რუსთავის მოსახლეობა ქალაქში მანიაკის არსებობაზე კვლავ ალაპარაკდა. ამის საფუძველი რამდენიმე დღის წინ უცნობი მამაკაცის გოგონაზე თავდასხმა გახდა...
ბელა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს და ღამის 11 საათზე სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. ახლობლების განცხადებით, ბელას უცნობი მამაკაცი აედევნა, როცა ფეხი ააჩქარა, ისიც სწრაფი ნაბიჯებით აედევნა. შეშინებული გოგონა ტელეფონით მეგობარს შეეხმიანა და სწორედ ამ მომენტში მას მამაკაცი უკნიდან ყელში სწვდა. ბელამ გაიბრძოლა და იმდენი მოახერხა, რომ თავდამსხმელს ხელზე უკბინა, თუმცა არც თავდამსხმელი დარჩა "ვალში", მას ცხვირზე რამდენჯერმე უკბინა, რის შემდეგაც გაიქცა.
"ყველა სიახლის" კორესპონდენტი რუსთავში იმყოფებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მსგავში შემთხვევა 3 კვირის წინაც მოხდა ფალიაშვილის ქუჩაზე და მაშინაც თავდამსხმელი გოგონას დახრჩობას ცდილობდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მასაც ცხვირზე უკბინა და იქაურობას გაეცალა. ამბობენ, ის ოჯახი ამ ფაქტს მალავს და გოგონა ქუჩაში საერთოდ აღარ გამოდისო. რუსთაველების აღწერით, მანიაკი საშუალო სიმაღლის მამაკაცია... მოსახლეობის ნაწილი შეშინებულია, მიიჩნევენ, რომ ქალაქში მანიაკი დაბრუნდა, ამიტომ ზოგიერთი მათგანი ბავშვებს ქუჩაში აღარ უშვებს და საღამოს საათებში თვითონაც ერიდებიან გარეთ გამოსვლას. "ყველა სიახლე" შეეცადა დაზარალებულს გასაუბრებოდა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარს თავი აარიდა.
მაია (რუსთავის მკვიდრი): - როგორც ვიცი, ბელას საკუთარი სახლის სიახლოვეს, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაესხა თავს უცნობი მამაკაცი, არ ვიცით, ნასვამი იყო თუ არა, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბელა მოძალადეს იცნობდა. ჩემი ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი იმ დღესვე დააკავა. მე და ჩემს თანამშრომლებს ღამის პირველ საათზე გვიწევს სამსახურში მოსვლა, ქუჩაში მარტო დავდივარ და უცნაური არაფერი შემინიშნავს. ადრე რომ ამბობდნენ, რუსთავში მანიაკი დადის, რომელსაც გრძელი ლაბადა აცვია და შლიაპა ახურავსო, ერთხელ მსგავსი აღნაგობის მამაკაცი ნამდვილად აგვედევნა მე და ჩემს თანამშრომელს. კარგა ხანს გვდია, პოლიციასთან შევჩერდით და ამის შემდეგ გაგვეცალა.
ბაია: მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგონა სახლში ბრუნდებოდა, როცა მას ქუჩაში მამაკაცი აედევნა, ჩიხში რომ შეუხვია, სწორედ ამ დროს დაესხა თავს, სახეზე დაკბინა და მის დახრჩობას ცდილობდა. იქვე ბიჭებს გამოუვლიათ და თავდამსხმელი მას მერე გაქცეულა. თვითონ ეს გოგო არაფერს ამბობს. მეორე დღესვე გამოვიდა სამსახურში და ცხვირი შეხვეული ჰქონდა, ახლაც ეტყობა ნაიარევი.
ნინო: 2-3 დღეა, მეზობლებისგან გავიგე ეს ამბავი. აქამდე უცნაური არაფერი შემინიშნავს, მაგრამ ახლა უკვე ქუჩაში გასვლის მეშინია.