[თეონა ხარაბაძე]
მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომანქანების მრეცხავები გარანტირებული საგადასახადო შეღავათების გარეშე დარჩნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს კატეგორია არ არის მოხსენიებული იმ ჩამონათვალში, ვისზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. ეს კი, ექსპერტთა თქმით, იმას ნიშნავს, რომ მანქანის მრეცხავებს, ან ამ გადასახადების გადახდა მოუწევთ, ან უნდა აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვა, რათა დაამტკიცონ, რომ მათი შემოსავალი დადგენილ ზღვარს არ სცილდება.
ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 2011 წლის 1-ელ იანვარს შევიდა, ძალიან ბევრ საკამათო დებულებას ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ თუკი ძველი კოდექსი კანონით განსაზღვრავდა იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ, ახლა ამას მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს.
ამიტომაც მთავრობამ დეკემბრის ბოლოს გამოსცა დადგენილება, სადაც განსაზღვრულია მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობისა და საქმიანობების და შემოსავლების სახეები, რომელიც არ დაიბეგრება და არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.
ეს დადგენილება შეთანხმდა პარლამენტთან და შესაბამისად, 1-ელი იანვრიდან ძალაშიც შევიდა. მაგრამ, როგორც ჩანს, რამდენიმე საქმიანობა მთავრობას ან გამორჩა, ან გააპარა. ყოველ შემთხვევაში, ამ ჩამონათვალში არ არიან მანქანის მრეცხავები.
როგორც ექსპერტი შოთა მურღულია განმარტავს, საგადასახადო კოდექსის ძველი რედაქციით, ავტომანქანის სამრეცხაო, რომელსაც ჰქონდა 4 კვ/მ ფართი და არ იყენებდა დაქირავებულის შრომას, ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. ახლა კი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან, ფინანსთა მინისტრის რამდენიმე ბრძანებით არის განსაზღვრული. ამ ბრძანებაში კი ავტომანქანების მრეცხავები აღარ არიან.
შესაბამისად, თუ ასეთ პირს გადასახადისგან გათავისუფლება სურს, ის მიკრობიზნესმენად უნდა დარეგისტრირდეს და ამ მიზნით, მისი შემოსავალი აღრიცხოს.
მურღულიამ აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი მანქანის მრეცხავს, რომელიც დაქირავებულის შრომას არ იყენებს, სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული ჩამონათვალი თავიდანვე იქცა ექსპერტების და ოპოზიციის კრიტიკის საგანად, რადგან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეშვილი აცხადებდა, ამ ჩამონათვალის პირველივე პუნქტში აღნიშნულია, რომ მიკრობიზნესად ითვლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
„ეს კი მიუთითებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ტრაქტორით მოხნავს თავის მიწის ნაკვეთს, მიკრობიზნესად აღარ ჩაითვლება და, შესაძლოა, მას გადასახადების გადახდა მოუხდეს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობა ამაყად აცხადებდა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული არა მარტო ფიზიკური პირები, არამედ იურიდიული პირებიც გათავისუფლდებიანო და მე მაინტერესებს, რომელი მათგანი ტყუის“, - აცხადებდა ცაგარეიშვილი.
მის ამ მოსაზრებას კი „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც იზიარებს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიკრობიზნესი თავისუფლდება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადისგან და არაფერია ნათქვამი ქონების გადასახადზე. ცალკე თემაა 30 000-ლარიანი ბრუნვის მქონე საწარმოს მასშტაბები. შეგახსენებთ, რომ 30 000 ლარში იგულისხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.
სწორედ ამიტომ, ტყემალაძე მიიჩნევს, რომ „მთლიანად სისტემაა არასწორი მიმართულებით წასული და, ცხადია, ამას მთავრობის ვერანაირი დადგენილება ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ გარკვეული უზუსტობები თუ ხარვეზები აქაც შეიმჩნევა“.
ამ ხარვეზის შემდეგ კი ოპოზიციაც და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ეს დადგენილება საერთოდ გასაუქმებელია.
„ამ დადგენილებაში რომ ბევრი ხარვეზი იყო, მგონი, თქვენთან საუბრისას თავიდანვე ვთქვი. ის ხომ მაინც შეიძლებოდა, რომ ჩამონათვალში მაინც არ შეშლოდათ, რადგან ამაზეა დამოკიდებული, ამ ადამიანების ბედი. ახლა ეს საქმიანობა აღმოჩნდა გამორჩენილი თუ გამოტოვებული, ხვალ კიდევ სხვა აღმოჩნდება და საბოლოოდ ამ ადამიანებს გადასახადების გადახდას რომ მოსთხოვენ და ვერ გადაიხდის, მერე იმას იტყვიან, რომ მთავრობას შეეშალა და ამ ადამიანების ბრალი არ არისო? ამიტომაც ვამბობ, რომ ეს კოდექსიც გადასამუშავებულია და ეს დადგენილებაც“, - აცხადებს ტყემალაძე.