„რუსეთი კარგავს სომხეთს, ამიტომაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად ჩაებღაუჭოს საქართველოს“

„რუსეთი კარგავს სომხეთს, ამიტომაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად ჩაებღაუჭოს საქართველოს“

ნიკოლ ფაშინიანს დაყოვნება არ სურს და ნახევრად ხუმრობით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე გეგმავს.

სომხეთმა შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი დაჩქარებულად ჩაატაროს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომეხი ხალხის სურვილი ევროკავშირში ყოფნაა. ამ რამდენიმე დღის წინ სომხეთის პარლამენტში მიმდინარეობდა დისკუსია ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ცნობილია, რომ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ქვეყანაში სახალხო რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთზე გულაცრუებული ფაშინიანი პუტინს და საბოლოოდ კარგავს თუ არა პუტინი სამხრეთ კავკასიას?!

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანებამდე შორი გზა არის გასავლელი, გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერ ნაადრევია საუბარი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ სომხეთმა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება ჭკვიანური ნაბიჯია სომხეთის მხრიდან, რადგან უშუალოდ სომხეთის მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი ნება, დღეს დიდი შესაძლებლობაა, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან მათ რუსეთის რეალური სახე დაინახეს. სომხეთის ეროვნული უშიშროების მდივანმაც განაცხადა, რომ ფაქტობრივად, რუსეთმა დაიკავა ყარაბაღი, ანუ რუსეთმა აუნთო მწვანე შუქი აზერბაიჯანს და ამიტომაც დაიწყო ომი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპულ სტრუქტურებში სომხეთის ინტეგრაციის მიმართულებით პროცესი დადებითად წარიმართება, თუმცა ამას წლები დასჭირდება, იგივე ეხება საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს სამხრეთ კავკასიას, კერძოდ, რუსეთი უკვე კარგავს სომხეთს, ამიტომაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად ჩაებღაუჭოს საქართველოს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირის წევრობის სურვილს არ ამჟღავნებს, ფაქტია, რომ აზერბაიჯანიც ბევრად დამოუკიდებელია რუსეთისგან, ვიდრე თუნდაც ყარაბაღის მეორე ომამდე იყო. ყარაბაღის მეორე ომამდე განიხილებოდა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღები იყო რუსეთში და რუსეთს უნდა აენთო მწვანე შუქი. პლუს ამას, აზერბაიჯანმა გაწმინდა ის ტერიტორიები, რომელსაც აკონტროლებდნენ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები. ასე რომ, აზერბაიჯანი და სომხეთი დღეს რუსეთზე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი.

რაც შეეხება გიუმრის ბაზას, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა ისევ არსებობს და თურქეთიდან სომხეთის საზღვრამდე რუსი მესაზღვრეები კვლავაც არიან განთავსებულნი. თუმცა გამორიცხული არ არის, სომხეთმა მოითხოვოს რუსული ბაზების გაყვანა.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ერთი შეხედვით, სომხეთს არაფერი აქვს, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, უზარმაზარი დიასპორა მაინც ჰყავს ამერიკაში, საფრანგეთში და სხვაგან. ფაშინიანი კი განსწავლული, პოლიტიკისთვის დაბადებული კაცია.

მე მას ცოტა სხვანაირად ვუყურებდი, მაგრამ თანდათან დავაკვირდი და სულ მალე ჩემი წიგნი გამოვა აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის შესახებ, ფაშინიანი შესანიშნავად თამაშობს პოლიტიკურად. გამორიცხული არ არის, სომხეთი ჩვენზე ადრეც შევიდეს ევროკავშირში სწორედ უზარმაზარი დიასპორის წყალობით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს ევროკავშირი არ აინტერესებს და დაკავშირებულია თურქეთთან, რომელსაც, თავის მხრივ, რამდენი ხანია, ევროკავშირში შესვლა სურს, მაგრამ არ შეჰყავთ. ფაშინიანმა თანდათანობით დაიწყო დასავლეთისკენ ყურება და, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა დაკარგა თავისი გავლენა. ცხადია, რუსეთს აქვს მცირეოდენი გავლენა სომხეთზე, გარკვეულწილად, რუსეთს საქართველოზეც აქვს გავლენა, მაგრამ ეს ის გავლენა არ არის, რომელიც აბსოლუტურ ჩარევას ნიშნავს. რუსეთს გავლენა აქვს აზერბაიჯანზეც, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, აზერბაიჯანში რაიმეს განაგებდეს რუსეთი, - აცხადებს იგორ კვესელავა და, შეკითხვის საპასუხოდ, სომხეთი რითი დააინტერესებს ევროკავშირს, განმარტავს, რომ პოლიტიკა ისეთი რამეა, შეიძლება 1-2 წელი საინტერესო ქვეყანა არ იყოს სომხეთი, მაგრამ შემდგომ გამოჩნდება მისი საჭიროება.

ანალიტიკოსის აზრით, ევროკავშირი სომხეთით დაინტერესებული იმიტომაცაა, რომ სამხრეთ კავკასიაში მას ეყოლება მხარდამჭერი სახელმწიფო. აქ მაინცდამაინც ფულზე კი არ არის საუბარი, აქ პოლიტიკურ გავლენაზეა საუბარი. ამ ყველაფერს აკეთებს საფრანგეთი. დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს სომხეთს საფრანგეთზე. ეს განპირობებულია იმ დიასპორით, რომელიც სომხეთს ჰყავს. პოლიტიკა დუმილის ხელოვნებაა, პოლიტიკა ზოგჯერ უკანდახევაცაა, რაც სომხეთს კარგად გამოსდის.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირალი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მიუღებელია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა სომხეთის გაწვრიანება ევროკავშირში წელს არარეალისტურია, სამომავლოდ ეს სავსებით რეალურია.

გონივრულია ისიც, რომ რეფერენდუმზე სომეხ ხალხს უნდა გამოჰკითხონ, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ხალხის გადაწყვეტილებით უნდა დაფიქსირდეს ეს სურვილი. ყარაბაღის მოვლენების განვითარებამ გვაჩვენა, რომ რუსეთისადმი სომხეთის ნდობა იყო უიმედო, უსაფუძვლო. იმედი მაქვს, სომეხ ხალხს კეთილგონიერება ეყოფა და ევროპულ გზას აირჩევს, - გვითხრა ირაკლი მენაღარიშვილმა.

Gami რაში ადგება ეს დიასპორა სომხეთს? სადაც და როგორც არის კი ვხედავთ.
4 თვის უკან
ლაზი სომხეთი ყოველთვის იყო თავის ტკივილი რუსეთისათვის, თავისი აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის გამო. სომხებმა თავი მოიჭრეს საქართველოს წინაშე აფხაზეთში. მათი ნამოქმედარი ადრე თუ გვიან შეფასდება, როგორც მონაწილეობა ქართველების გენოციდში. აბა სხვა რა უნდა დაერქვას ქართველი მოსახლეობის ხოცვას და 300 ათასი ადამიანის, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გაძევებას.
რუსეთის ბლატით, სომხეთმა მოახერხა ომის გზით, აზერბაიჯანული მოსახლეობის განდევნა მთიანი ყარაბაღიდან და მისი დამოუკიდებლობის გამოცხადება.
სომხეთი რუსეთვის, არც სამხედრო თვალსაზრისით წარმოადგენს კომფორტულ მოკავშირეს, თავისი ჩიხური მიუწვდომლობის გამო. იქ ბაზა კი არის, მაგრამ მისი მომარაგება საკმაოდ პრობლემატურია.
სომხეთი რუსეთზე გაბრაზებულია, რატომ აზერბაიჯანთან ჩვენს მაგიერ, მის ტერიტორიაზე არ იომაო.
რუსეთი ამ შემთხვევაში სავსებით სწორად მოიქცა, რაც იშვიათი გამონაკლისია. აზერბაიჯანთან და იმავდროულად თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება, ნამდვილად არ ღირდა, მით უმეტეს რომ ირანთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს და არც თურქეთის წინააღმდეგ სჭირდება სომხეთის ბაზები. უფრო მეტიც, თითონ სომხეთი, მიუხედავად საუკუნოვანი მტრობისა, აპირებს თურქეთთან ურთიერთობის დათბობას და საზღვრების გახნაზეც საურობს.
ასე რომ, სომხეთი რუსეთს არავის წინააღმდეგ აღარ სჭირდება. მით უმეტეს, რომ სწორედ დიასპორის გამო, მას სომხეთზე გავლენა ყოველთვის ექნება. რუსეთში, სომხური, მთელი ქალაქები და სოფლებია, რომ არაფერი ვთქვათ იქ დასაქმებულებზე, რომელთა გზავნილები ნახევარ სომხეთს არჩენს.
სხვათა შორის, ევრო რეფერენდუმის გარანტირებული იმედიც ნურავის ექნება. საქმე საქმეზე რომ მივა, რუსეთის სომხური დიასპორა არ იჯდება ხელდაკრეფილი.
დღეს რუსეთისთვის, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დარეგულირება უფრო აქტუალურია, ვიდრე ჭირვეული სომხეთისათვის კვერცხის გორება.
ევროპისათვის სომხეთის ფაქტორი მხოლოდ თურქეთის გავლით იქნება აქტუალური. ცდილობენ კიდეც სომხეთის თურქეთთან შერიგებას. თუმცა ევროპას თითონ თურქეთთანაც ბევრი პრობლემური საკითხი აქვს მოსაგვარებელი.
ასე რომ ამიერკავკასიის გასაღები მაინც საქართველოშია, რაც ძალიან კარგად იციან რუსეთში. მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებენ. საერთოდ, არ არის გამორიცხული, რუსეთში უკვე ბევრი აცნობიერებდეს კიდეც, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შეცდომას. ამიტომ რაც უფრო ადრე დაადგებიან საქართველოსთან ურთიერთობების სამართლიანად დარეგულირების გზას მით უკეთესი მათთვის. თან ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არავის ვასალი არ გახდება.
4 თვის უკან