რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ პროკურატურამ უკან დაიხია! შეიძლება თუ არა ვუწოდოთ პირველი გამარჯვება, იმას, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა? შეიძლება თუ არა ჟურნალისტთა ერთმა ჯგუფმა საზოგადოებას მივულოცოთ სამართლიანობის დამკვიდრების პირველი მცდელობის პირველი წარმატება? დიახ, შეიძლება!!!
დეტალები, პროლოგითა და ეპილოგით:
დიახ, მე არ ვარ ის, ვინც ქვა უნდა ისროლოს, რადგან ყველა ადამიანური ცოდვა მაქვს ჩადენილი და ჩემი ცოდვები ჯოჯოხეთისათვის ეყოფოდა არა ერთ ადამიანს, არამედ მრავალს, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი ვისაც ასე თუ ისე სიტყვა ეთქმის ჟურნალისტიკაში და დღეს ბევრი „გმირობანას“ რომ თამაშობს, მათგან განსხვავებით თუ გმირი არ ვყოფილვარ, არც გმირობანა მითამაშია. ჟურნალისტიკა არ გამომიყენებია პირადი კეთილდღეობისათვის და ერთი პოლიტიკური ნავიდან მეორე ნავში გადასაბარგებლად, ჟურნალისტიკაში მუშაობის პერიოდში არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის (ან ჩინოსნის) მომხრე, მეგობარი (როგორც ჟურნალისტი) და ფარული თუ ღია კეთილისმსურველი. ამიტომ მეთქმის და ამიტომ ვამბობ, მიუხედავად იმისა ზუსტად ვიცი ვინ, როგორ და რა მეთოდით დაიწყებს „ბრძოლას“, მე მაინც იმას ვიტყვი რასაც ვფიქრობ და და კარგი იქნება თუ ეს ფიქრი განკითხვაში არ ჩამეთვლება...
ყველაფერი დაიწყო 11 დეკემბრს, როცა ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა რომ პროკურატურაში პიარ-სამსახურის უფროსად „გაქანებული ნაცი, ჟურნალისტი, რომელიც მიკროფონს დუბინკად იყენებდა“ დანიშნეს და თან რამდენიმე ბმული მაჩვენა. ერთი ბმულით გავარკვიე რომ სააგენტო „თავისუფალი ზონა“ პროკურატურაში თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავდა ტელეკომპანია ტვ3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ლელა წიკლაურს, ორი ბმული კი ვიდეო იყო: ერთი _ „ოცნების ასი დღე“, მეორე ფირზე აღმეჭდილი იყო მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრაში“ შეჭრის ფაქტი, რა დროსაც ჟურნალისტი უმტკიცებდა შალვა რამიშვილს, რომ ჰოლდინგში ძალოვნების შევარდნა ჰოლდინგს მუშაობაში არ უშლიდა ხელს. ამ ორივე ფირს ერთი ჟრნალისტი ლელა წიკლაური აერთიანებს. „ოცნების ასი დღე“ გიორგი არველაძის, იგივე „ტახირიჩის“ სააგენტოს „პოლიტიკო“ სპეციალურ ჟურნალისტურ გამოძიებას მოიცავს სხვა თემებთან ერთად და ეს გამოძიება რაფალიანცის მკვლელობის თუ უბედური შემთხვევის (ჯერ გამოძიებას თავისი სიტყვა არ უთქვამს და მე ვერ მივანიჭებ მომხდარს კვალიფიკაციას) ეხება, ხოლო „კვირის პალიტრაში“ ძალოვნების შეჭრის დროს ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედის“ მიკროფონით „ამყარებს წესრიგს“. ეს ჩანაწერები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, სათანადო კომენტარით და კატეგორიულად დავგმე წიკლაურის პროკურატურაში დანიშვნა. მოგვიანებით გავარკვიე რომ ჩემი რამდენიმე კოლეგა, მათ შორის ჩემი ორი მეგობარი ბაკურ სვანიძე და გიორგი ფოფხაძე, 11 დეკემბრის დილიდან ამ ფაქტს აპროტესტებდნენ სოციალური ქსელის მეშვეობით. უფრო ცხადი რომ იყოს რას ეხება ავტორი ზემოთნახსენებ რეპორტაჟებში, მაგალითად ერთადერთ ამონარიდს მოვიყვან „ოცნების 100 დღიდან“: „პროკურატურა საზოგადოებას სკანდალური დაჭერებით ართობს... პროკურატურაში კი ამ დროს რიგები დგას, სამართალდამცველები ერთმენათის მიყოლებით იბარებენ ძველ ჩინოვნიკებს და მოწმის სტატუსით კითხავენ“... ალბათ, დაისმება კითხვა, მერე რა? არც არაფერი, მაგრამ როცა პროკურატურაში უბრალოდ პიარსამსახურის უფროსად (თუნდაც „უბრალო“ პიარსამსახურის ასევე „უბრალო“ უფროსად) კი არა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის პრეტენზია გაქვს ჟურნალისტს, მაშინ ეს არაფერი კი არა, ყველაფერია. როგორ შეიძლება წლის დასაწყისში საუბრობდე „პროკურატურის სათამაშოებზე“ და წლის ბოლოს ამ „მოთამაშე პროკურატურის“ დეპარტამენტის ხელმძღვანნელობაზე გქონდეს პრეტენზია? ეს სუფთად მორალური მხარეა და არ ვიდავებ მორალზე, არც ჟურნალისტურ ეთიკაზე დავძრავ სიტყვას და არც იმაზე, სახელმწიფო სამსახურის „თამაშის“ „გაპრავებას“ როგორ შეძლებს ჟურნალისტი, რომელიც დარწმუნებულია რომ ადამიანის დაკითხვაზე დაბარება არის „თამაში“, ხოლო დაკითხვაზე დაბარებული პირის ცემისა და წამების გარეშე გათავისუფლება „გრეხი“, როგორ აუხსნის ის საზოგადოებას ხვალ შემთხვევით სააკაშვილიც რომ დაიბარონ დაკითხვაზე ეს „თამაში“ კი არა საგამოძიებო მოქმედება რომ არის? „სამართლიანობის“ მეორე მაგალითის თვალსაჩინო ნიმუშად გამოდგება „კვირის პალიტრის“ ფაქტი, როგორც ზემოთ ვთქი წიკლაური აქ ამტკიცებს რომ მის კოლეგა ჟურნალისტებს ძალოვნები მუშაობაში ხელს არ უშლიან, თუმცა სხვები სხვას ამტკიცებდნენ. არც ამ შემთხვევაში ვისაუბრებ წიკლაურის მხრიდან გამოხატულ კოლეგიალურობაზე, რაზედაც თავად წიკლაური და მისი საახლობლო წრე, სამი დღის განმავლობაში გვიკიჟინებდნენ და პირდაპირ ვიტყვი კოლეგიალურობის „ხათრით“ ტალახიც ისროლეს. ლაფის პარალელურად წიკლაურის მეგობრებისაგან, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის ბრიუსელში საქმიანობაც დაისვა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო ბაკურ სვანიძის ჟურნალისტური საქმიანობა მხოლოდ „ბუდარიათი“ შეაფასეს (სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მომხრე ჟურნალისტებს მოკლე მახსოვრობა აქვთ). ჩემი მოკლე ჭკუით ვფიქრობ, რომ გიორგი ფოფხაძის „გრეხი“ ალბათ ციხის სკანდალური ფირების გახმაურებას უკავშირდება და სამწუხაროა თუ ლელა წიკლაურის მეგობრები ფიქრობენ რომ პატიმრებმა თავად გაიუპატიურეს თავი და იმიტირებული ცემა-წამებას ჰქონდა ადგილი. იმიტირებულზე გამახსენდა, ლელა წიკლაური, როგორც ბაკურ სვანიძე ამბობს, იმიტირებული ქრონიკის ერთ-ერთი ავტორია, ერთ-ერთი „პირველი სკრიპკა“. და მე რომ ახლა ვთქვა წიკლაური „იმედშიც“ და „პოლიტიკოშიც“ გიორგი არველაძის, იგივე ტახირიჩის ნება-სურვილის უპრობლემო შემსრულებელი იყო არაკოლეგიალურობაში ჩამომერთმევა? მითუმეტეს, რომ წიკლაურს ერთხელაც არ გაუპროტესტებია ეს ყველაფერი, ისეთივე ხმაურით არა, მაგალითად, როგორც მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრაში“ შეჭრილ ძალოვნებს ამართლებდა და დუბინკად ქცეული მიკროფონით დასდევდა კოლეგებს, არიქა რაში შეგეშალათ ხელიო, მაგრამ არც მისი მოგუდული ხმა გაგვიგია არავის, როცა „იმიტირებული ქრონიკის“ ყურების შედეგად ადამიანს ნერვიულობისაგან გული გაუჩერდა და ბუნებრივია გარდაიცვალა.
უკვე კარგა ხანია მივეჩვიე რომ სიმართლის თქმის გამო ბოღმიანი, არშემდგარი, წარუმატებელი ადამიანი ვარ, ყოველშემთხვევაში ასე მამკობენ და ეს არ მიკვირს, მაგრამ როცა რამდენიმე ჟურნალისტმა მომხდარი გავაპროტესტეთ გაირკვა რომ თურმე არშემდგარის, წარუმატებელის და ბოღმიანის გარდა რევანშისტი ვარ, როგორც მე, ისე ჩემი მეგობრები და ეს ითქვა პირდაპირ ეთერში. „რევანში - სამაგიეროს გადახდა, მიზღვა ბრძოლაში ან თამაშში დამარცხებისათვის; განმეორებითი ბრძოლა ან თამაში წინათ გამარჯვებულის დამარცხების მიზნით. რევანშისტი რევანშის მომხრე“, - ეს ისე ცნობისთვის. ესეც ცნობისთვის, ბაკურ სვანიძე: „მე საერთოდ არ ვიცნობ ლელა წიკლაურს და არანაირი პრეტენზია არ გამომიხატავს როცა ის დაინიშნა კერძო ტელეკომპანიაში, მაგრამ როცა სახელმწიფო უწყებაში ინიშნება ადამიანი რომელიც ამართლებდა მედიაჰოლდინგ კვირის პალიტრაში სეჭრას, რომელიც არის მოდელირებული ქრონიკის პროდიუსერი, რომელიც ბოლო დრემდე გამოკვეთილად იცავდა ნაციონალურ ხელისუფლებას, მაშინ მაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება“.
და აქვე დავამატებ ჩემსას, მე არ მინდა ჩემი გადახდილი გადასახადებით ვაფინანსებდე „ნაციონალების ასკოლკას“, ადამიანს რომლსაც ახლა გაახსენდა რა არის კოლეგიალურობა და რომელიც ჟურნალისტობას იყენებდა სათავისოდ. არ მინდა ვაფინანსებდე იმიტირებული ქრონიკის პროდიუსერს და ძალაა? არა მაქვს უფლება გავაპროტესტო მისი სახელმწიფო სამსახურში დანიშვნა? მაქვს და გამოვიყენე ეს უფლება! ამ უფლების გამოყენების გამო, ლელა წიკლაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის სტატუსს, რომ თურმე 38 წლის ასაკში პირველად მოუნდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და მის პირველსავე სურვილს „კლავიატურაზე მოკაკუნე“ „არაფრის გამკეთებელი“ „გაურკვეველი ჯგუფის“ ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ... ნეტავ სად იყო ლელა წიკლაური მაშინ როდესაც დარეჯან მეფარიშვილი ახალგორში დააპატიმრეს? ამ კითხვით მგონი ყველაფერი ვთქვი!!! ყველაზე მტკივნეული ჩემთვის იყო ერთი ჟურნალისტის კომენტარი ლელა წიკლაურის სტატუსზე და რატომ? ეს ჟურნალისტი ძალიან დიდი ხანია მიცნობს, მეგობარია ჩემი და მეწყინა მისგან პატრონისა და დედის გინება რომელიც შეეგვეხო „არშემდგარ“ მის კოლეგებს, მათ შორის მეც (სურათი თან ერთვის სტატიას). ბოდიში მაქვს მოსახდელი ამ „ძალიან წარმატებულებთან“ იმიტომ რომ ვერ ვითამაშე და ჩემი კეთილდღეობისათის ვერ გამოვიყენე ჟურნალისტიკა, მე მაპატიეთ. და ზოგადად „მომწონს“ ტქვენი „სამართლიანობაც“ და რათქმა უნდა „კოლეგიალურობაც“, აქვე კითხვა მაქვს: ჟურნალისტი რომელიც არგუმენტებს გინებით უპასუხებს, ჩემი კოლეგა უნდა იყოს?ჟრნალისტი რომელიც კანონდარღვევას მეგობრობის ხათრით თვალებს დაუხუჭავს ჩემი მეგობარი უნდა იყოს? არ ვიცი, არ ვიცი...
ახლა რაც ეხება კანონდარღვევებს, რომელიც პროკურატურამ ლელა წიკლაურის დასანიშნად და თანამდებობაზე გასაყვანად ჩაიდინა: განაცხადების შეტანა 11 დეკემბერს დასრულდა, 11 დეკემბერსავე გაირკვა რომ თურმე პროკურატურამ 121 კანდიდატის ბიოგრაფიები დეტალურად განიხილა და 6 კანდიდატი (შემდეგ რატომღაც ექვსი ათად გადაიქცა) გასაუბრებისათვის შეარჩია. ბაკურ სვანიძემ „მეტეორ პროკურორთა“ „მეტეორული ვარდნა“ წამებში დაიანგარიშა და გაირკვა რომ პროკურატურამ თითო განაცხადის შესწავლას 4 წუთი მოანდომა! ანუ, განაცხადების მიღება ოფიციალურად 10 დეკემბრის ღამის 12 საათზე შეწყდა! მათი შესწავლა 11 დეკემბრის დილის 9 საათზე დაიწყო. ბაკურ სვანიძე: „საღამოს 5 საათზე ლელა წიკლაურმა უკვე განაცხადა ოფიცლაურად, რომ დაბარებულია გასაუბრებაზე. ანუ ამ დრიოსთვის 121 განაცხადის "შესწავლა" უკვე დამთავრებულია და "პრედენდენტები" დაბარებულები არიან... თავი დავანებოთ იმას, რა სულსწრაფობაა საღამოს შეატყობინო ადამიანს - ხვალ დილითვე გასაუბრებაზე მოდიო? ხომ შეიძლება ქალაქგარეთ იყოს გასული ან რამე? ცივილიზებულ საზოგადოებაში გასაუბრებაზე ადამიანებს 2-3 დღით ადრე მაინც იბარებენ მაგრამ კაი... ჯანდაბას... ეჩქარება პროკურატურას! 9 საათიდან 5 საათამდე მათ 121 განაცხადი შეისწავლეს...
ეს ზუსტად 8 საათია. ამოცანა გვეკითხება საათში რამდენ განაცხადს სწავლობდა პროკურატურა? თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საათში 15 განაცხადია!
ანუ თითო განაცხადის "შესწავლას" პროკურატურამ 4 (ოთხი!) წუთი მოანდომა!
ესეც იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად დილის 9-ზა დაიწყეს და ზუსტად საღამოს 5-ზე დაამთავრეს! თუ 15 წუთით გვიან დაიწყეს, ან შესვენებაზე ყავა დალიეს, მაშინ პროკურატურის მიერ თითო განაცხადის შესწავლის დრო 2-3 წუთზე ჩამოდის! აი ყოჩაღ! არ გინდათ რომ ნაციონალების რეჟიმის დროს დაჩაგრული ხალხის საჩივრები შეისწავლოთ ხოლმე ასეთი რეაქტიული სისწრაფით?“.
ატეხილი ხმაურის გამო პროკურატურა მიხვდა რომ საქმე ცუდად ჰქონდათ და ოფიციალური კომენტარი გააკეთეს, რომლის თანახმადაც განცხადებების შესწავლა პარალელურ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა პროკურატურას დაავიწყდა რომ 11-ში დილით მიიღეს კონკურსანტებმა შეტყობინება თქვენი განაცხადი გაცნობის პროცესშიაო. ამას არა უშავს, პროკურატურამ განაცხადა რომ 121-დან 6 კონკურსანტი გადავიდა მეორე ეტაპზე და 6 კონკურსანტი მიიღებდა გასაუბრებაში მონაწილეობას. ამ ფონზე ლელა წიკლაური აცხადებს: "დღეს ვიყავი პროკურატურაში გასაუბრებაზე, ჩემს გარდა იქ კიდევ ათეულობით პრეტენდენტი იყო..." მოგვიანებით კი გაირკვა რომ ექვსიც და ათეულობით პრეტენდენტი მხოლოდ ათია!
რა გამოდის? ექვსი ექვსი კი არა ათეულია? რა ვიცი, მე არ მინდა მატყუარა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰყავდეს უწყებას, რომელსაც ხალხი ვაფინანსებთ და რომელმაც სამართლიანობა უნდა აღადგინოს (კანონით) ქვეყანაში. აქ არის კიდევ ერთი „სასცილო“ მომენტი: პროკურატურა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად აცხადებს კონკურსს და კანდიდატს სასურველ მოთხოვნად ინგლისურის ცოდნას უყენებს, ნაცვლად იმისა იურიდიული განათლება თუ არა სასურველ მოტივად ჟურნალისტიკაში სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა მაინც დაასახელოს. როგორც წიკლაური ამბობს თურმე ეკონომიკის თემებზე მუშაობდა სულ. ეკონომიკური დანაშაულში ეჭვმიტანილი რომელი ნაციონალიც კი დააკავა პროკურატურამ, ეს წიკლაურისთვის გართობა ყოფილა, თან სკანდალური და საინტერესოა რა კომენტარს გააკეთებდა ეს გოგონა დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში... და ზოგადად ისიც საინტერესოა, განაჩენს გადაწყვეტილებისაგან ან განჩინებისაგან თუ არჩევს? ვინმე თუ მეტყვის რომ არასერიოზული, ან დაბოღმილი კითხვა დავსვი, ან თავად სტატიაა ბოღმიანი, ბოდიშს მოვიხდი.... დაბოლოს, ძალიან გამიკვირდა როცა შალვა რამიშვილმა პროტესტი არ გამოხატა ამ ყველაფერზე, თუნდაც ერთი სიტყვით მაინც... შედეგი? როგორც გვითხრეს წიკლაური აღარ დაინიშნება, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხდება ეს? კონკურსის შედეგებს გააუქმებენ (ეყოფათ გამბედაობა) თუ იტყვიან რომ წიკლაურს „თავისუფალმა ზონამ“ ტყუილად მიულოცა საჯარო სამსახურში დანიშვნა? მაშინ ვიკითხავ: საიდან გაიგო ეს „ზონამ“ სისხამ დილით? ცრუ ინფორმაცია გაავრცელა? რატომ არ მოსთხოვა არავინ პასუხი? კარგი იქნება პროკურატურა კონკურსის გარეშე თუ დანიშნავს ზოგადად თანამშრომლებს, ღიად რომ გაატარონ სააკაშვილის პოლიტიკა რაო ვითომ? არც რა...
და ბოლოს, ორიოდ დღის წინ პროკურატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თემურ დოლიძე. რაც შეეხება კონკურსს, შედეგები არავის გაუუქმებია, უბრალოდ შედეგების გამოცხადება გადადეს. ანუ, ჟურნალისტთა ჯგუფმა, რომელთაც ასევე ჟურნალისტებმა რევანშისტები გვიწოდეს, შევძელით ის რომ პროკურატურას არ მივეცით საშუალება თანამდებობაზე უკანონოდ დაენიშნა მისთვის სასურველი კადრი. ჩვენ ამ პროტესტით ასევე დავასრულეთ ხელისუფლბეის მხრიდან სამწუხარო ტენდენციის დამკვიდრების მცდელობა - ნაციონალებთან თუ იყო, მისი ხმაურიანი გადმობირებით ხალხი დაგვაფასებს! მსგავსი დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვათ უზნეობის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რის საშუალებასაც „რევანშისტები“ ხელისუფლებას არ მივცემთ... ცნობისთვის „რევანშისტები“ სააკაშვილის რეჟიმმა ვერ შეაშინა...