საქართველოში, სადაც უამრავი ქვეყნის აგენტურული ქსელი მუშაობს, სავარაუდოდ, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების ინტერესით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავენ.
ამ პრობლემის წინაშე არაერთი ქვეყანაა, თუმცა გამოძიების დაწყებას ბევრი სახელმწიფო ვერ ბედავს იმის შიშით, რომ ზესახელმწიფოთა აგენტურული ქსელის გამოაშკარავებით ამ სახელმწიფოთა კეთილგანწყობა არ დაკარგონ.
ამ საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილად იქცევა უნგრეთი, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებას „უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“ უდგას სათავეში, რომელსაც უცხოური გავლენებისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ევალება.
რა გეგმები აქვთ საქართველოში მოქმედ უცხოური გავლენის აგენტებს და პოლიტიზირებულ არასამთავრობოებს, ამის შესახებ for.ge-ს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ესაუბრა.
იგორ კვესელავას განმარტებით, მთელ მსოფლიოში საუკუნეების მანძილზე მოქმედებდნენ აგენტები და მომავალშიც იმოქმედებენ. საჭიროების მიხედვით, შეიძლება მათი რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. ცნობილია ისიც, რომ ამ მიმართულებით ძალიან ძლიერი ქვეყნებია ამერიკა, ბრიტანეთი, ისრაელი, რუსეთი. ამ მხრივ სერიოზული მუშაობა განაახლა ჩინეთმაც. ასე რომ, ეს ისტორიული კანონზომიერებაა და ეს არ არის 21-ე საუკუნის ან 20-ე საუკუნის მოვლენა. ეს საქმიანობა ადრეულ საუკუნეებშიც იყო, არის და იქნება ყოველთვის.
„სიმართლე რომ ითქვას, ჩვენც გვყავს ასეთი აგენტურა და ეს დასამალი არ არის. ეს მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსებს, დიდ გამოცდილებას, ტექნიკას, ნდობის მოპოვებას, ასე რომ, ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ განვითარებულ ქვეყნებთან. ჩვენ განვითარებადი ქვეყნის დონეზე ვართ და ჩვენთან ეს საქმე იმ დონეზეა, რის საშუალებასაც ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა გვაძლევს. რაც შეეხება იმას, რომ უნგრეთში აგენტები მოქმედებენ, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა უნგრეთი ვერავითარ გამოძიებას ვერ დაიწყებს აგენტების წინააღმდეგ, არ არის ის ქვეყანა უნგრეთი, რომელიც რაიმე საზომი იყოს ევროკავშირისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივას ბევრი ქვეყანა ვერ აიღებს საკუთარ თავზე, ეს უნგრეთმა აიღო თავის თავზე, მაგრამ რამდენად გაჭრის ეს და რამდენად ეფექტური იქნება, სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, თეოროულად, შეიძლება ამის წარმოდგენა, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების უკან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა იმალება, მაგრამ, როცა ასეთი გამოძიება მიმდინარეობს, ფარული არხები მაინც დარჩება და მაქსიმალურად ამ საეჭვო ქმედებების გამოვლენა შეუძლებელი გახდება. ყველაფერს მაინც კანონზომიერება აქვს. ყველამ იცის, რომ არსებობენ ერთმაგი, ორმაგი და სამმაგი აგენტები და აგენტები ყველგან რომ არსებობს, ამას რად უნდა ლაპარაკი“, -აცხადებს იგორ კვესელავა.
ანალიტიკოსის თქმით, მხოლოდ აკერმანის ინსტრუქცია არ მოქმედებს საქართველოში, არამედ სხვა ინსტრუქციებიც არსებობს. სხვათა შორის, აკერმანის ინსტიტუტი ღია ინსტიტუტია და არც იმალება. მაგალითად, ევროპაში არსებობს აკერმანის მსგავსი ინსტიტუტები, სადაც სწავლება მიმდინარეობს და სახელმწიფო ფულს იხდის ამაში. ანუ სახელმწიფოს დონეზეა ეს აყვანილი. იგორ კვესელავას მოსაზრებით, კოლუმბიაზე როცა ვლაპარაკობთ, ყველას ახსენდება კოლუმბიის უნივერსიტეტი. მათ აქვთ სპეციალური სრულიად საიდუმლო დაწესებულება, სადაც, ასევე, მიმდინარეობს სწავლება და ეს მიღებული ამბავია სახელმწიფოთა შორის. საამისოდ სპეციალურად შეირჩევიან ადამიანები. ასეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში, გაივლის 50 და 100 წელი და მათზე დაიწერება, როგორც იწერება რუდოლფ აბელსა და სხვებზე. ამ სფეროში თავისი გვარით არავინ მოქმედებს. მათ აქვთ სხვადასხვა გვარი, სახელი, სარწმუნოება, ესენი პოლიტიკაში გაცნობიერებული ადამიანები არიან, ფიზიკურად მომზადებულნი, ხელოვნების, ენების მცოდნენი. იქ ადამიანი რომ მიდის, ყველაფერთან უნდა იყოს მორგებული და შეგუებული და დიპლომატიც უნდა იყოს.
ის ფაქტი, რომ არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ აკეთებენ განცხადებას არასამთავრობოები და რევოლუციურ სამზადისში არიან, ანალიტიკოსს არ უკვირს. მისი აზრით, აბსოლუტურად მართებული არჩევნები არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება. ხელისუფლებას შეუძლია არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს და ეს ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ზვიად გამსახურდიას გარდა.
იგორ კვესელავა ამბობს, რომ არსებობს არჩევნების ფარული და ღია გაყალბება, როდესაც საკუთარი გამარჯვების მიზნით არჩევნების წინ გამოაცხადებ, რომ პენსიონერებს, მასწავლებლებს მოემატებათ პენსიები, ხელფასები. რაც შეეხება უშუალოდ ადმინისტრაციას, მათ ისედაც მომატებული ხელფასები აქვთ.
„არჩევნებისთვის ემზადება ორივე მხარე. მიშას არჩევნები როგორ ჩატარდა, ეს კარგად ვიცი. იმ დროისთვის შემუშავებული ჰქონდათ 49/51, გამზადებული იყო ეს მონაცემები და ამერიკამ შეუშალა ხელი ამის განხორციელებას. ამ გეგმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა ხმათა 49%-ს, სააკაშვილი მიიღებდა 51%-ს და გამარჯვებულიც იქნებოდა. ამიტომ ახლა ლაპარაკია და უცხოელებიც უჭერენ მხარს კოალიციურ მთავრობას, რომ ერთ პარტიას დიქტატურისკენ ცდუნება არ გაუჩნდეს. როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის, ამისთვის სამი მთავარი მომენტია საჭირო - ესაა პოლიტიკური ბრძოლა, ეკონომიკური ბრძოლა და ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა. თუ ამერიკამ და ევროპამ გამოაცხადეს, რომ ამ არჩევნებს არ უჭერენ მხარს და არჩევნები გაყალბებით ჩატარდა, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ ასეთ არჩევნებში გამარჯვებულ ხელისუფლებას. ვფიქრობ, ამის ელემენტები და ნიშნები უკვე ჩანს ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
დემოკრატიულადაც შეიძლება ძალაუფლების მოპოვება. ჩვენ გვაქვს განვითარებადი ქვეყნის დონის დემოკრატია და არა განვითარებული ქვეყნის დონის დემოკრატია. დავუშვათ, ევროპამ და ამერიკამ არ ცნო ეს არჩევნები და ჩვენი საზოგადოების სერიოზულ ნაწილსაც კითხვები გაუჩნდა, მაშინ უკვე ეს იქნება გადატრიალება. არის გადატრიალება იარაღის მეშვეობით და არის მშვიდობიანი გადატრიალებაც. თუ ზვიად გამსახურდია იარაღის მეშვეობით ჩამოაგდეს, სხვა გადატრიალება შედარებით მშვიდობიანი იყო, თუნდაც სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ.