სასწრაფო და დაუყოვნებლივი ზავი! - ამ წინადადებით ჩავიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში და უკარინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ვინ გაგზავნა ორბანი კიევში პუტინმა თუ ბრიუსელმა? თუ საკუთარი ინიციატივით ჩავიდა, რადგან უნგრეთი 1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა?!
კრემლი უკვე გამოეხმაურა ორბანის კიევში ვიზიტს და განაცხადეს, რომ ის მათ არ გაუგზავნიათ და ორბანი, დიდი ალბათობით, ბრიუსელის დავალებით ჩავიდა. თუმცა ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ ორბანი რუსების დავალებით იმყოფება, რადგან პუტინი მოლაპარაკებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე ალაპარაკდა. ამიტომ ორბანი ახლა ყველაზე კარგი კანდიდატურაა მოლაპარაკების დაწყებისთვის, რადგან ის არის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ასევე ნატოს წევრი ქევყნის ლიდერი, თანაც პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს.
არავისთვის არის დასამალი, რომ ორბანს პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს და ის რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა. ასევე უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც.
2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის განცხადებებში უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.
„ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.
„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
„ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს ეფიქრა, შეიძლება თუ არა სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა“, - აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. „ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი აზრისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში „ბრიუსელის ინტერესების“ გასატარებლად მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქვეყანა პირველ ივლისს ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ორბანის კიევში ვიზიტს.
„უნგრეთი გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. ამიტომ მან უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები ბრიუსელის ინტერესების კონტექსტში და არა – უნგრეთის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი არ ელოდება უნგრეთისგან რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯებს. პესკოვმა ასევე განუმარტა ჟურნალისტებს, რომ მოსკოვს არ სჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, რას უნდა ელოდოს უნგრეთის პრემიერის კიევში მოგზაურობისგან. ამასთან, პესკოვის განცხადებით, უნგრეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ცდილობს, იმოქმედოს საკუთარი სახელმწიფოს და არა ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ორბანმა იცის, მტკიცედ როგორ დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები“, – ამბობს პესკოვი.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ყველასთვის ცხადი და ნათელია, რომ ვიქტორ ორბანი კიევში ვლადიმერ პუტინის მიერ იყო წარგზავნილი, მიუხედავად იმისა, მისთვის რაიმე დიდი როლის შესრულების დაკისრება გამორიცხულია. უბრალოდ, მისი მეშვეობით კრემლმა ზელენსკის კბილი მოუსინჯა, რაზე შეიძლება წამსვლელი იყოს.
„ახლა რუსეთს ყველა მხრიდან აქვს მცდელობა, რომ ეს ომი სამშვიდობო ფორმატში გადაიტანოს. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს ეკონომიკურად სიტუაცია აღარ აქვს ისეთი მომგებიანი, რომ ომი კიდევ დიდი ხანი გააგრძელოს. ან მეორე ვერსიაა, რომ ამით ტაქტიკურად უნდა დრო მოიგოს და ძალების მობილიზება შეძლოს. თუმცა ფაქტია, რომ კიდევ დიდი ხანი ამ ომს, ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ვეღარ გაუძლებს. ორბანის ჩასვლა პუტინის გზავნილია, თუმცა გამოვრიცხავ, რომ მან ზელენსკისგან, ამ ეტაპზე, რაიმე ხელშესახები პასუხი მიიღოს.
უნგრეთი ვიცით, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა, ამ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ქვეყნის ლიდერი გამოიყენა პუტინმა სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ნიადაგის მოსასინჯად. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ორბანსა და პუტინს, ამ ეტაპზეც, საკმაოდ სინქრონული ურთიერთობები აქვთ. ალბათ, პირველ რიგში, ეს ყველაფერი გარდა ფინანსურისა, ენერგო მატარებლების თემასაც ეხება. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან ორბანს კომუნიკაცია შეუძლია ევროკავშირის წევრ ლიდერებთანაც და პუტინთანაც. ის არის ახლა ფიგურა, რომელსაც რომ იტყვიან, ყველგან მიესვლება, რადგან არის როგორც ვთქვი, ნატოსიც და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერი“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
მისივე თქმით, კრემლს ადრე უფრო მაღალი რანგის და გავლენის ლიდერი ერდოღანიც გამოუყენებია უკრაინასთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ მაშინ ეს კავშირები ყარაბაღის ომზე გადაიცვალა, თუმცა მაშინაც მნიშვნელოვან რაიმე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ვფიქრობ,პუტინისგან ეს არის ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა და არა რაიმე სერიოზული მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა. უფრო ტაქტიკური ნაბიჯები მგონია. ახლა ფრონტის ხაზზე რესურსების ამოწურვაც ხდება. არანაირი წინსვლა არც ერთი ქვეყნიის მხრიდან არ შეიმჩნევა. ორივე სადღაც არიან გაჭედილები. არც რუსეთის რესურსია ულევი და დასავლეთზეც ეს ომი უკვე სერიოზულად მოქმედებს. ამიტომ გარკვეული ცვლილებები ამ ომში გარდაუვალია.
ჯერ ძალიან შორს არის უბრალოდ საუბარი, ვინ რა დათმობაზე წავა. არ არის ჯერ ის საერთო ფორმულა, რომლითაც ომის დასრულებაზე შესაძლოა საუბარი იყოს, მაგრამ ეს ომი დიდი ხანი კიდევ ვერ გაგრძელდება, ამაზე ყველა თანხმდება. არავინ არ იცის ამ წლის ბოლოს რა სიტუაცია იქნება. საბოლოოდ მაინც დაჯდება ყველა მხარე მოლაპარაკებაზე, რადგან ჩანს, რომ ამ ომის მოგების პოტენციალი არც ერთ მხარეს არ გააჩნია. არც დასავლეთია მოწოდებული ისეთი დონის დახმარება გაუწიოს უკრაინას, რომ მან გაიმარჯვოს. ამიტომ ყველა გამოსავლის ძიებაშია“,-ამბობს ბენდიანიშვილი.