გია ხუხაშვილს ადვოკატ დიმიტრი გაბუნიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

გია ხუხაშვილს ადვოკატ დიმიტრი გაბუნიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დღეს მართლაც სკანდალური პრესკონფერენციის მომსწრეა"  - ასე დაიწყო თავისი სიტყვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

"ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, რომლის სახელიც ბევრ სკანდალთან იყო დაკავშირებული ახორციელებდა ზეწოლას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადვოკატზე დიმიტრი გაბუნიაზე. ეს ხდებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ის მონაწილეობდა ფინანსური დავის მოგვარებაში ორ კერძო სუბიექტს შორის. ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენდა დიმიტრი გაბუნია. როდესაც დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას ატარებდა, გია ხუხაშვილმა ტელეფონზე დაურეკა მას და დაემუქრა, რომ თუ ჭკუით არ იქნებოდა, მასზე მოხდებოდა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.

ადვოკატზე განხორციელებული მუქარა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევა, ეს არის ადვოკატთა შესახებ კანონის დარღვევა და მინიმუმ უფლებამოსილების გადამეტება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გუშინ მივიღე რა ეს განცხადება, დღესვე გავმართე პრესკონფერენცია და ხვალვე მივმართავ მთავარ პროკურორს, რათა მან მიიღოს შესაბამისი ზომები კანონის შესაბამისად. ამის შესახებ ხვალვე ვაცნობებ ევროპის ადვოკატთა  ასოციაციისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს მონიტორინგი და პირად კონტროლზე აიყვანოს ადვოკატზე ზეწოლის ფაქტი"  - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ვანო ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძეს შორის არსებულ დავაზე. სწორედ მათ კერძო დავაში ადანაშაულებენ გია ხუხაშვილს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის მოქმედი ჩინოვნიკი იყო.