„დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტი ავრცელებს.
დელეგაცია შეხვდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა პალატისა და ლორდთა პალატის წარმომადგენლებს. ევროპარლამენტარებმა ასევე განიხილეს ონლაინ უსაფრთხოება, დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom).
ვიზიტის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა:
ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ დემოკრატიის დაცვის გადაუდებელ აუცილებლობას; ჩვენ ასევე გვაქვს ერთი და იგივე მიზნები - ძლიერი დემოკრატიული პროცესები და გაუმჯობესებული მდგრადობა.
„ამ მისიის შედეგი მკაფიოა: ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა მოკავშირე პარტნიორებთან ერთად, რათა მოახდინონ უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირება, პრევენცია და ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საერთო მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომსა და შეტევებს - მათ შორის, მოქალაქეთა ნდობის გაძლიერებით“, - დასძინა მან.