გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა. როგორც უშიკიშვილმა ჟურნალისტებთან საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მასთან სამშაბათს მივიდა კულტურის სამინისტროდან იურისტი, თემურ ჩიხრაძე, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდნენ მის გათავისუფლებას და შესთავაზა თავად დაეწერა განცხადება.

„მან მითხრა, რომ პრემიერის საპარლამენტო მდივანი თადუმაძე იყო მოსული სამინისტროში, რომელმაც თქვა, რომ პრემიერის დავალებით სასაწრაფოდ უნდა გაგათავისუფლოთ თანამდებობიდანო. ახსენა კულტურის მინისტრის მოადგილე ალეკო მარგიშვილი, რომლის დავალებითაც მოვიდა. შემომითვალეს, რომ დამეწერა განცხადება, რომ ამას არ მოყოლოდა აჟიოტაჟი.

თუ არ დაწერს განცხადებას, პრობლემები შეექმნებაო, მათ შორის ფინანსურ პოლიციაში დაბარების. მე არ მჯერა, რომ ეს მოდიოდა პრემიერისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სიტუაციაში მას ჩემი საქმეებისთვის, წესით, არ სცალია. მე უარი ვუთხარი. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობაზე დავრჩებოდი, დამემუქრნენ, რომ ცენტრთან შეიქმნებოდა საბჭო ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც გადაწყვეტდა ვინ იქნებოდა ცენტრის დირექტორი“, - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

უშიკიშვილის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ მან საქმის კურსში ჩააყენა უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატიც, რომელმაც მას განუცხადა, რომ მსგავსი გადაწვეტილება ღარიბაშვილის მიღებული არ იქნებოდა. უშიკიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ალექსანდრე მარგიშვილმა მიიღეს და პრემიერ-მინისტრის სახელი გამოიყენეს.

„ამ ორმა ადამიანმა აქტიურად გამოიყენა პრემიერ-მინისტრის სახელი, რომ შემშინებოდა და დამეწერა განცხადება. არ მჯერა, რომ ეს ასეა. ეს ორი ადამიანი ცნობილია იმით, რომ ასეთ საქმეებს ჩარხავენ სამინისტროში. დღეს, როდესაც ბევრი ლაპარაკია სამართლიანობაზე, კულტურის სამინისტროში ხდება მსგავსი უმსგავსობა. უკულტურობას აქვს ადგილი. კონვერტით რომ მოვიდა ბრძანება, საახალწლო მოლოცვა მეგონა, ასე მომილოცეს ახალი წელი“, - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი, რომელიც უშიკიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ გათავისუფლების ბრძანება სამართლებრივად არასწორად არის შედგენილი.

„არ არის მითითებული თუ რა ნორმით, რის საფუძველზე გაათავისუფელეს უშიკიშვილი. ოდიშარიას არც წაუკითხავს რაზე მოაწერინეს ხელი. ამ მიზეზით არ შეიძლება ათავისუფლებდე სამსახურიდან ადამიანს, გამორიცხული არ არის მინისტრმა თავად გააუქმოს ეს ბრძანება“, - აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შეუძლებელი გახდა გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორად დატოვება.

„თვითონ ბატონმა გიორგიმ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განთავისუფლდა. იქ არის მითითებული სამართლებრივი საფუძვლები. კონკრეტულად, მიმდინარეობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტორული შემოწმება, რომელიც გასულ წლებს მოიცავდა. ამ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ბატონი გიორგის ადგილზე დატოვება“, - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

ამასთან, მარგიშვილმა თავი შეიკავა, თუ რა დარღვევებზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო დარღვევები, მაშინ განთავისუფლების საკითხი არ დადგებოდა. ამასთან, ალექსანდრე მარგიშვილი უარყოფს გიორგი უშიკიშვილთან რაიმე სახის დაპირისპირებას. 
რაც შეეხება მის შემცვლელს, როგორც მარგიშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერ საუბარი არ არის. უშიკიშვილის ინფორმაციით კი მის შემცველელად გიორგი დონაძე განიხილება.

„ჩვენ ვმუშაობთ დებულებაში ცვლილებების შეტანაზე. ეს ცნობილი გახდება ორშაბათს. ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეიქმნება, დაახლოებით 12 ადამიანისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო, რომლებიც წარუდგენენ მინისტრს შესაძლო დირექტორის კანდიდატურას და შემდეგ მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ალექსანდრე მარგიშვილი.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. დავით საგანალიძე ამბობს, რომ უშიკიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლის დასმასაც ის საკანონდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტში აპირებს.

„ბატონ უშიკიშვილს, მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ, როგორც ხელოვანს, როგორც მუსიკოსს, როგორც ორგანიზატორს. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი გამართავს თუ არა სპეციალურ სხდომას უშიკიშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, კომიტეტის წევრებს ამის თაობაზე გარკვეული კითხვები ექნებათ. მეც მაქვს შეკითხვები და კომიტეტში ვიკითხავ, ალბათ, გარკვეულ ინფორმაციას მივიღებ’, - განუცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს.

აღნიშნულის მიუხედავად, მას ეჭვი არ ეპარება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობაში გარკვეული მოტივაცია არსებობდა. მისი თქმით, საკითხი მთავრობის პრეროგატივაა და ალბათ, გარკვეული მოტივაცია იყო გადაწყვეტილების მიღებისას. უშიკიშვილის განთავისუფლების მიზეზებზე კი კომენტარს არ აკეთებენ განათლების კომიტეტში.