ოპოზიციის ახალი დილემა - დასავლეთი არჩევანწართმეულებს არჩევნებში ჩართვას ავალდებულებს  

ოპოზიციის ახალი დილემა - დასავლეთი არჩევანწართმეულებს არჩევნებში ჩართვას ავალდებულებს  

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალი ანგარიში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს ეხება, პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი ტალღის მიზეზად იქცა. დოკუმენტში, რომელიც პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე მიიღეს, მკაფიოდ ჩანს დასავლეთის გზავნილი: ოპოზიციამ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები უნდა გამოიყენოს, როგორც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამოხატვისა და ერთიანობის პლატფორმა. ევროპარლამენტარები ოპოზიციას მიუთითებენ, რომ გამოსავალი ბოიკოტში კი არა, არამედ არჩევნებში მონაწილეობაშია. ეს გზავნილი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ოპოზიციურ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დელეგიტიმაციის ინსტრუმენტი.

ფაქტია, რომ ევროპარლამენტის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დასავლეთი საქართველოს პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილეა და ამ პროცესებში მისი გავლენა დიდია. ოპოზიციისთვის მოწოდება მონაწილეობისკენ არა მხოლოდ დემოკრატიული განვითარების სურვილიდან მომდინარეობს, არამედ შიდაპოლიტიკური რეალობის გარდაქმნის სტრატეგიის ნაწილია.

მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა: დასავლეთი ოპოზიციას იყენებს, მას დირექტივებს აძლევს, თუმცა შედეგს თავად ოპოზიცია იმკის - დესტრუქციულად.

ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სწორედ ეს არის: იცვლება თუ არა დასავლეთის როლი ოპონენტობიდან მედიატორად, და შეძლებს თუ არა ქართული ოპოზიცია ამ ახალი რეალობის გათვალისწინებას - საკუთარი პოლიტიკური გავლენის რეალური აღდგენის პერსპექტივით?

ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხში უკვე გაყოფილია და დაპირიპირება კიდევ უფორ მკვეთრ სახეს იღებს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი - მაგალითად, „ლელო“ და გიორგი გახარიას გუნდი - აცხადებს, რომ ევროპარლამენტის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს: დემოკრატიული ბრძოლა ინსტიტუციებისა და არჩევნების გზით უნდა წარიმართოს. მათი შეფასებით, დასავლეთი სწორედ ასეთ გზას მიესალმება, რითაც ოპოზიცია საზოგადოების ნდობას და მხარდაჭერას შეძლებს. მათ შორისაა ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“, თუმცა მისი ლიდერი ნიკა გვარამია მწვავედ აკრიტიკებს მათ, ვინც მონაწილეობას ემხრობა. მისი აზრით, დასავლეთის მხარდაჭერა იმ ოპოზიციური ნაწილისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინც რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას იღებს - ეს გადაწყვეტილება კი ბოიკოტია. როგორც გვარამია აცხადებს, „რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას მოეშვით“.

ამ ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კვლავ სხვადასხვა პოზიცია გაჟღერდა, რაც მიუთითებს პარტიის შიდა გაურკვევლობას სტრატეგიის თაობაზე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავის მხრივ, მხარს უჭერს ოპოზიციისთვის გაწეულ დასავლურ ზეწოლას. მისი აზრით, მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობით და ერთიანი ოპოზიციური ხედვით არის შესაძლებელი წინსვლა.

მისი განცხადება, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ერთად ჩატარება უფრო რეალური ხდება, ასევე ცხადყოფს, რომ დასავლეთი, მისი ხედვით, გეგმავს ოპოზიციის კონსოლიდაციას სისტემურ პოლიტიკურ თამაშში.

თუმცა სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა: რამდენად დამოუკიდებელია საქართველოს ექსპრეზიდენტის და ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკა? რამდენად ასრულებენ ისინი დასავლეთის დაკვეთებს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ კითხვას პირდაპირი პასუხი გასცა. მისი თქმით, ოპოზიცია მოქმედებს უცხოური ინსტრუქციების საფუძველზე, რითაც საბოლოოდ საკუთარ თავს ვნებს. პრემიერის შეფასებით, „საკუთარი აზრი მათ არ გააჩნიათ“, და ისინი „დადიან უცხოურ ოფისებში ინსტრუქციების მისაღებად“.

„ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ისეთ დავალებებს, რომლებიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ტრაგიკული მდგომარეობა.

„არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. ოპოზიციაში არის უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ბოლო განცხადებები იმ ცვლის გამოხატულებაა, რომელსაც დასავლეთის ნაწილი პოლიტიკურ რეალობასთან შეგუების პროცესში განიცდის. მისი თქმით, ე.წ. „ფირფიტის გადაბრუნება“ იმით არის განპირობებული, რომ რადიკალური და უხამსი ზეწოლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში არსებული ლეგიტიმური მდგომარეობის შეცვლა.

„მიუხედავად გარედან განხორციელებული რადიკალური და უხამსი პოლიტიკური ზეწოლისა, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან ვერ მოახერხეს, არსებული სამართლიანი რეალობა შეეცვალათ. ამ ძალებმა ვერ შეძლეს, რომ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ. ამიტომ ახლა ტაქტიკის შეცვლას ცდილობენ“, - აცხადებს აბაშიძე.

მისი თქმით, დასავლეთიდან, მათ შორის ევროპარლამენტიდან, გაჟღერებული გზავნილები აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ახლა რეალობის აღიარებას იწყებენ: „ეს შეთქმულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ ჯერზე კრახით დასრულდა - როგორც გარედან, ისე შიგნიდან. შესაბამისად, ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელისუფლებაში მორჩილი ნაცოპოზიცია დაბრუნდეს, იძულებულები არიან რეალობას შეეგუონ. ევროპარლამენტის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო გზავნილი: ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევაა და მათ აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.

აბაშიძის თქმით, წარუმატებლობის ფონზე რადიკალური ჯგუფები კვლავ ცდილობენ დესტრუქციული დღის წესრიგის წაყვანას, თუმცა საზოგადოებამ მათ ამის საშუალება არ მისცა:

„ნათელია, რომ რადიკალურ ძალებს სურდათ, მათი მზაკვრული გეგმა შესრულებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მათ ამის უფლება არ მისცეს. თვეების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ ქვეყნის რყევას, თუმცა ეს მცდელობები დაიშალა, როგორც თოვლი მზეზე. ახლა კი იმ რადიკალებს, ვისაც სურთ პოლიტიკაში ქულების მოპოვება, რჩებათ ერთადერთი გზა - მონაწილეობა არჩევნებში. მაგრამ ამასაც ვერ აკეთებენ, რადგან მათი ლოზუნგები მხოლოდ რევანშისტული და დესტრუქციულია“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიცია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, ორივე შემთხვევაში დილემის წინაშეა: „იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ, მათ პრობლემებს გაეცნონ და ერთობლივი ხედვა ჩამოაყალიბონ, კვლავ არჩეული აქვთ ჯიბრში დგომა - არა „ქართულ ოცნებასთან“ არამედ საკუთარ ხალხთან. ეს უკვე მერამდენედ ხდება 2012 წლის შემდეგ. დღეს უკვე ყველაზე გაურკვეველმა პოლიტიკურმა ფიგურამაც კი იცის, როგორ მთავრდება სააკაშვილის ნარჩენების პოლიტიკა. ასე რომ, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს მიიღებენ. ხოლო თუ მიიღებენ - მათი რადიკალური დღის წესრიგის გამო, რითაც ხალხს უპირისპირდებიან, ყველა მუნიციპალიტეტში მარცხი გარანტირებული აქვთ“, - დასძენს ანალიტიკოსი.

აბაშიძის შეფასებით, ახლა უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ წარსულში სისხლიან რეჟიმთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურები შესაძლოა პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ, ხოლო მათი პოლიტიკური პლატფორმები - სამართლებრივად აიკრძალოს.

„ჰორიზონტზე მკაფიოდ ჩანს, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის სისხლიან დანაშაულებში მონაწილეობდნენ, პასუხისგება მოუწევთ. ექსტრემისტული ხასიათის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები კი კანონიერად აიკრძალება. რაც შეეხება ხელისუფლებას - იგი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არის ლეგიტიმური ძალა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა“, - აცხადებს გია აბაშიძე.