ახალ კადრებს არავინ კადრულობს

ახალ კადრებს არავინ კადრულობს

დასაქმების პორტალ hr.ge-ს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2013 წელი კადრების შერჩევის კუთხით პასიური  წელი იყო, მოთხოვნის ზრდა შარშანდელთან შედარებით, დაბალკვალიფიციურ მუშა–ხელზე დაფიქსირდა. ასეთივე შეფასებას აკეთებენ სხვა დასაქმებბის სააგენტოები. ესეც რომ არ იყოს, ყველა მოქალაქისთვის ნათელია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები თითქმის არსად შექმნილა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტრადიციული პრობლემა - უმუშევრობა - ჩვეულებრივად “თავის სიმაღლეზეა”.

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები  გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი და ფინანსური მენეჯერია, ხოლო ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციებს შორის ფინანსური დირექტორი, კომპანიების გენერალური და კომერციული დირექტორები და IT სპეციალისტები სახელდება, რომელთა საშუალო ანაზღაურება 3–6 ათას ლარამდეა.

ყველაზე დეფიციტურ კადრებს შორის კი, დასაქმების პორტალზე გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით, სხვადასხვა წარმოების ტექნოლოგიის სპეციალისტები არიან. „ყველაზე ხშირად  წარმოების ტექნოლოგებზეა მოთხოვნა, თუმცა ბაზარზე ამ სფეროს კვალიფიციური კადრები ცოტაა,“ – აცხადებენ კომპანიაში.

დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ვაკანსიებიც შემცირდა და სხვადასახვა კომპანიების აქტიურობაც. ასე რომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული უმუშევრობის ზრდის პროგნოზი რეალობისგან ძალიან შორს არ უნდა იდგეს. მათი აზრით, 2013 წელს უმუშევრობა საქართველოში 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს, ხოლო გაისად ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს - 17,3%-მდე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს წლიური შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, მაგრამ უმუშედვრობის დაძლევის მხრივ რამე წინსვლა რომ არ იქნება, ეს შეიძლება აქედანვე ითქვას.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზში ეჭვის შეტანა ძნელია, თუმცა არც ის არის მიზანშეწონილი, რომ ფონდის ნებისმიერ დასკვნასა თუ რეკომენდაციას “უაპელაციოდ მივუდგეთ”.

“საქართველოსთვის უმუშევრობა უკვე წლებია ურთულეს პრობლემას წარმოადგენს და რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვქონდა. ცხადია, უახლოეს პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებელები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში საგანგაშო ტენდენცია არ იკვეთება. მაგალითად, 2013 წლის ორ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი, რომლის აზრითაც უმუშევრობის არსებულ დონეს უმთავრესად კერძო სექტორში სამუშაო ადგილების სიმცირე განაპირობებს.

„თუ უმუშევრობის აღმოფხვრა გვინდა, კერძო სექტორისათვის შესაბამისი პირობების შექმნას უნდა ვეცადოთ. ხელოვნურად, მოგონილი სახელმწიფო პროგრამებით ფსევდოდასაქმება არაეფექტურად მიმაჩნია”, - დასძინა აბაშიშვილმა.

დარგის სპეციალისტთა ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად სავალუტო ფონდს და მის პოლიტიკასაც აკრიტიკებს, რომელიც დასაქმების ზრდის ხელშესაწყობად მთავრობის ჩარევას სუბსიდიებისა და სახელმწიფო პროგრამების გზით გამართლებულად მიიჩვენს.

„საერთაშორსო სავალუტო ფონდი ჩემთვის ავტორიტეტი არ არის. მათი რეკომენდაცია იშვითად უწყობს ხელს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოებას და, როგორც წესი, გაცხადებულ მიზანს ვერ აღწევს. მათი პროგნოზები, ხშირად, სტატიკური მდგომარეობის ანარეკლია და ცვლილებათა დინამიკას ვერ ითვალისწინებს.

პრობლემა უმუშევრობა 1%-იანი ზრდა კი არ არის, არამედ ის ფაქტი, რომ უმუშევრობის დასაძლევად ინსტიტუტი სახელმწიფოს ჩარევის გაფართოებას, მეტ ხარჯებს და სესხებს იწონებს. სსფ-ისთვის მისაღებია სახელმწიფო დასაქმების პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ სულის მღაფავი წარმოებების და წამოწყებების სუბსიდირება, განათლებისა სხვა დარგების პირდაპირი დაფინანსება. მოკლედ, სსფ ბიუროკრატიაა. მას არ შეუძლია პასუხი აგოს, რადგან მათი ექსპერტები ფინანსურად არ არიან დაინტერესებული პრობლემის მოგვარებით, მათ მათი გამრავლება და გახანგრძლივება უფრო სჭირდებათ“, - ამბობს “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე “ბიპიენთან” საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები გამოქვეყნდა მსოფლიოს მასშტაბით. სარეკრუტო–ონლაინ სააგენტომ CareerBuilder –ისა და ანალიტიკური ფირმა  Modelling Specialists International –ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების რეიტინგში პირველ ადგილებს  პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი  და მარკეტინგის სპეციალისტი იკავებს. ამ კუთხით საქართველოს და მსოფლიოს ტენდენციები ერთმანეთს გარკვეულწილად ემთხვევა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ახალი სამუშაო ადგილები ამ და სხვა დარგის სპეციალისტების დასასაქმებლად არ იქმნება.