რას მისცემს შაჰ-დენიზის გაფართოება ევროპას და რას მისცემს იგი საქართველოს? ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის გაფართოებას მთავრობის წევრები და ექსპერტები ეხმაურებიან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, მილსადენის მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში, დაახლოებით, 2 ათასი, ხოლო ექსპლოატაციის პერიოდში - 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. “გარდა ამისა, მილსადენის ამოქმედების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ბუნებრივ აირს, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კალაძემ.
შაჰ-დენიზის ნავთობსადენის მე-2 ფაზის პროექტის განვითარების ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, რათა თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კბ/მ გაზის მიწოდება განხორციელდეს. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ-ის - საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთანავე, ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში.
არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც, გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში დამატებით 1 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისთვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით, დაახლოებით, 350 ათასი ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.
შაჰ-დენიზის საბადო ყველაზე დიდია აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს. მისი რეზერვი, დაახლოებით, 1 ტრილიონი კბ/მ-ია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება 2006 წელს დაიწყო. მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობა წელიწადში 25 მლრდ კბ/მეტრია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის პროექტი შეაფასა. მისი თქმით, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ხელმოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, ვინაიდან, ახლო მომავალში, შესაძლოა, მთლიანად შეიცვალოს ევროპის ენერგეტიკული რუკა.
“აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული, პოლიტიკური ეკონომიკური და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა და ჩემი ჩამოსვლა იყო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას”, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ პროექტიდან, პრემიერ-მინისტრის თქმით, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში იგეგმება 700 მილიონამდე დოლარის ოდენობის ინვესტიცია, გაჩნდება 2-3 ათასი სამუშაო ადგილი, 16 მლრდ კბ/მ-მდე გაიზრდება გაზის გამტარუნარიანობა, საიდანაც 5% საქართველოში დარჩება. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, საქართველომ კიდევ უფრო ეფექტურად აითვისოს საკუთარი დერეფანი და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისთვის.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის დაწყების ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გამოეხმაურა.
“შაჰ-დენიზის პროექტი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტია საქართველოსთვის და არა მხოლოდ თავისი მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სოციალური დატვირთვით. უპირველეს ყოვლისა, შაჰ-დენიზის მილსადენი ეს არის უმნიშვნელოვანესი ტრანსნაციონალური პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს აზია-ევროპის დამაკავშირებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ქსელში, გახდეს ამ უდიდესი პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილე და მაქსიმალურად გამოიყენოს გეოსტრატეგიული როლი და სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია.
პრაქტიკულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. შაჰ-დენიზის პროექტმა კიდევ მეტად უნდა გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების და აქედან გამომდინარე, ზოგადად ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების დონე.
მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზრუნავსა და პრიორიტეტს სწორედ ის უნდა წარმოადგენდეს, რომ შაჰ-დენიზის მეორე ფაზის რეალიზაციის პროცესში, ეს პროექტი მაქსიმალურად იყოს მორგებული საქართველოს ეკონომიკურ და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესს”, - განაცხადა კალანდაძემ.