გადაწყვეტილება მიღებულია, 20 წლის შემდეგ, ბაბუშერას და გუმისთაზე არსებული ერთ-ერთი სამარხი გაიხსნება. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ცხედრების გადმოსვენების და მათი იდენტიფიცირების თაობაზე. სამარხების გახსნა მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ქართული მხრიდან, ორმხრივი მექანიზმების პროცესს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე ხელმძღვანელობს, ხოლო საექსპერტო ჯგუფს მისი მოადგილე ნინო ჭავჭავაძე.
რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, აფხაზური მხრიდან საქმეში ჩართულია დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია. ამასთან, როგორც დავით დარხველიძე ამბობს, ეს პროცესი წითელი ჯვრის ეგიდით და მხარდაჭერით განხორციელდება.
როგორც ცნობილია, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოხუმში, „დიდების პარკში“ აღმოჩენილი სამარხი, სადაც საერთო ჯამში 64 ნეშტია აღმოჩენილი, საომარი მოქმედების დროს დაღუპულებს ეკუთვის. თუმცა, რის საფუძველზე აკეთებს აფხაზური მედია ამ დასკვნას უცნობია.
საქმეში უკვე ჩართულია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“. ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც აფხაზური და ქართული მხარე მონაწილეობენ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სოხუმში, „დიდების პარკის“ ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ექსგუმაცია მოხდებოდა. გვამების გადასვენება ხორვატიაში მოხდება, სადაც მოხდება დნმს ანალიზის გაკეთება.
For.ge. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გელა დოლიძეს ესაუბრა.
მიღწეულია შეთანხმება ბაბუშერას და გუმისთაზე არსებული ქართველი სამხედროების სამარხის გახსნაზე და ცხედრების გადმოსვენებაზე. რამდენად მიზანშეწონილია და სწორია ეს გადაწყვეტილება?
- უამრავი ადამიანი ელოდება ამ პროცესს, რომ საკუთარი შვილის, ძმის, მამის საფლავი ჰქონდეს. ამის გაკეთება აუცილებელია. არის ასეთი გამოთქმაც „ომი მანამ არაა დამთავრებული, სანამ ბოლო ცედარიც არაა დასაფლავებული“. ომი რუსეთთან ნამდვილად ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის შერიგებისკენ გადგმული პირველი ნაბიჯი.
ამდენი წლის მერე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მოხდეს გვამების გადმოსვენება და ეს უკვე თავისთავად კარგია. გარდა ამისა, პირადად მე გულის ტკივილი მქონდა, რომ ჩვენი ჯარისკაცების საფლავი იყო მოუვლელი. ცხადაია, ამ პროცესში წითელი ჯვარის ძალიან დიდი ძალისხმევაცაა.
სად მოხდება ამ გვამების იდენტიფიკაცია?
- ეს მოხდება გადმოსვენების შემდეგ, უკვე თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში.
სოხუმში „დიდების პარკთან“ აღმოჩენილ გვამებს დნმ ჩაუტარდება ხორვატიაში, ბაბუშერას და გუმისთის სამარხში აღმოჩენულ გვამებს კი თბილისში, ეს როგორ განისაზღვრა, მათ რატომ უკეთდებათ დნმ-ს ანალიზი თბილისში?
- „დიდების პარკთან“ აღმოჩენილ გვამებს ექსპერტიზა ხორვატიაში იმიტომ უტარდებათ, რომ დასადგენია აფხაზია თუ ქართველი. აფხაზური მხარე ამ საკითხში ჩვენ არ გვენდობა. ბაბუშერაში და გუმისთის მიმდაბარე ტერიტორაზე არსებულ სამარხში არც-ერთი აფხაზი არაა. ამ სამარხში ქართველი ვაჟკაცები განისვენებ. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ გვამებს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდეთ საქართველოში, მითუმეტეს, რომ საქართველოში არანაკლები ლაბორატორია არსებობს. ამ თანხას მთლიანად იხდის საქართველოს მთავრობა.
დაახლოებით რა რაოდენობის ცხედრებზეა საუბარი?
- როგორც ჩემთვის ცნობილია სამხარაულის კლინიკას ერთდროულად შეუძლია 50-100 ცხედრის მიღება, დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება.
თუ არის გადაწყვეტილი სად მოხდება ამ ბიჭების დასაფლავება? ეს იქნება გმირთა სავანე, თუ კერძო სასაფლაო?
- პირველ რიგში, ეს ოჯახის გადასაწყევტია, მაგრამ ჩემი აზრით კარგი იქნება, რომ გმირთა სავანეში მოხდეს მათი დასაფლავება. ძალიან მგრძნობიარე თემაა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ბაბუშერას სამარხში დასაფლავებული ჩვენი გმირები დასაფლავებული იქნებიან გმირთა სავანეში.
ბაბუშერას და გუმისთის სამარხი არაა ერთადერთი სამარხი, სადაც ქართველი გმირები განისვენებენ. თუ მინდინარებს მოლაპარაკება სხვა სამარხების გახსნაზე? ცნობილია, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ ყველაზე დიდი სამარხი გაითხარა სოფელ ცუგუროვკაში, სადაც არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებია დაკრძალული. იგივე, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მიმდებარე ტერიტორია, ბაბუშერა, დაბა მაჭარკა ე.წ. ცემენტის ქარხნის ტერიტორია, რესტორანი „აფხაზური ეზოს“ მიმდებარე ტერიტორია, სინოპში არსებული დახურული ლაბორატორიის ტერიტორია...
- რაც შეეხება „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მიმდებარე ტერიტორიას, იქ ნამდვილად არის ასეთი სამარხი და იქ ქართველებთან ერთად აფხაზებიც არიან დასაფლავებული. გასარჩევად ცოტა რთული იქნება. რაც შეეხება ცუგუროვკას, გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში მოხდა იქ გვამების დასაფლავება და არის ამაზე ლაპარაკი. გადრა ამისა, ბევრი გვამია დასაფლავებული აგუძერაში, დაბა მაჭარკაში. სახელობით ყველას საფლავი ცნობილია და ვიცით ვინ სად არის დასაფლავებული. მთავარია, რომ საკითხი დაიძრა. პირველ რიგში, საჭიროა მოთმინება და საქმის ბოლომდე მიყვანა.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, თუ არსებობს მათ შესახებ რაიმე სახის ცნობები?
- რაღაცა ცნობები არის სამოქალაქო პირებზე, მაგრამ ძირითადად მაინც სამხედროებზეა საუბარი.