შს სამინისტროს თანამშრომელი გინესის მსოფლიო რეკორდს დაამყარებს

შს სამინისტროს თანამშრომელი გინესის მსოფლიო რეკორდს დაამყარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იოსებ ხუციშვილი 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, გინესის რეკორდის დამყარებას შეეცდება. იგი ცალ ხელზე 18 კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში აზიდვების რეკორდულ რაოდენობას შეასრულებს.

დღემდე იოსებ ხუციშვილს მსოფლიოს 10 სხვადასხვა რეკორდი აქვს დამყარებული. ამასთანავე, წელს ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე მან თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზა, სადაც ფინალში პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებით, ცალ ხელზე ტვირთით წოლბჯენში აზიდვის მიმდინარე რეკორდი 31 აზიდვას შეადგენს და ის 2011 წლის 18 ივლისს მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა ბრიტანელმა პედი დოილმა დაამყარა.

იოსებ ხუციშვილის რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან და ახალ რეკორდს ადგილზე დააფიქსირებენ. რეკორდის დამყარებას საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ-მაუწყებლობის „GRF TV“-ს საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მისი ყურება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი. სპორტული ღონისძიება შსს-ს სპორტკომპლექსში (კახეთის გზატკეცილი, 38-ე კილომეტრი) ჩატარდება.