"ლაშა ბრეგვაძე მე გავლახე და ისევ ვცემდი!"

"რუსთავის მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დაკავებული სამი წყალბურთელი - გაგა ჩხეიძე, გიორგი გუდაძე და ლევან კვარაცხელია 16 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი ადვოკატები 5.000-5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავი-სუფლებას ითხოვდნენ და მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ შესაბამისი გადაწყვეტილებაც მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ლაშა ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული წყალბურთელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, მათი ადვოკატების ვარაუდით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალეულობა არ დადასტურდება და არსებითი განხილვებისას აღნიშნული მუხლი შედარებით მსუბუქი მუხლით დაკვალიფიცირდება", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ლაშა ბრეგვაძე მე გავლახე და ისევ ვცემდი" / "კაცი რომ იმით იამაყებს, კამერაში ჩემი შიშით ხუთ კაცს ჩაუფსამსო, როგორი მოსასმენია?".

"სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მოითხოვეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად მიღება, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ ლაშა ბრეგვაძეს მცირე დაზიანება აქვს მიღებული. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა 1000 ხელმოწერა დაკავებული წყალბურთელების გათავისუფლების მოთხოვნით. როგორც ცნობილია, წყალბურთელები მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტიდან ოთხ დღეში დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ლაშა ბრეგვაძე ციხის დირექტორობის დროინდელ ძალადობაზე საუბრობდა. საქმის არსებითი განხილვა კი 30 დეკემბერს დაიწყება. "ყველა სიახლე" ერთ-ერთ ბრალდებულს, წყალბურთელთა კლუბ "თბილისის ზვიგენების" ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძეს ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოძალადე მე კი არა, ჯალათი ლაშა ბრეგვაძეა, ერზე მოძალადე კაცი, და უსამართლობაა, ამ მუხლს მე და ჩემს მეგობრებს რომ გვიყენებენ. რაც მოხდა ლევან კვარაცხელიას ბინაში 13 ოქტომბერს ყველაფერს ვერ გავამხელ, ვინაიდან 30-ში სასამართლო პროცესია ჩანიშნული და დუმილის უფლებას ვიყენებ. ველოდები პროკურატურისა და სასამართლოს მოქმედებას, როგორ წაიყვანენ საქმეს. თუ ყველაფერი სამართლიანად წარიმართება და მუხლი შეიცვლება, მერე მოვყვები, რა და როგორ იყო. ამჯერად ვიტყვი იმას, რომ ლაშა ბრეგვაძე მე გავლახე და დასამალი არაფერი მაქვს, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ და ყველაფერი უკან რომ დაბრუნდეს, მას ისევ ვცემდი... საღ გონებაზე დარჩა ბოლომდე. ხელი შემომიბრუნა თუ არა, ვერ გეტყვით, არ მაქვს ყველაფრის თქმის უფლება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას წყალბურთელი გაგა ჩხეიძე. 

"ეს ყველაფერი მოჰყვა მის მონაყოლს, თუ როგორ ძალადობდა ხალხზე ციხეში. კაცი რომ იმით იამაყებს, კამერაში შევსულვარ და ჩემი შიშით ხუთ კაცს ჩაუფსამსო, როგორი მოსასმენია? მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, 2003 წლამდე ვმეგობრობდით კიდეც, მერე "დაიკარგა" და 2007-ში გამოჩნდა. მას შემდეგ მქონდა ურთიერთობა და ვიცოდი მისი "საგმირო საქმეების" შესახებ, მუდმივად ვაფრთხილებდი, რომ კაცურად მოქცეულიყო, მაგრამ თავისას არ იშლიდა. მას ბევრი ადამიანი უჩივის და იმედია, პროკურატურა დაინტერესდება ამით. ლაშა ბრეგვაძე ჩემს კლუბში - "თბილისის ზვიგენებში" თამაშობდა, მუდმივად მიწევდა მასთან ურთიერთობა და მისი სიბინძურეების მოსმენა. მასთან მარტო მე კი არ მქონია კონფლიქტი - ერთი ადამიანი ამის გამო ლამის ციხეშიც მოხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი მცდელობის წყალობით, ის დღეს თავისუფალია და ბრეგვაძის ხელში არ ჩავარდნილა. სიმართლე გითხრათ, ლაშა ისე იქცეოდა და ისეთ რამეებს აკეთებდა, ყველას ეზიზღებოდა. 2011-2012 წლებში თამაშობდა "ზვიგენებში". მისთვის რომ ვინმეს იქ ზედმეტი ეთქვა და ხელი დაეკარებინა, ალბათ ციხეში ჩააგდებდნენ და კარგად იცით, რასაც დამართებდნენ, ჯალათური მეთოდებით გამოასალმებდნენ სიცოცხლეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"იმ დღეს მოტოციკლეტით ვსეირნობდით და ლევანთან მივედით მე და ბრეგვაძე, საწვავის ფული უნდა გამომერთმია და ეს ინციდენტიც იქ მოხდა. არ დაგვილევია, ვიყავით სრულიად ფხიზლები და საღ გონებაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა კარტს ვერ გაგიხსნით, შესაძლოა ამის გამო ნაციონალებმა ყვირილი ატეხონ. მაგათ ხომ ამის მეტი არაფერი იციან? 13-შივე ვიცოდით, რომ ბრეგვაძე გვიჩიოდა, მაგრამ მიმალვა არც გვიცდია, იმედი მქონდა, ორგანოდან დარეკავდნენ, მივიდოდით და ვითანამშრომლებდით გამოძიებასთან, მაგრამ დაიწყეს თუ არა ნაციონალებმა ყვირილი, ისე დაგვესხნენ, თავი უსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელი მეგონა. მე არასდროს არსად გავქცეულვარ, მით უმეტეს, ჯალათებს არ გავექცევი", - დასძენს გაგა ჩხეიძე და შეკითხვას - "ნაციონალებმა" თქვენი ქმედება შეაფასეს როგორც "ვარდების რევოლუციის შემდეგ კრიმინალების პირველი აშკარა გალაშქრება სახელმწიფოზე". მართალია, რომ თქვენი მეგობარი გიორგი გუდაძე ვატო ყიფიანთან და "წრიპასთან" დაახლოებული პირია?" - პასუხობს:

"რა ქურდული სამყარო, ან რა საერთო გვაქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან?! ბევრ ადამიანს ვიცნობ - ქურდსაც, პოლიციელსაც და ჯალათსაც, მაგრამ მათთან საერთო არაფერი მაქვს. აკაკი მინაშვილს უთქვამს, გუდაძეს ქურდებთან აქვს კავშირიო. მერწმუნეთ, ყოველი მათი განცხადება სისულელე და უაზრობაა. მე პირადად, არც ერთ მათგანს არ ვიცნობ და ვინ რა უნდა დამავალოს?! ვატყობ, მინაშვილს მოუწევს ამ განცხადებაზე პასუხისგება, მან ჩვენ ცილი დაგვწამა და ამ საქმესაც მივხედავთ. აუცილებლად ვუჩივლებთ. საინტერესოა, რატომ და როდიდან ვარ შემჩნეული კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობაში, ან ოდესმე პოლიციასთან მქონია საქმე თუ რა? მთელი ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული. ესენი თუ სპორტსმენებს ებრძვიან, არ ვიცი. თავის დროზე დემეტრაძე რომ გახადეს კრიმინალი, ახლა ეს აღარ გამოუვათ. მჯერა, საქართველოში სამართლიანობის აღსრულების პროცესი ჩვენი საქმიდან დაიწყება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ეს თუ ასე არ მოხდა, ძალიან ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის. მჯერა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება".