2013 წლის 12 დეკემბერს დანიელმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა 21 ქართველი დააკავეს. ისინი იმ 60-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელსაც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 2 ათასამდე ძარცვაში ედება ბრალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ქალბატონიც. ბანდის საქმიანობას სამართალდამცავები ჯერ კიდევ 2010 წლიდან ადევნებდნენ თვალს.
სამწუხაროდ, მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის. სამართალდამცავები ქართული მაფიის (ბოლო ხანს ევროპაში დამკვიდრდა ცნება - "ქართული მაფია" და არა ზოგადად "რუსული", როგორც ადრე მოიხსენიებდნენ ხოლმე) წინააღმდეგ დროდადრო სპეცოპერაციებს ატარებენ ხოლმე. მაგალითად, 2013 წლის 5 ივნისს ფრანგმა სამართალდამცავებმა, იტალიელი კოლეგების დახმარებით, დააკავეს ქართული კრიმინალური სამყაროს 40 წარმომადგენელი, რომლებიც ბოლო ორი წელი ერთობ მოხერხებულად ეწეოდნენ ავტომანქანების ქურდობას, ბინებისა და საიუველირო მაღაზიების ძარცვას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას და ადამიანებით კონტრაბანდულ ვაჭრობას.
ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საფრანგეთში პირველად 90-იანი წლების შუა ხანებში გამოჩნდნენ, თუმცა დიდხანს პოლიციას თვალში არ ხვდებოდნენ, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობდნენ, ქვეყანას"ეცნობოდნენ და სწავლობდნენ. რუსეთში მომძლავრებულ "ბეზპრიდელს" გამორიდებული "კანონიერი ქურდები" ახალ სამშობლოში თავის გამოჩენას არ ჩქარობდნენ.
არავინ იცის, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ქურდული იდილია რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ერთ დღეს ფრანგ სპეცსამსახურებს შემთხვევით ორი ქართველის - ტარო ონიანის და მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბარი რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. ისინი საუბრობდნენ ქართველი მაფიოზის მკვლელობაზე, რომელსაც მათი "კუთვნილი" 125 მლნ დოლარი "უკანონოდ" ჰქონდა მითვისებული (სავარაუდოდ, საუბარი იყო ბიზნესმენ დავით სანიკიძეზე, რომელიც 1996 წლის 14 ივნისს მოკლეს ვენაში). საქმის მცოდნეთა თქმით, საფრანგეთის პოლიციას მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა ქართულ (რუსულ) ორგანიზებულ დანაშაულზე. გამოძიებისას გაირკვა, რომ ტარო ონიანი საბჭოთა სივრცეში ცნობილი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი იყო, ხოლო მერაბ ჯანგველაძე - მისი კოლეგა "სოხუმსკი".
საფრანგეთის პოლიციამ დიდხანს ვერ გაარკვია, რას ნიშნავდა ცნება "კანონიერი ქურდი" და საერთოდ ვინ იყვნენ ეს მილიონებით ჯიბეგატენილი ადამიანები - მაფიოზები, ოლიგარქები თუ უბრალოდ აფერისტები? თუმცა საქმე შორს არ წასულა, რადგან ონიანმა და ჯანგველაძემ პარიზი დატოვეს და თბილი ადგილის ძებნა მეზობელ ესპანეთში გადაწყვიტეს.
2000 წლის დასაწყისში საქართველოდან ემიგრაციაში უკეთესი ბედის საძებნელად მილიონზე მეტი ქართველი წავიდა. უმრავლესობა, უცხო მიწაზე შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, კრიმინალურ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩართული. მალე იმ ქვეყნებს, სადაც ქართველი არალეგალები ბლომად იყვნენ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმაც მიაშურეს, რათა ქურდულ სამყაროს "ფული არ დაეკარგა". სულ მალე ქაოსურად დაწყებულმა ქართულმა დანაშაულმა ორგანიზებული ფორმა მიიღო და "ბაზრიდან""კონკურენტის - ადგილობრივი კრიმინალის განდევნასაც შეეცადა. 2004 წელს "ვარდების" ხელისუფლებამ "კანონიერ ქურდებს" ბრძოლა გამოუცხადა და მათზე ნადირობა დაიწყო, მეტიც, მკაცრად ისჯებოდა არა მარტო ქურდის სახელის ტარების, არამედ ქურდული სამყაროსადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისთვისაც, თუმცა ქურდულ სამყაროს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და უკრაინაშიც აღარ დაედგომებოდა, რადგან საქართველოში ექსტრადიციისგან დაზღვეული არავინ იყო, ამიტომ "უკეთესი დროის" მოლოდინში დროებით ნავსაყუდლად ისევ ევროპა აირჩიეს. ამ მხრივ ყველაზე მეტად საბერძნეთი, საფრანგეთი და ესპანეთი დაზარალდა.
საბერძნეთში მოკალათებულმა ქურდულმა სამყარომ ხელში ჩაიგდო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ თესალონიკზე კონტროლი - განდევნა რა ალბანური მაფია; გარდა ამისა, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ ყველა კონტრაბანდულ მარშრუტს, რომელიც ბალკანეთს დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს (ერთი
ვერსიით, საქმე იქამდე მივიდა, რომ 2012 წელს საბერძნეთში დაკავებულმა "კანონიერმა ქურდმა" ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთში, ფინანსური კრიზისის დროს, თესალონიკის ხელისუფლებას რამდენიმე მილიონი ევრო "შესწირა" პენსიონერებისთვის პენსიის დროულად გასაცემად).
2009 წლის ივლისში მოსკოვში დატრიალებულმა ამბებმა ორგანიზებული დანაშაულის ბევრი ევროპელი ექსპერტი შეაფიქრიანა. 2009 წლის ივლისში მოსკოვში დაჭრეს კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურა ვიაჩესლავ ივანკოვი - "იაპონჩიკი", რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. "იაპონჩიკის" მკვლელობამ უფრო დაძაბა ურთიერთობა "კანონიერი ქურდების" ორ ქართულ დაჯგუფებას (ასლან უსოიანი "დედ ჰასანი" და ტარიელ ონიანი) შორის, რომლებიც ესპანეთის ციხეში გამოკეტილი შაქრო კალაშოვის უზარმაზარი ფინანსური იმპერიის მითვისებას ცდილობდნენ, ამ ომში ივანკოვი "დედ ჰასანის" მხარეს იდგა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ "იაპონჩიკის" მკვლელობა ქურდული ომების ახალ ტალღას გამოიწვევდა, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდებოდა. ამ დროს საფრანგეთში ქართულ კრიმინალურ წრეებს "კანონიერი ქურდები" - ძმები შუშანაშვილები აკონტროლებდნენ (უსოიანის დაჯგუფების წევრები). გამონაკლისი იყო ქალაქი რუანი. იქაური ქართველი დამნაშავეები ონიანის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. საფრანგეთში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა კლანებს შორის დიდი ხნის დაწყებული იყო.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/92758-rogor-daipyro-qarthulma-mafiam-evropa.html#ixzz2nicfsu82