ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 22 წლის კაცი, იმის გამო რომ მან სამი სამხრეთ კორეული ფილმი ნახა და 70 სიმღერას მოუსმინა. ამის შესახებ The Guardian-ი სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხვანხე-ნამდოს პროვინციაში ჯერ კიდევ 2022 წლით დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულმა ადამიანმა გაამხილა და ეს ინფორმაცია 2024 წლის ანგარიშში მოხვდა. აღნიშნულია, რომ მოკლულმა 2020 წელს მიღებული კანონი დაარღვია, რომელიც „რეაქციულ იდეოლოგიასა და კულტურას კრძალავს“. ეს კანონი ასევე კრძალავს ქვეყანაში მზის სათვალის ტარებას, ალკოჰოლის ღვინის ჭიქებიდან დალევას, თეთრი საქორწინო კაბების ტარებას. ამ ყველაფერს ფხენიანში სამხრეთკორეულ წესებად მიიჩნევენ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთკორეელების ტელეფონებსა და მიმოწერებს სამხრეთკორეულ სლენგსა და ფრაზებზე ამოწმებენ.
2021 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კეი პოპს „ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა, რომელიც აფუჭებს ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდების ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მეტყველებას და ქცევას.
მანამდე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში აიკრძალა ვიწრო ჯინსები, წარწერებიანი მაისურები და სახის პირსინგი. კიმ ჩენ ინმა ამ ყველაფერს კაპიტალიზმის სიმბოლოები უწოდა.