შეასრულებს თუ არა ოპოზიცია ბრიუსელში დადებულ პირობას და ზუსტად ერთ კვირაში, 8 ივლისს ქართველი ამომრჩევლის წინაშე უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული წარსდგება, ვინ ვისთან ერთიანდება და ჯგუფდება. თუმცა ამ დღეების განმავლობაში ამისთვის მზადება ოპოზიიცის მხრიდან არ შეიმჩნევა. არ იკვეთება არანირი კონტურები იმის, რომ ისინი ერთ კვირაში რეალურად რამეზე ჩამოყალიბდებიან. არადა ბრიუსელში, ევროპული სახალხო პარტიის წინაშე დადებული პირობით, სულ მცირე 6-მა პარტიამ სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს, როგორ და რა კონფიგურაციით აპირებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
პარტია „ახალი“-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ რამდენიმე პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შიდა კვლევები ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციის გაერთიანება არ სურს. ამიტომ, დიდი ალბათობით, პარტიები ბრძოლას კვლავ ცალ-ცალკე გააგრძელებენ და საერთო სია არ იქნება.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ამ კონგლომერატს, რასაც ვუყურებთ, სინამდვილეში აქვს და ჰქონდა ყოველთვის და იღებს ფრანკენშტაინის ფორმას. ეს არის მათი პრობლემა, რომ როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე პოლიტიკურ ფრანკენშტაინს იღებენ, რომელიც არის მონსტრი და არ აქვს არანაირი იდეა. ამიტომაც არის, რომ ყოველ ჯერზე მოსახლეობა ამას შესაბამის პასუხს სცემს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია უკვე ძალიან აგვიანებს და საკუთარ ამომრჩეველს გაურკვევლობაში ტოვებს. ძაბირაძე ამბობს, რომ რაც უფრო გვიან ჩამოყალიბდება ოპოზიცია, მით უფრო პრობლემური იქნება ამომრჩევლის მაქსიმალური მოზიდვა. ეს კი ყველაზე მეტად წყალს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს.
„თუ არჩევნებზე ამომრჩეველი ცოტა რაოდენობით მოვიდა, ეს იქნება „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების გარანტია. მისი ამომრჩეველი მივა, შესაბამისად, ის შეძლებს, რომ სრული უპირატესობით გაიმარჯვოს. ვფიქრობდი, რომ ოპოზიციაში, სადღაც მაისის ბოლოსთვის, მაინც უნდა ყოფილიყო გარკვეული ვინ ვისთან აპირებს დაჯგუფებას და ვის ურიგდება. უკვე ივლისი დაიწყო და არაფერი არა ჩანს. მე არა მაქვს იმედი და ამის არანაირი კონტურები არ იკვეთება, რომ ესენი ერთ კვირაში რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან. სექტემბერი უკვე ძალიან გვიან იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას დღეს გამწევი ძალა და ლიდერი არა ჰყავს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ფიგურა, ვის გარშემოც ოპოზიცია გაერთიანდება.
„ქართული საზოგადოება მიჩვეულია სრულიად სხვა ქარიზმატულ ლიდერებს. ზურაბიშვილი მხოლოდ დასავლეთისკენ ორიენტირია. პროევროპულობის გამომხატველია და უფრო იდეური და საგარეო ორიენტირია, ვიდრე არჩევნებში უშუალოდ მონაწილე ლიდერი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ამ ტიპის ლიდერები, ამ ეტაპზე, ოპოზიციას არა ჰაყვს. ზურაბიშვილი ვერ იქნება მათნაირი ლიდერი. ამიტომ საჭიროა, რომ ამომრჩეველი ოპოზიციამ არჩევნებზე მაქსიმალურად მიიყვანოს. მათი ჩამოუყალიბლებობა და დროში პროცესის გაწელვა, ოპოზიციას აზიანებს. ამომრჩეველს ვეღარ დაარწმუნებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას შეცვლიან“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, არ ჩანს ოპოზიციაში ისეთი მოძრაობა, რომ 8 ივლისს რაღაცა მოულოდნელი შემოგვთავაზონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქაც ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ „ოცნების“ ამორჩეველს არაფერში სჭირდება გარკვევა. ის ჩამოყალიბებულია და არჩევნებზე მივა.
„იგივე ეხება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსაც, მიუხედავად იმისა, რა გადაადგილება ხდება პარტიაში და რა სახის კრიზისი აქვთ. რაც შეეხება ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოს, ხელისუფლებაში ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს ამომრჩეველია ჩამოუყალიბებელი. როცა ვსაუბრობთ, რომ ეს გაურკვევლობა ხელისუფლებაში წისქვილზე ასხამს წყალს, „ოცნებას“ ამით ამომრჩეველი კი არ მოემატება, არამედ ოპოზიციას დააკლდება. ეს შუაშისტური ამომრჩეველი, რომელიც დღეს არ არის ჩამოყალიბებული, ისევ ჩამოუყალიბებელი დარჩება და არჩევნებზე არ წავა. ესაა პრობლემა, რომ ოპოზიცია ამ ხალხს ვერ არწმუნებს ხმა რატომ უნად მისცენ“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიულად ასეთ დაბნეულობას, ძაბირაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ოპოზიციის სიფრთხილე და ამბიციების სიჭარბეა. ყველას პირველობა და ლიდერობა უნდა, რაც გაერთიანების შემთხვევაში არ გამოდის. ამიტომ პირადი ამბიციების გამო არ ყალიბდებიან ბოლომდე, რა უნდათ, რაც ყველაზე მეტად მათ აზიანებს და ოპოზიციურ ამომრჩეველში დიდ სკეპტიციზმს აჩენს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის გაურკვევლობას „მწვრთნელის“ არყოლას აბრალებს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ასეთი გზააბნეული და დეკლარაციებში დაკარგული ოპოზიცია ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. არც საყვარელიძე ელის, რომ 8 ივლისს ოპოზიცია რაიმე ხელშესახებს შესთავაზებს ამომრჩეველს და ფიქრობს, რომ არსებული სურათი არ შეიცვლება.
„ჩვენს ოპოზიციაში ყველა თავის მხარეს ეწევა ზეწარს და პირველობა სურთ. მათ ჯერ კიდევ ვერ მონახეს ფორმულა, რითაც „ოცნებას“ კონკურენციას გაუწევენ. აჩემებული აქვთ, რომ „ოცნებას“ იმიტომ ვერ ამარცხებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილს ფული აქვს. არადა იმას არ აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა მათშია. მოსახლეობას ოპოზიციის მიუღებლობა და უნდობლობა აქვს. არსებობს საზოგადოების რაღაცა ნაწილში პროტესტი ხელისუფლების მიმართ, უკმაყოფილება, მაგრამ ოპოზიცია ვერ არწმუნებს მათაც კი, რომ ხელისუფლების სადავეებს თუ გადასცემენ, „ოცნებაზე“ უკეთესად გაუძღვებიან. ერთი ის აქვთ აკვიატებული, რომ ვითომ ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის.
რუსეთისკენ მიდის და ა.შ. ვხედავთ დასავლეთიდან ამაზე კვერსაც უკრავენ. „ოცნება“ ბოლო დროს, როგორ წნეხში ჰყავთ მოქცეული, მაგრამ ხალხში ამას მაინც არა აქვს მნიშვნელობა. ის რომ დასავლეთს უნდა ოპოზიციის მოყვანა ხელისუფლებაში, ხალხისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენს მოსახლეობას უნდა მეტი სიცხადე და არ სურს ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლა. ამ ხალხის უმეტესობა მათ ნანახი ჰყავთ და რა დღეშიც ჩააგდეს ხალხი და ქვეყანა, ვიცით უკვე. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას თუ ოპოზიცია არ აჩვენებს კონკრეტულად რას აპირებს, ვინ იქნება ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, მათ სადავეებს არ გადასცემენ. მარტო დასაველთის იმედზე ყოფნა კიდევ არ უშველით“, - ამბობს საყვარელიძე.