მთავარი დამრტყმელები საქართველოს პარლამენტში

მთავარი დამრტყმელები საქართველოს პარლამენტში

ამბობენ, რომ პოლიტიკას კულტურა სჭირდება, მაგრამ, რა ვუყოთ ქართველებმა ჩვენს ემოციებს, ტემპერამენტსა და გენეტიკას? კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ჯანსაღი დებატებითა და საკანონმდებლო ცვლილებებით გვამახსოვრებდეს თავს. ფაქტია, რომ ყველა მოწვევის პარლამენტის განუყოფელი ნაწილი მუშტი-კრივიც არის. 

გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტში შემდგარი დუელები.

პეტრე მამრაძის უპასუხო დარტყმა საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებისა და თავშეკავების შესაშური მაგალითია. სიტყვით გამოსვლის დროს მამრაძეს კაკო ბობოხიძემ თავში გამეტებით უთავაზა,  საპასუხოდ კი ბობოხიძემ არც მეტი, არც ნაკლები - დუმილი მიიღო. ყველაფერი კი ასე დაიწყო - 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პეტრე მამრაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს "სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურა" უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის გაბრაზება მოჰყვა. მან კოლეგას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სახეში ხელი ჩაარტყა. მამრაძეს ბობოხიძისთვის ხელი არ შეუბრუნებია. აკაკი ბობოხიძის დამშვიდება მისმა კოლეგებმა სცადეს, თუმცა, დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მამრაძეს კიდევ რამდენიმე წუთი უყვიროდა.

პარლამენტში "მთავარი დამრტყმელის" სტატუსს ბობოხიძე 2012 წელშიც ინარჩუნებს - ამჯერად ბობოხიძე ჯონდი ბაღათურიას ურტყამს 

ჩვენს პარლამენტს მუშტი-კრივის გარდა სისხისღვრაც ახსოვს. დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა შესაშური ხელმარჯვეობა გამოიჩინა და "ახალი მემარჯვენეების" გენერალურ მდივანს, დავით საგანელიძეს "კასტეტით" თვალის არეში სერიოზული ჭრილობა მიაყენა. ეს 2002 წელს მოხდა. საგანგებოდ მომზადებულმა პეტრემ სხდომათა დარბაზიდან გარეთ იხმო საგანელიძე და იქ ჩაიდინა გმირობა. პარლამენტი ასეთი ერთსულოვანი, ალბათ, არასდროს ყოფილა. ვერ ნახავდით ადამიანს, რომ ცისკარიშვილის გამამართლებელი არგუმენტი ეთქვა. თავად დაზარალებულმა კი შურისძიებაზე უარი განაცხადა: "ის, რაც ჩაიდინა პეტრე ცისკარიშვილმა, ადამიანის ქმედებას არ ჰგავს, მაგრამ მე არ მინდა, მას სამაგიერო ვინმემ ამავე ფორმით გადაუხადოს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

პოლიტიკაში, შეიძლება, მუშტები ბევრი გვინახავს, მაგრამ უწყინარი ედუარდ სურმანიძის გაბრაზება ცოტა მოულოდნელი იყო, ოღონდ მან მუშტი-კრივში სხვა კიდური ჩართო - ხელი არ გაისვარა და ოპონენტს პირდაპირ წიხლი უთავაზა. სკამიც უნდა მიეყოლებინა, მაგრამ გამშველებლებმა იყოჩაღეს. მიზეზი არცთუ ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა - პარლამენტის სხდომაზე სურმანიძემ კაკუბავას რუსეთის აგენტი უწოდა, რამაც კაკუბავა გააღიზიანა და გვარიანად შეუკურთხა, საპასუხოდ კი "დამსახურებული" წიხლი მიიღო.

ძველ ამბავს გაგახსენებთ, როცა ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის მაჟორიტარი იყო. გრიგალაშვილსა და რჩეულიშვილს შორის ინტერესთა კონფლიქტი მაშინ გაჩნდა, როცა სამცხე-ჯავახეთში ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრმა რამდენიმე ჰესი ოფიცალურად შეიძინა. გრიგალაშვილს ეს არ მოეწონა და რჩეულიშვილი ამოიჩემა, მას და მის სიმამრს თბილისიდან გასასახლებლადაც კი იმეტებდა. მეორე დღეს კი პარლამენტში მისულს ვახტანგ რჩეულიშვილისგან მუშტი ხვდა წილად.

ყოფილი შს მინისტრი გია ბარამიძე პარლამენტური გარჩევების მონაწილე ადრეც გამხდარა. ალბათ გახსოვთ, გრიგალაშვილმა ბარამიძეს "ლეღვის ფოთოლი" რომ უწოდა, ჟვანია და მისი თანაგუნდელები არაპოპულარულ განცხადებებს შენ გაკეთებინებენ და როგორც უნდათ, ისე გიყენებენო. თუმცა, არც ბარამიძე დარჩენია გრიგალაშვილს ვალში და გვარიანად უთავაზა.

"ლეღვის ფოთოლი" დავიწყებული გვქონდა და ახლა "ჩმორი" უწოდეს საპარლამენტო უმცირესობის წევრს. უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილ შს მინისტრს ძველი ცოდვები გაუხსენა:
"ეს ის ბარამიძეა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ აღიარა, როგორ დაესხა თავს აფრასიძეების ოჯახს 1500 ჯარისკაცითა და 12 ვერტმფრენით, ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა, შებილწეს საფლავები, გაატყავეს ადამიანები... სპეცოპერაცია იმით გაამართლეს, სვანეთი დააშინეთ და დავაჩმორეთო... მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოიძიონ ყველა დეტალი. მე კარგად ვიცნობ ჩემს კუთხეს და მინდა მივმართო ბარამიძეს, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - ჯაჭვლიანის ამ სიტყვებს ბარამიძე მოთმინებით ისმენდა, თუმცა "ჩმორის" წოდებამ მდგომარეობიდან გამოიყვანა და მუშტიკრივმაც არ დააყოვნა 

მანამდე კი, 90-იან წლებში, პირველი ჩხუბი ე.წ. იმელის შენობაში არსებულ პარლამენტში მოხდა. პიონერები მუშტი-კრივში ვახტანგ რჩეულიშვილი და ნოდარ ნათაძე იყვნენ. მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს "ბორჯომი" შეასხა, გამწარებულმა ნათაძემ კი ვიცე-სპიკერს ტელეფონი ესროლა. რჩეულიშვილმა ტელეფონი აიცილა, მაგრამ მოგვიანებით მაჭავარიანის ნასროლი საფერფლე - ვერა, და თავიც გაიტეხა. ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მინის ჭურჭლის “გამოყენება" აიკრძალა და პოლიტიკოსები, ძირითადად, კიდურების ქნევით იგერიებენ ერთმანეთს.