[ლელა კობერიძე]
ქართველები ყველაზე იაფიან ელექტროენერგიასაც კი ყველაზე ძვირად ყიდულობენ. მთავრობა, როგორც ყოველთვის პირობას არ ასრულებს, ამ პირობის მიხედვით, როდესაც ჰიდროენერგეტიკაში ჰიდრორესურსების წილი გაიზრდებოდა ქვეყანაში ელექტროენერგია უნდა გაიაფებულიყო. ამჯერად, საქართველოს ენერგეტიკა, განსაკუთრებით ზაფხულში, მთლიანად ჰიდრორესურსებს ეყრდნობა, უფრო მეტიც გაზაფხულსა და ზაფხულში ჭარბი ენერგიის გამო წყალსაც კი ღვრიან, ვინაიდან ამდენ რესურსს ვერ ასაღებენ. საქართველოში კი ელექტროენერგიის ღირებულება ისევ 17,6 თეთრია.
ამჯერად მთავრობა ამბობს, რომ აქცენტს ელექტროენერგიის ექსპორტზე აკეთებს, ვინაიდან დენის გაყიდვით ქვეყანამ სერიოზული შემოსავლები უნდა მიიღოს. შემოდგომას ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა ისიც კი თქვა, ქვეყანამ იმდენი დენი გაყიდა, რომ ელექტროენერგია საექსპორტო ხუთეულშიც კი მოხვდა.
მინისტრმა ამ შემთხვევაშიც მოიტყუა, სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგიის ექსპორტი არათუ ხუთეულში საექსპორტო ათეულშიც კი არ არის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშან მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მხოლოდ 36 მილიონი დოლარის დენი გაიყიდა. რა ფასად გადის ექსპორტზე ქართული დენი ამას ენერგეტიკის სამინისტროში საგულდაგულოდ მალავენ. ჩვენი გათვლებით კი აღმოჩნდა, რომ ელექტროენერგია საზღვარგარეთ 4 თეთრად იყიდება. დანარჩენ სხვაობას შუამავალი კომპანიები იღებენ და ელექტროენერგიის ექსპორტიდან სახელმწიფოს თითქმის შემოსავალი არ აქვს.
ექსპორტი გადასახადებისგან თავისუფალია, ხოლო ელექტრენერგია არც აქციზით არ იბეგრება. გამოდის, რომ საქართველოს უხვი ელექტრორესურსებით, ვერც მოსახლეობა სარგებლობს და ვერც ქვეყნის ბიუჯეტი, როგორც ყოველთვის ენერგეტიკიდან მიღებული შემოსავალი ცალკეული ადამიანების ჯიბეებში ილექება.
უფრო ზუსტად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს 36,537 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კი ექსპორტზე 1,5 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია გავიდა; ანუ ერთი კილოვატი საათი ელექტროენერგიის ფასი 2,4 ცენტი (4,3 თეთრი) გამოდის. სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპორტზე ის ელექტროენერგია გადის, რომლის წარმოება ძვირი ჯდება, ხოლო ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას, რომელიც 1,8 თეთრი ღირს სახელმწიფო იყენებს. კერძო მფთლობელობაში მყოფი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტრენერგია 3-4 თეთრი ღირს. გამოდის, რომ ელექტროენერგიის ექსპორიდან მოგება თითქმის არაფერია.
ექსპერტების განცხადებით, უცხოეთში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, საშუალოდ, 4-5 ცენტია, ანუ დაახლოებით 9 თეთრი. ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ექსპორტირებული ელექტროენერგიის ფასი კონფიდენციალურია.
ექსპერტი დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ სხვაობა შუამავალკომპანიებს რჩებათ. „ელექტროენერგია ექსპორტზე გენერაციის ფასად გადის. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი არც გადასახადებით იბეგრება, სახელმწიფოს აქედან შემოსავალი, ფაქტობრივად, არ აქვს. თუკი სახელმწიფო ელექტრონერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, მაშინ სისტემა უნდა შეიცვალოს“, - ამბობს ებრალიძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე წლის წინათ მთავრობამ პირობა დადო - როცა ელექტროენერგიაში ჰიდროენერგეტიკის წილი გაიზრდებოდა, ტარიფი გაიაფდებოდა. თუმცა, დღეს მთავრობას ამ პირობის გახსენებაც კი არ სურს. ექსპერტების განცხადებით, მთავრობას უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ ენერგოკომპანიები 1,8-თეთრიან ელექტროენერგიას ქართველ მომხმარებელზე 17,6 თეთრად ყიდის და ამაზე ხმას არ იღებს.
სხვათა შორის, უხვი რესურსების მიუხედავად, ელექტროენერგიის გამოყენების მასშტაბებით საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანაა. ამის მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობას საკუთარი უხვი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს. ამ დროითვის, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 1700-1800 კვტ/საათი ელექტროენერგია მოდის. მაგალითად, ამერიკაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, კანადაში ეს მაჩვენებელი 15 ათასი კვტ/სთ-დან 20 ათას კვტ/სთ-მდე მერყეობს.