ოპოზიციის მცდელობა, წინასაარჩევნოდ გაერთიანდეს, გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ახალი ინიციატივით შემოვიდნენ - ოპოზიციურმა სპექტრმა ხელი მოაწერა „ერთიანობის დეკლარაციას“ და ამით ამომრჩეველს აჩვენა, თუ რამდენად ერთიანია ოპოზიცია. ასევე, ღია განაცხადი გააკეთა, რომ „ქართული ოცნების“ შესაძლო არჩევის იქით, საზოგადოებისთვის პოლიტიკური არჩევანი უფრო დიდია. ეს ხმების მოზიდვის მცდელობასა და მმართველი პოლიტიკური გუნდიდან ამომრჩეველთა გადაბირების მცდელობასაც ჰგავს.
საინტერესოა, დეკლარაციის, ქარტიისა თუ ოპოზიციის სხვა ერთიანობის გზების ძებნის ფონზე, როგორია დღეს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მდგომარეობა და შეუძლია თუ არა რომელიმე მათგანს მაინც, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“? ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ დეკლარაციებსა და ქარტიების ხელის მოწერის იქით, ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან და გაურკვევლი ამომრჩევლისთვის უფრო ნათელი გახადონ, თუ როგორ და რა სახით გადიან საპარლამენტო არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში, მათივე შეფასებით, შუაშისტური ამომრჩეველი, რომელიც საკმაოდ მაღალია, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რომელმაც შესაძლოა სწორედ არჩევნების შედეგები განსაზღვროს.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეიტინგმა ოდნავ მოიმატა, საერთო სურათი არ იცვლება - ამ ეტაპზე, ოპოზიციამ არ იცის, თუ როგორ და რა სახით გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას“. მისი განცხადებით, ქარტიებსა და დეკლარაციებზე ხელმოწერით არაფერი იცვლება და მნიშვნელოვანია გადაუწვეტელი ამომრჩევლის გარკვევა, სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია ერთ ადგილზე გაყინული დარჩება.
"ოპოზიციური განლაგება არ შეცვლილა, ცალკეულების რეიტინგმა ოდნავ მოიმატა და იმედია, რომ კიდევ მოიმატებს, თუმცა, ეს არ ცვლის რეალურ სურათს - დღეს პირველ ადგილზე „ქართული ოცნებაა“ და შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, გახარიას პარტია. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ.
ჯერჯერობით, ვიდრე ოპოზიცია, ფაქტობრივად, ჩამოუყალიბებელია, ქარტია იქნება თუ დეკლარაცია, რეალურად, არაფერს ცვლის რეიტინგისა და ამომრჩევლის მოზიდვის მხრივ, თუ მას არ დაემატება მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს არის საბოლოო ჩამოყალიბება, როგორ გადიან არჩევნებზე - ცალკ-ცალკე გადიან, გადაჯგუფება მოხდება, გამსხვილება თუ არა. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა დეკლაციების წერა და მათზე ხელმოწერა.
ვიდრე ოპოზიცია არის ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, ოპოზიციის ამომრჩეველიც გაურკვეველ ვითარებაშია. საბოლოოდ, შუაშისტური ამომრჩეველი გადაწყვეტს არჩევნების ბედს და არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ცალკე აღებული. რომელი მოახერხებს შუაშისტური ხმების მაქსიმუმი მიიღოს, ის გადაწყვეტს არჩევნების ბედს. ჯერჯერობით, სწორედ ეს შუაშისტური ამომრჩეველია ჩამოუყალიბებელი, არ იცის რა ქნას. სანამ ოპოზიცია საბოლოო სახეს არ მიიღებს და არ იტყვის „ასე გავდივართ არჩევნებზე“, მანამდე იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციას რაღაც ხელშესახები წარმატება ექნება, შეუძლებელია. ამიტომ, დეკლარაციების შევსება კი არ არის საჭირო, არამედ ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩამოყალიბება, რა სახით გადიან არჩევნებზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ უახლოესი პრაქტიკა აჩვენებს, ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს ცუდსა და უარესს შორის. მისი შეფასებით, ყველაფერი უფრო ნათელი რამდენიმე დღეში გახდება, რადგან როგორც ცნობილია, ოპოზიცია 8 ივლისს გამოაცხადებს, თუ როგორ აპირებს გადაჯგუფებას არჩევნებისთვის.
„ოპოზიცია, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, კოალიციურ მთავრობას შექმნის, თუმცა ეს ამომრჩეველში არ ტოვებდეს განცდას, რომ ის რაიმეთი უკეთესი იქნება „ქართულ ოცნებაზე“ - აქ, სწორედ, შედარებითობის ფაქტორია მნიშვნელოვანი. როგორც ჩვენი არჩევნების პრაქტიკა და ისტორია გვაჩვენებს, ამომრჩეველი ყოველთვის ირჩევს ცუდსა და უარესს შორის. ამ ეტაპზე, ოპოზიციის პერსპექტივები საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება.
ბოლო ზღვარი არის 8 ივლისი, როდესაც ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს ახალი კონფიგურაცია, რომლითაც ისინი დაჯგუფდებიან ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს. 8 ივლისის შემდეგ, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, თუ რა კონფიგურაციით აპირებს კოლექტიური ოპოზიცია წარდგენას არჩევნებზე“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბარში.
მე 5 დღის წინ ვიცოდი შედეგი ერთი მიმართულებით "ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" და აქ ოცნებას იმ კვლევით 44% აქვს, 12%-ით უფრო მეტი ვიდრე მეცოცხეებს, გვარამია-მელიას, ჭუჭუს, ჩახდილ-ხოშტარიას და ლელოს ერთად აღებულს! ეს მათი კვლევით და რეალობა ხომ წარმოგიდგენიათ!:))