გენპროკურორობის კანდიდატი დავით ბარბაქაძე გასაუბრებაზე: რა თვისება გაქვთ სხვებისგან გამორჩეული? - არ ვიცი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ალბათ, უნდა მიცნობდეთ, ჩემზე რომ ვისაუბრო

გენპროკურორობის კანდიდატი დავით ბარბაქაძე გასაუბრებაზე: რა თვისება გაქვთ სხვებისგან გამორჩეული? - არ ვიცი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ალბათ, უნდა მიცნობდეთ, ჩემზე რომ ვისაუბრო

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ამ წუთებში საბჭოს წევრები დავით ბარბაქაძეს უსმენენ, მანამდე კი ვიქტორ ახალბედაშვილს მოუსმინეს.

გენპროკურორობის კანდიდატმა საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. მას კითხვით მიმართეს, როგორი უნდა იყოს პროკურატურის როლი და ფუნქციები.

„ვფიქრობ არ ხდება სწორი კოორდინაცია ზემდგომ პროკურორსა და საქმის პროკურორს შორის. რა პრობლემას ვხედავ? ასე რომ ავიღოთ, პრობლემას ვერ ვხედავ პროკურატურის მუშაობაში“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

საპროკურორო საბჭოს წევრის ემზარ გაგნიძის კითხვაზე, როგორია მისი მენეჯერული გამოცდილება და აქვს, თუ არა მას ეს გამოცდილება, კანდიდატმა განაცხადა, რომ მას მენეჯერული გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ისევ გაგნიძის მიერ დასმულ კითხვაზე, რა თვისება უნდა გააჩნდეს გენპროკურორს, რას გამოყოფდა, ბარბაქაძემ განაცხადა, რომ კარგი მენეჯერი უნდა იყოს.

ბარბაქაძეს ასევე ჰკითხეს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასთან, შშმ პირებთან, ქალთა ძალადობის და სხვა საკითხებზე. ოჯახში ძალადობის თემაზე საუბრისას გენპროკურორების კანდიდატმა განაცხადა, რომ დაუმსახურებლად ხდება-ხოლმე, რომ მამაკაცები საპატიმროში ხვდებიან.

„მე პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, რომ ქალბატონი აცხადებდა, მასზე იძალადა მისმა ქმარმა, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ქალბატონი დაგორდა კიბიდან. აქედან გამომდინარე, ქმარზეა ნაწყენი და ქმარი მოათავსა საპატიმროში“, - აღნიშნა ბარბაქაძემ.

ამასთან, გამოკითხვაზე გენპროკურორობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ ჰქონია პრაქტიკა შშმ პირებისთვის ადვოკატირება გაეწია. ასევე, იგი არ იცნობს პროკურატურის სტრატეგიას და შესაბამისად, დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე საკუთარი ხედვა არ გააჩნია. იგი არ იცნობდა ასევე გენპროკურორის 2023 წლის ანგარიშსაც.

კითხვაზე, საბჭომ მის კანდიდატურას რატომ უნდა დაუჭიროს მხარი, რა თვისება აქვს მას სხვებისგან გამორჩეული ბარბაქაძემ განაცხადა: „არ ვიცი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ალბათ, უნდა მიცნობდეთ, ჩემზე რომ ვისაუბრო“.