რატომ ურტყამდა თავში ვანო მერაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი?!

რატომ ურტყამდა თავში ვანო მერაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი?!

"დღეს აღარავინ იხსენებს, როგორ დაიწყო დიდ პოლიტიკაში შემოსვლა აწ პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც დღეს საკნიდან მის გატაცებაზე და შანტაჟზე ლაპარაკობს. 2002 წელს მერაბიშვილი "ვაშინგტონ პოსტს" აძლევს ინტერვიუს იმაზე, რომ შევარდნაძე უკვე "გამოსირდა" და დროა, ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვიდნენ. ამ ინტერვიუს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში. შესაძლოა, შევარდნაძე მართლაც გასაშვები იყო, მაგრამ მერაბიშვილმა და მისმა ძმაკაცებმა ყველას ჩაშვება დაიწყეს, ვისი ჩაშვებაც კი შეიძლებოდა. თუ რა კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება პატიმარი მერაბიშვილი, ამაზე "ალიას" უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ ურტყამდა თავში ვანო მერაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი?!

"ესენი გააქტიურდნენ მას შემდეგ, როცა მერაბიშვილმა ინტერვიუ მისცა "ვაშინგტონ პოსტს", ეგ ამბობდა, შევარდნაძე დაბერდა და ვეღარაფერს ვეღარ აკონტროლებსო. მე ძალიან გამიკვირდა, მაგისი ინგლისური როგორ გაიგო გაზეთის კორესპონდენტმა? ეს იყო მაგათი მხრიდან ერთ-ერთი პირველი დარტყმა, რამაც გაჟონა. ვანო მერაბიშვილის ხასიათი და ფსიქიკა რომ აღვწეროთ, ერთ მომენტს გავიხსენებ: ადრე ინტერვიუში ერთი მაგალითი უკვე მოგიყვანეთ, საქმე ეხებოდა სოხუმს. ბრძნული გამომეტყველებით იკითხა, აფხაზეთი რომ დავბომბოთ, რა მოხდებაო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-მეთქი და გადაიხარხარა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ყოველთვის რეალობას მოწყვეტილი კაცი იყო", - აცხადებს გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია.

"ახლა მეორე მომენტი, რომლის შესახებაც არასოდეს მითქვამს: ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, მასთან მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმეგობრობდით. მოკლედ, მოვიდა და მითხრა, მიშას იუსტიციის სამინისტროში თავის მოადგილედ მივყავარ, ახლა მაგ გიჟთან და გადარეულთან ვერ წავალ, ფული მიშოვია, ნადირობა შემიყვარდა, ვნადირობ, რა მინდა, აუტკივარი თავი რაზე უნდა ავიტკიოო? შენ მაინც ჩინოვნიკი კაცი ხარ, დასაწინაურებელი ხარ, წადი მაგასთან მოადგილედო. მე ვუთხარი: ირაკლი, შენ ქართლელი კაცი ხარ, მე ვარ იმერელი-მეგრელი, ამ გიჟთან რატომ მიშვებ, ეგ ამბავი არ გამოვა-მეთქი. სიმართლე გითხრათ, მართლა ველოდებოდი დაწინაურებას, კარიერის გაკეთება მინდოდა, მაგრამ გიჟთან ნამდვილად არ ვაპირებდი მუშაობას. მაშინ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მიშასთან მიდი და შენ თვითონ უთხარი უარიო. ამის შემდეგ სააკაშვილმა ირაკლი მაინც დანიშნა თავის მოადგილედ, მაგრამ კიდევ ერთხელ შემომითვალა, ჩემი მოადგილე იყავიო. წავედი უარის სათქმელად, მიშა ადგილზე არ დამხვდა, დროებით შევედი კოტე კუბლაშვილის კაბინეტში, მოგვიანებით გადავედით ოქრუაშვილის კაბინეტში. ამ დროს თქვეს, მიშა მოვიდაო, მაგრამ მას მოჰყვა მთელი "ბატალიონი" და მათ შორის, ვანო მერაბიშვილი, რომელიც აღტყინებულია: ნახეთ, ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა რა გააკეთა? ახლა უნდა დავარტყათ, გავასწოროთ მიწასთანო. ამ დროს თავში წამოარტყა ოქრუაშვილმა, შე შტერო, რა უნდა დავარტყათ, ასეა თუ ისე, მაინც ხომ ჩვენი გუნდის წევრიაო?! ჰოო... მაგი არ მიფიქრიაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.

"ვანო ყოველთვის იყო რაღაც იდეის წამომსროლელი, მაგრამ არ უკვირდებოდა, იმის იქით რა მოხდებოდა. მას ყოველთვის სჭირდებოდა თავში წამომრტყმელი, ანუ ოპონენტი. თუ ასეთი ვინმე არ ჰყავდა, მისი იდეები ყოველთვის გადიოდა. მაგალითად, მიშა იტყოდა, - რკინიგზა უნდა გავიყვანოთ აეროპორტიდან ვაგზლამდეო, ესეც ტაშს უკრავდა და ამბობდა, - ძალიან ეფექტური იქნებაო. რკინიგზა მაინც გააკეთეს და ბოლოს გამოვიდა სისულელე, არავითარი ეფექტი. თუ ვანო იტყოდა, მავანი უნდა დაიჭიროთო, ამაზე არაფერს ეუბნებოდნენ, დაიჭერდა ვიღაცას. მოკლედ, ვანო და ტყუილები ერთმანეთთან ახლოს არიან", - დასძენს რესპონდენტი და კითხვაზე - ანუ დღეს რასაც ლაპარაკობს ეს მტკნარი სიცრუეა? - პასუხობს:

"არსებობს რამდენიმე ვერსია, ერთი ვერსიის თანახმად, თითქოს გარეთ მყოფებს აშინებს, ანუ მიშას აშანტაჟებს. მეორე ვერსია არსებობს, თითქოს, რაღაც მსგავსი მოხდა და ამან უფრო მეტად გაბუქა. მე უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი, მას რაღაც მინიშნებები მისცეს და ყველაფერი გააზვიადა. ის, რომ მერაბიშვილისგან რაღაც ინფორმაციებს ითხოვენ, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის ანგარიშებთან და ასევე, მის პერსონალურ ანგარიშებთან, ეს ფაქტია. მათ მიერ მიღებული კანონმდებლობით სავსებით შესაძლებელია მოსთხოვონ გამოძიებასთან თანამშრომლობა. სწორედ ასე უკეთებდნენ წინა ხელისუფლების მინისტრებს ნაციონალები, მილიონები მოატანინეს საპროცესო გარიგებების შედეგად. მისგან, ალბათ, ითხოვენ ინფორმაციას მიშაზე. როგორც მე ვიცი, ვანოსაც დაახლოებით მილიარდამდე აქვს ნაშოვნი. რაც შეეხება უგულავას, ეს უკვე სხვა პირამიდის თავში იყო, მეორე ბოლოში იყვნენ ადეიშვილი, სააკაშვილი, ვანო და გივი თარგამაძე. აგერ დაიჭირეს ორი კაცი და გამოჩნდა უგულავას პირამიდის შინაარსი. უგულავას შემთხვევაში კორუფცია უფრო დაბალ დონეზე ჩამოდიოდა, იყო ტენდერები, თავიანთი ფორმები, ესენი თვითონვე იმარჯვებდნენ და ასე აკეთებდნენ ფულს".