კოალიციაში დიდი ღალატი გრძელდება?

კოალიციაში დიდი ღალატი გრძელდება?

"ალიასთვის" სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. საქმე ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტს, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. ბოლო დღეებში "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი ხშირად აცხადებს, ეს კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვაო. როგორც "ალიას" კოალიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უყვება, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი მელაშვილს დაუტოვა სულ სხვა პროექტი, მაგრამ გავიდა დრო და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას კაბინეტიდან გამოვიდა სულ სხვა პროექტი. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ნარმანიას კაბინეტში ხშირად იკეტებოდნენ შერგელაშვილი, მელაშვილი და "რესპუბლიკელების" წარმომადგენლები, სწორედ მათ გამოშიგნეს, სწორედ მათ ჩაამატეს ის პუნქტები, რაც შემდგომში საზოგადოების აღშფოთების საგანი გახდა და რამაც მისი უწმინდესობა იძულებული გახადა, განცხადება გაეკეთებინა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით კოალიციაში დიდი ღალატი გრძელდება?

"როგორც"ალიასთვის" ხდება ცნობილი, "რესპუბლიკელებისა" და მელაშვილის თავხედობამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაამწარა, მაგრამ მან არ მისცა თავს უფლება, საზოგადოების წინაშე გამოსულიყო და ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა, რადგან ხელისუფლებაში აღარ არის. ალბათ, გახსოვთ, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "რესპუბლიკელები" დატუქსა და რამდენიმე პუნქტიც შეაცვლევინა. ჩვცენ არ ვიცით, ეს 100-პროცენტიანი სიმართლეა თუ არა, მაგრამ პატრიარქისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა და ორივენი რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდიან, ეს ცხადია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რომ არა ახალი პრემიერ-მინისტრი, "რესპუბლიკელები" თავიანთ მზაკვრულ გეგმას გაიტანდნენ და ქვეყანაში ცოდვის კალოს დაატრიალებდნენ. გამოდის, მართლაც აქვს ადგილი დიდ ღალატს კოალიციაში, გათავხედებულმა ადამიანებმა პირდაპირ უღალატეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლისთანავე. პირველი, რაც "რესპუბლიკელებმა" ივანიშვილის გადადგომიდან მეორე დღესვე მოინდომეს, ეს იყო მუნიციპალიტეტების უფრო დაშლა, რათა უკეთესად განეხორციელებინათ თავიანთი მზაკვრული პოლიტიკური მიზნები, ანუ ყველგან ჩაესვათ თავიანთი ხალხი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებში სხვანაირად გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ. მოგვიანებით გაჩნდა კანონპროექტში მე-7 კარი, რომლის მიხედვითაც ეთნიკურ უმცირესობებს საშუალება ეძლეოდათ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მოეთხოვათ ავტონომიები. ინკოგნიტო წყაროს თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ პროექტში. ასევე არაფერი იყო ნათქვამი მუნიციპალიტეტების დაქუცმაცებასა და სოფლების დანაწევრებაზე. მეტიც, საერთოდ არ იყო ნახსენები თვითმმართველი ქალაქის განსაზღვრისას 15 ათასი მაცხოვრებელი, ესეც მოღალატეების მიერ გახლავთ ჩამატებული", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც "ქართული ოცნების" კულუარებში ამბობენ, ამ საკითხების გამო კოალიციაში ძალიან დიდი დაპირისპირება იყო, მაგრამ დღემდე იმდენს მაინც მიაღწიეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილისეულ კანონპროექტს ძალიან კარგად იცნობდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ, როცა ის ჩასწორებულ-გაუბედურებული ნახა, ძალიან გაღიზიანდა. აი, სწორედ ამის შემდეგ გააკეთა მისმა უწმინდესობამ ცნობილი განცხადება. კიდევ ერთი, რაც "რესპუბლიკელებმა" ივანიშვილისეულ პროექტში დაამახინჯეს, ეს არის საბჭოების შექმნის საკითხი: მათ სიტყვა საკონსულტაციო ამოაგდეს და ჩაამატეს - წარმომადგენლობითი, რათა ამ საბჭოებს მისცემოდათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ქონების გარდა, ამ გზით, ძალაუფლებაც დაეთრიათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის წყალობით, არც ეს გამოუვიდათ", - დასძენს გამოცემა.