გადაურჩება თუ არა „ენერგო პრო“ მინისტრის რისხვას

გადაურჩება თუ არა „ენერგო პრო“ მინისტრის რისხვას

გადაურჩება თუ არა „ენერგო პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის მინისტრის რისხვას? ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემია. მართალია, კომპანიის გენდირექტორმა ნაწილობრივ აღიარა შეცდომები, მაგრამ ეს რომ საქმეს და აჭარლებს შველოდეს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა უკვე გამოსწორებული იქნებოდა. რეგიონში კი ამ დრომდე ისევ ფორსმაჟორია.

აჭარაში არსებული მდგომარეობით წონასწორობიდან გამოსულმა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუფარავად „დაარტყა“. მისი თქმით, ათი ათასობით აბონენტის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუდევრობით მოხდა.

კალაძე ამბობს, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მის საკუთრებაში არსებული ქსელის გამართულად მუშაობა. „დავიბარებთ ხელმძღვანელობას და კატეგორიული მოთხოვნა იქნება იმისა, რომ გამოყონ თანხები. ნება ინებონ და გააკეთონ ინვესტიციები ამ მიმართულებით, რომ ქსელი მოაწესრიგონ. ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული ინდივიდუალურ მრიცხველებზე რაც ჩემი აზრით, არის დანაშაული, რადგან ქსელი გაქვს მოუწესრიგებელი და ერთი ამინდის ცვლილების გამო, მაშინვე ელექტროენერგია ითიშება რეგიონებში. პირველ რიგში, უნდა მოგვარებულიყო ქვესადგურების პრობლემა, ელექტროგადამცემი ხაზების პრობლემა და მერე, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მრიცხველები“, - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება დივერსიასთან დაკავშირებით. „ასეთი შემთხვევა სისტემას არ ახსოვს. ერთდროულად დაზიანდა ყველა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. პირველი, რაც მოვახერხეთ, თურქეთის გადამცემი ხაზი აღვადგინეთ და ხდება იმპორტი თურქეთიდან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ასეთი დიდითოვლობა რეგიონში 1985 წლიდან არ ყოფილა.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ხაზებზე, რომელიც ჩვენ რეგიონში გვაქვს, ყველა მიმართულებით, ერთი და იგივე ტიპის დაზიანება ფიქსირდება. ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვის წინათ აღიძრა საქმე მიზანმიმართულად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ ხორციელდებოდა გასროლა. გვაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება დაწყებულია და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც რამე გაირკვეს“, - ამბობს კალაძე.

ენერგეტიკის მინისტრის ბრალდებებზე „ენერგო პრო ჯორჯია“ ერთ ხანს კომენტრას არ აკეთებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს ნიკოლაი ნიკოლოვს მაინც მოუწია მინისტრის ნათქვამზე გამოხმაურება. „იმ შენიშვნას, რაც თქვა მინისტრმა, მხედველობაში მივიღებთ და ვეცდებით გამოვასწოროთ და მომავალში ასეთი მდგომარეობა აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ნიკოლოვმა.

„ენერგო პრო ჯორჯია“ აჭარის რეგიონში პრობლემის მთლიანად აღმოფხვრას 10 დღეში ვარაუდობს. ამჟამად ზემო აჭარისთვის დენის მიწოდების საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„აჭარაში რთული მდგომარეობა გვაქვს, რაც ჩვენთვის მტკივნეული თემაა. კომპანიის თანამშრომლებს 1985 წლიდან არ ახსოვთ აჭარაში მსგავსი სიტუაცია. ავარიები გამოწვეულია იმით,  რომ არის დიდთოვლობა და გარკვეულ ადგილებში მიუვალია გზა. ჩვენ მობილიზებული გვყავს როგორც აღმოსვალეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ბრიგადები და ისინი გადაყვანილია დაზიანების ადგილებში. სამუშაოების საწარმოებლად ასევე დავიქირავეთ დამატებითი ბრიგადები. აჭარაში გვაქვს შტაბი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად ვაწარმოებთ სამუშაოებს, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან და მას ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნიკილოვმა. 

აჭარის რეგიონში 300-მდე ელექტროგადამცემი ანძაა დაზიანებული. „უკვე შევიძინეთ ახალი ანძები, რომლეებიც ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენისთვის არის საჭირო. მათი ზოგიერთ ადგილებში ატანა ჭირს, ვინაიდან, დიდთოვლობის გამო, ტრანსპორტი ვერ მიდის, მაგრამ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადამიანური რესურსებით ვცდილობთ“, - დასძინა ნიკოლოვმა. 

ჯერჯერობით ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება ხულოს, ქედას და შუახევის რაიონებს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, ქსელის აღდგენითი სამუშაოებში მხოლოდ „ენერგო პრო ჯოჯრიას“ 800-მდე თანამშრომელი და 70-მდე სპეცტექნიკა იყო ჩართული.