პრეზიდენტმა ბაიდენმა „დემოკრატი“ გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა, მათ შორის საღამოს 8 საათის შემდეგ ღონისძიებების შეზღუდვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი შეხვედრაში მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა გუბერნატორებს განუცხადა, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.
წყაროების თქმით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მან თავის აპარატს უთხრა, რომ მეტი ძილი სჭირდება.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის თავი აარიდოს საღამოს 8 საათის შემდეგ აქტივობებს.
წყაროები ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ჰავაის გუბერნატორმა ბაიდენს დაუსვა კითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
სააგენტო Bloomberg-მა „დემოკრატიულ პარტიაში“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ათობით „დემოკრატი“ კანონმდებელი განიხილავს წერილზე ხელმოწერას, რომელშიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ.