ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პროკურატურა და მთელი სამართლის სისტემა დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პროკურატურა და მთელი სამართლის სისტემა დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს

საქართველოს პროკურატურა და მთელი სამართლის სისტემა დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დღეს პროკურატურასთან და სასამართლო სისტემასთან შეხება არ აქვს.

წინა ხელისუფლების დროს ყველა მოსამართლე და პროკურორი, პირველ რიგში რა თქმა უნდა, გენერალური პროკურორი, ინიშნებოდა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. იუსტიციის მინისტრი ამავდროულად იყო გენერალური პროკურორი. ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს სისტემა თვისობრივად შეცვლილია ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც პრეზიდენტის სახით, რომელსაც ნომინალური უფლებები აქვს და არც რეალურ ხელისუფლებას - მთავრობას პროკურატურასთან და სასამართლოს სისტემასთან შეხება არ აქვს, ვერც დანიშვნაში იღებს მონაწილეობას, ვერც მის ფუნქციონირებაში, მათ შორის ირიბად. აქედან გამომდინარე სისტემურად სულ სხვა დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, ამ სისტემური ცვლილებების შედეგად უკვე პროკურატურაც და სასამართლოც როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე ყალიბდება”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ ინსტიტუციის შემადგენელმა პირებმა - პროკურორებმა, მოსამართლეებმა ეს დამოუკიდებლობა ბოლომდე გაითავისონ.

ირაკლი ქადაგიშვილმა საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალურ პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საპროკურორო საბჭო საჯაროდ ისმენს ყველა იმ მსურველს, ვისაც აქვს შეტანილი გენერალური პროკურორის პოზიციაზე განაცხადი. მსჯელობა არის ღია. ნათლად ჩანს, საზოგადოებაც ხედავს, ვის რა კომპეტენცია შეიძლება, ჰქონდეს და ასე შემდეგ. საპროკურორო საბჭო თავისი წესდების მიხედვით აარჩევს შესაბამის სამ კანდიდატურას, შემდეგ მათი ცალკე განხილვა მოხდება და საბჭოს მიერ შერჩეულ საუკეთესოს წარუდგენს პარლამენტს, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს გენერალური პროკურორის პოზიციაზე. ამაზე ღია, ამაზე დემოკრატიული პროცედურა სხვა სახელმწიფოში არ არსებობს. ჩვენ ვიცით ბევრი სახელმწიფო, მათ შორის დემოკრატიული, სადაც პრეზიდენტი ნიშნავს პროკურორს”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი შეფასებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი წესითა და მიზნებით ვეღარ ნიშნავს პროკურორებს, მათ უკმაყოფილებას იწვევს.

„ყველა პროცესი იზომება შედეგით. თუ ადრე საქართველოს სამართალწარმოების სისტემაში 99%-ს აჭარბებდა პროკურატურის წარგზავნილი საქმეების გამარჯვება სასამართლოში, დღეს ეს პროცენტი არის ჩამოსული იმ საერთო ევროპულ სტატისტიკასთან, როგორიც ეს ნორმალურ ქვეყნებშია. დაახლოებით 40-50%-მდე ადის ხოლმე გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს მხრიდან. ანუ ნათლად ჩანს, რომ სისტემა უკვე დაბალანსებულია და მოქმედებს კანონიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე, მათ შორის, რომელიც სტრასბურგში იყო წაღებული, ქართული სასამართლო სისტემის და სამართლის გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ წუხილი, რომ მათ ენატრებათ ის დრო, როდესაც მათი ერთი ხელის დაბრახუნება ნიშნავდა, რომ ბიზნესის რეკეტი, ადამიანების დაჩაგვრა, მედიის პირდაპირ შეზღუდვა და განადგურება ჩვეულებრივი მოვლენა იყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.