საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდნენ აშშ-ს საელჩოში, 4 ივლისთან დაკავშირებულ მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მათი არყოფნა ხომ არ აღრმავებს ეჭვს, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან არიან სანქცირებული და ამის გამო არ მიიწვიეს.
ქადაგიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით არის გამოცხადებული“. როგორც მან აღნიშნა, მიღებაზე არც თავად იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა.
ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ს საელჩოში იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები.
ქადაგიშვილმა დღეს მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაილახება გარკვეული პოლიტიკური საკითხები, რაც ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და რაც მისივე თქმით, “დიდ და პატარა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყოველთვის დამახასიათებელია“.
“არსებობს ხოლმე გარკვეული პოლიტიკური წინააღმდეგობები, რომელიც საბოლოო ჯამში, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის შემაფერხებელში საკითხი არ შეიძლება გახდეს - არსებობს უფრო დიდი, გლობალური და შორსმიმავალი ამოცანები, რაც უფრო ზემდგომია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.