიძეს რაღაც შევუთვალეთ და დავემუქრეთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ - ბარამიძეზე ხელის გასვრას არავინ აპირებს, მაგრამ იმისთვის კი ვიბრძვი, რომ ციხეში წავიდეს. კრიმინალის ადგილი არის ციხეში. ამ დღეებში ამ საშინელმა ადამიანმა ახალი ბრალდება წამოაყენა - თითქოს აფრასიძეები გაუპატიურებაშიც არიან ბრალდებული. თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, ამაზე აქამდე რატომ არაფერი თქვეს? ახლა გაუნათდა ბარამიძეს გონება ჯაჭვლიანისგან რომ მოხვდა? მინდა მაგ საცოდავ კაცს ვუთხრა, სვანები გაუპატიურების ჩამდენებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ. ბარამიძის ხელისუფლება მამაკაცებს აუპატიურებდა. გაუპატიურება მაგ მკვლელების მოგონილია. ასეთი უზნეო ხალხი კიდევ როგორ ბედავს ხმის ამოღებას. მე პირადად არ ვაპირებ ამის მოთმენას და ბარამიძის წინაღმდეგ სარჩელს შევიტან - საკმარისია ამდენი სიბინძურის მოთმენა".