„მთავრობა და მთავარი პროკურორი მერაბიშვილის თამაშის მძევალი აღმოჩნდა“

„მთავრობა და მთავარი პროკურორი მერაბიშვილის თამაშის მძევალი აღმოჩნდა“

ის, რაც სოზარ სუბარისთვის პოლიტიკურად მომგებიანია, წამგებიანია გენერალური პროკურორისთვის. ოთარ ფარცხალაძე საქმის გამოძიების დაწყებას არ აპირებს. იუსტიციის მინისტრი კი განმარტავს, რომ როდესაც პატიმარი რაღაცას აცხადებს, ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება. პროკურატურისგან კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემას ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე. საქმის გამოძიებას მხრას უჭერენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც, თუმცა ამის მიუხედავად, ფარცხალაძე, როგორც ჩანს, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს კი, ექსპერტების განცხადებით ადასტურებს, რომ ამ საკითხმა ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირება გამოაშკარავა.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დემოკრატიულ საზოგადოებაში არის კანონი. კანონი კი ამბობს, რომ ნებისმიერი ცნობები შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, არის საფუძველი შესაბამისი პროცესუალური საქმის წარმართვისა. ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევა გამოიყენონ მთავრობის შიგნით შედარებით ნაკლები, ან შერყეული პოზიციის მქონე პოლიტიკოსებმა თავიანთი პოზიცების გასამყარებლად.

„სწორედ ამით ვხსნი მთავრობის წევრების არაერთგავროვან განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც პრემიერის პოზიცია ცალსახად ხისტია და შიგნით მთავრობის წევრები, როგორც მინიმუმ, თავს არ იკავებენ კომენტარზე, ეს ჩემთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მთავრობის შიგნით არის აზრთა სხვადასხვაობა, მიდის პოზიციური ჭიდილი სასტარტო პოზიციების გამყარებისთვის“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

რაც შეეხება შაბთს გამთენიისას, ე.წ. მატროსოვის ციხეში მომხდარ ფაქტს, For.ge-ს ინფორმაციით, რეალობა ასეთი იყო: ვანო მერაბიშვილმა თავად მოითხოვა გენერალურ პროკურორთან შეხვედრა იმ მოტივით, რომ ის აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ფარცხალაძე ამ შეხვედრას დათანხმდა, რაც შემდეგ მერაბიშვილმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ამ კონკრეტულ საქმეზე ადვოკატების აცილებაც მოითხოვა. წესით, როდესაც პირის გადაყვანა ხდება სასჯელაღსრულების სისტემიდან, ეს გადაადგილება იურიდიულად უნდა იყოს გაფორმებული, რაც მერაბიშვილის შემთხვევაში არ მომხდარა“.

ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის გაყვანა მართლაც მისივე თხოვნით მომხდარიყო.

„ამან ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. პირველ რიგში, გამოავლინა პროკურატურის მუშაობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები. თუ კი მერაბიშვილის მხრიდან ასეთი მიმართვა არსებობდა, თავისი ფორმა უნდა მიეცათ ამ ყველაფრისთვის, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თავისუფლება აღკევთილი პირის გადაადგილება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, შესაძლებელია, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას მძიმე ტვირთად ადევს ჟვანიას თუ სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიება, მათ შორის მერაბიშვილის საქმე, შესაძლებელია ამიტომაც დათანხმდა ამ შეხვედრას და სიჩქარის გამო, პროცედურებს აღარ მიაქციეს მნიშვნელობა. არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერთანაც ყოფილიყო კომუნიკაცია.

ორი თანამდებობის პირი აცხადებს საჯაროდ, რომ ეს განცხადება არაა საერიოზული და ვერ დავიწყებთ გამოძიებასო. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მერაბიშვილის ინიციატივა, რომ მათ იჩქარეს, ემოცურად მიიღეს გადაწყვეტილება წავიდნენ ამ ყველაფერზე. შეგახსენებთ ვანო მერაბიშვილისთან დაკავშირებულ პასპორტების საგანს, მაშინაც ხომ ძალიან მარტივი ტექსტი იყო. შესაბამისი სამართლებლივი საფუძვლის გარეშე მერაბიშვილის გამოყვანა არის კანონდარღვევა და მისი ამ თამაშის მძევალი აღმოჩნდა მთავარობა და მთვარი პროკურორი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

 „პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. არ ვიცი რასთან გავქვს საქმე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხვალ თუ ზეგ მაინც მოუწევთ ამ საქმის გამოძიება. იმის განცხადება, რომ საქმეს არ გამოიძიებენ, ამით უფრო მეტ კითხვის ნიშნებს ბადებენ და უფრო მეტ საფუძველეს აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საქმე გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და ეს არის შეცდომა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სამართლის ექსპეტრი კახი კახიშვილი.

ვანო მერაბიშვილი უკვე მოინახულა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილი მოუყვა დეტალებს, რა მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული.

„მერაბიშვილი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია. ამ განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია, რათა ყველაფერს გაეცეს პასუხი, რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი დროში, ვფიქრობ, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. ზოგადად აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, რომ პროკურატურის რომელიმე წარმომადგენელი რაიმე ტიპის უკანონო ქმედებაში იყოს ჩართული. თუმცა, მიიჩნევს, რომ როდესაც პატიმარი რაღაცას აცხადებს, ამას სერიოზული მიდგომები სჭირდება, მიუხედავად იმისა, თავისი პირადი გადასახედიდან ამას ერთი თუ რამდენიმე მინისტრი გამორიცხავს.

„იუსტიციის მინისტრს უფლება არ აქვს, მოიკითხოს რომელიმე ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რომელ სისხლის სამართლის საქმეში რა მტკიცებულება დევს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ პროკურატურა მუშაობს სერიოზულად, ახალი ხელმძღვანელი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს მტკიცებულებას. პირადად მე გამოვრიცხავ, რაიმე ტიპის უკანონო ქმედებაში იყოს ჩართული პროკურატურის რომელიმე წარმომადგენელი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პროკურატურის დისკრეციაა, დაიწყებს თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას, თუმცა ამ უფლების მიუხედავად, პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გასცეს გამოძიებით, თუ გამოძიების გარეშე.

პრეზიდენტის განცხადებით, მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით პასუხი ნათელია - ყველაფერი უნდა განხორციელდეს, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და არა საგანგებოდ მერაბიშვილისთვის და არა საგანგებოდ რომელიმე სხვა შემთხვევისთვის.

„მოქალაქე მერაბიშვილს, ამჯერად ეჭვმიტანილ მერაბიშვილს აქვს თავისი უფლებები, როგორც ითვალისწინებს კანონი და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ეს არის კითხვები არა პოლიტიკოსებთან, არამედ იურისტებთან, რომლებმაც ზუსტად უნდა თქვან ამ შემთხვევაში, რას ითვალისწინებს კანონი. კარგი იქნება, თუ იურიდიული საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რას ამბობს ზუსტად კანონი, რისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

„პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოება სრულ სიმართლეს დაინახავს.

„თუმცა, პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით გამოძიებას ვერ დაიწყებს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას, ამასაც აქვს თავისი წესები. თუ მე ვიდეომასალას ამ წესების დაცვის გარეშე გავასაჯაროებ, ჩემს წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიების გადაწყვეტილებაზე.

საქმის მნიშვნელობის მიუხედავად, კანონდარღვევა დაუშვებელია, რადგან კანონი ერთმნიშვნელოვანდ ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება. იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებზეც ნაციონალები აპელირებენ, ვიდეოჩანაწერი ოჯახის წევრებს ვაჩვენეთ, რადგან საქმე იყო აღძრული, პროკურატურამ დაგვრთო ნება და ეს პროცედურა გავიარეთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.