საზოგადოებაში ისევ არ წყდება აჟიოტაჟი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის გარშემო. გარდა იმისა, რომ მას ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის სურვილის გამო აკრიტიკებენ, ბერიძეს ისიც დაუწუნეს, რომ რამდენჯერმე საზოგადოებაში ისე გამოჩნდა, როცა მის ნაცვლად ქოლგა სხვას მოჰქონდა და წვიმისგან იცავდა. მისი ქმედება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც დაგმო და განაცხადა, რომ ბერიძის საკითხი პარტიულ სხდომაზე განიხილებოდა. კალაძეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების შემდგომ გაკეთდა, ხოლო ე.წ. "საქმის გარჩევაში" ბოლოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, მურმან დუმბაძე ჩაერია. მან ავთანდილ ბერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩარევის უფლება ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს. ბატონმა მურმანმა სხვაც ბევრი თქვა საინტერესო და მას სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შევეხმიანეთ.
ბატონო მურმან, ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმეებში ჩარევის უფლება როდიდან არ აქვს?
- ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. მე არ მითქვამს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს. მე ვთქვი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის განკარგვის საქმეებში ჩაერიოს. ისევე როგორც, მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ აქვს თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის ბიუჯეტში ჩარევის უფლება. ეს კანონით არის გაწერილი და კანონი უნდა დავიცვათ. მე მიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი რეაქცია იყო და მიხარია ის, რომ მორალური თვალსაზრისით, ავთანდილ ბერიძემ უარი თქვა იმ ავტომობილის შეძენაზე. მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ საქართველოში არსებობს კანონი და არსებობს მორალური ვალდებულებები და მან სწორედ ამ მორალური ვალდებულებების გამო თქვა უარი, თორემ ვიმეორებ, კანონი არ დაურღვევია.
მან ისიც თქვა, ავტომობილის გამოცვლა უსაფრთხოების სამსახურმა მირჩიაო და რა გამოდის, ამ მორალური ვალდებულებების გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო?
- მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე და ახალი მანქანის შეძენა მართლაც უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. ის ავტომობილი, რომლითაც ბერიძე გადაადგილდება, მართლაც მოძველებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბერიძის ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით სწორი იყო და მან შექმნა პრეცედენტი, როცა ჩინოვნიკმა საზოგადოების აზრი გაითვალისწინა.
საზოგადოების თუ კახა კალაძის?
- მე ვფიქრობ, კახა არ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მან კანონის ზღვარზე გაიარა. მე არ ვამბობ, რომ კანონი დაარღვია, მაგრამ ამ განცხადებით, კანონის ზღვარზე აშკარად გაიარა. ბერიძე და კალაძე შეხვდნენ ერთმანეთს და ეს კონფლიქტი ამოწურულია.
ეს შეხვედრა მობოდიშება იყო კალაძის მხრიდან?
- არა, ასე ვერ ვიტყვი, ეს იყო საუბარი, რომლის დროსაც ყველაფერი გაირკვა. კახა ალბათ, გადაღლილი იყო, როცა ეს განცხადება გააკეთა. როცა საქმე პარტიას ეხება, ეს ამბავი პარტიის შიგნით უნდა გადაწყდეს და არ უნდა გახდეს საჯარო.
კი, მაგრამ კალაძეს ირაკლი ღარიბაშვილიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბერიძის საკითხი პარტიის სხდომაზე დაისმებოდა...
- მისი განცხადებაც ნაჩქარევი იყო. პარტია ადამიანთა გაერთიანებაა და როცა რამე ხდება, ის არ უნდა იყოს საჯარო. თუ საჯარო ხდება, ეს უკვე პარტიის დისკრედიტაციაა. მე არ ვიცავ ბერიძეს, მე ვიცავ კანონს. მე პასუხისმგებელი ვარ საქართველოს ბიუჯეტზე და შეხება არ მაქვს აჭარის ბიუჯეტთან, მაგრამ კარგად ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიცი, რომ დარჩა ნაშთი 180 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, არავის საქმე არაა, ამ ნაშთს ადგილობრივი ხელისუფლება როგორ გამოიყენებს, ავტომობილს იყიდის თუ საწერ კალმებს. ეს არის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადასაწყვეტი.
მაგრამ როცა ნაშთი რჩება და ამ ნაშთით 83 ათასიან მანქანას ყიდულობს, დამეთანხმეთ, რომ ლამაზად არ ჩანს და ამას საზოგადოება ძნელად გაიგებს.
- ჰოდა, ხომ დაემორჩილა ბერიძე საზოგადოების აზრს? ახლა კი ჩვენ ის ტოტი მოვჭერით, რომელზეც ვიჯექით. ჩვენ შეგვეძლო ოპონენტებისთვის გვეთქვა, რომ საზოგადოების აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით, რადგან მე შემიძლია დაგისახელოთ არაერთი ჩინოვნიკი, რომელმაც 2012 წლის შემდეგ ერთი მანქანა კი არ იყიდა, ავტოპარკი განაახლა და მაშინ ამაზე ხმა არავის ამოუღია. ან რატომ არის, რომ ერთი მინისტრი მაგალითად, 80 ათასიანი მანქანით დადის, მეორე კი 100 ათასიანით? რატომ აქვთ უპირატესობა, რა რეგალიების გამო? ამიტომ, მალე პარლამენტში შევალ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ ვის, როდის და რატომ შეეძლება ავტომობილის ყიდვა და აღარ იქნება ისე, რომ ვისაც რა ღირებულების მანქანა მოესურვება, იმას შეიძენს. მე არ მინდა, მივიღო ახალი "ნაციონალური მოძრაობა" და იმიტომ ვამბობ ამას. სწორედ ნაციონალების დროს იყო, ერთი კაცი ყველგან და ყველაფერში რომ ერეოდა. ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც ჩვენი საქმე არ არის, რა თანამდებობაც არ უნდა გვქონდეს, არ ჩავერიოთ. სხვათაშორის, როცა მანქანის შესაძენად უკვე ჩატარებული ტენდერი გაუქმდა, ამით ფინანსური ვალდებულება დაეკისრა აჭარის ხელისუფლებას. ასეა, როცა ხელშეკრულებას აუქმებ, უნდა გადაიხადო.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ბატონი ავთოს თანმხლებ პირს მისთვის ქოლგა უჭირავს. ამას როგორ აფასებთ?
- თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მივმართო "მაესტროს" ჟურნალისტებს, დიანა ტრაპაიძესა და თეონა გოგელიას. საჯარო ბოდიში მოიხადონ. კადრში ჩანს, რომ ბერიძე მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე მიდის. გარდაცვლილი ეროვნული მოძრაობის ძველი და აქტიური წევრი იყო და მეგობარს უჭირავს ქოლგა. მერე რა? მე მინახავს, როცა თავად ბერიძეს უჭირავს ქოლგა და მეგობარს წვიმისგან იცავს, მეც დამიჭერია ქოლგა და რა ამით? საქართველო ტემპერამენტიანი ხალხის ქვეყანაა და ტრაპაიძეს და გოგელიას იმ ქირქილისთვის ბოდიშის მოხდა მართებთ. როგორ გგონიათ, ბარამიძეს პარლამენტში პასუხი რატომ მოსთხოვეს? იმიტომ კი არა, რომ აფრასიძეები ჩახოცა, არამედ იმიტომ, რომ საფლავები წაბილწა. ათი წლის შემდეგაც არ აპატიეს ეს და როგორ გგონიათ, ტრაპაიძეს და გოგელიას არ გაუხსენებენ საფლავებზე ქირქილს?
და ბოლოს, ბატონო მურმან, დაგვეთანხმეთ, რომ ამ სიტუაციაში, როცა ეკონომიკურად არც თუ სახარბიელო სიტუაციაა, ბერიძის მანქანამ ძალიან "იყვირა".
- დაგეთანხმებით, მაგრამ თქვენც დამეთანხმეთ, რომ ეს არ იყო საჯარო განხილვის თემა და კიდევ ვიმეორებ, ავთანდილ ბერიძე არ არის პირველი, ვინც ახალი მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. თანაც, ეს არ იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, მას უსაფრთხოების სამსახურმა სთხოვა ამის გაკეთება. საუბარი ერთ მანქანაზეა, სხვა შემთხვევებში კი ავტოპარკები შეიცვალა. მაშინ ეს ყველაფერი მშვიდად ჩატარდა და ეს 2012 წლის არჩევნების მერე, ანუ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა.