„არის კი ჩვენი არასამთავრობო სექტორის ინტერესები ისეთივე გულწრფელი, როგორადაც თავს წარმოაჩენენ?!“

„არის კი ჩვენი არასამთავრობო სექტორის ინტერესები ისეთივე გულწრფელი, როგორადაც თავს წარმოაჩენენ?!“

ნაციონალების მიერ სამსახურებიდან მასობრივად დათხოვნილ ადამიანებს მფარველები დღემდე არ გამოსჩენიათ და ისინი კვლავაც უმუშევრად არიან დარჩენილნი. სამაგიეროდ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინფორმაციას, რომ პროკურატურიდან კადრები თურმე უსამართლოდ გაუშვეს. არასამთავრობოები პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირთა უფლებებს პირადად დაიცავენ, რადგან მათი აზრით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის შესახებ, დამაჯერებლობასაა მოკლებული.

მათთვის საეჭვოა, რატომ გადაწყვიტა ერთდროულად რამდენიმე თანამშრომელმა, პირადი განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო, თუ ამის მიღმა მნიშვნელოვანი გარემოება არ იყო, როგორიცაა ზეწოლა.

არავინ უარყოფს, რომ უსამართლოდ გაშვებულთა უფლებები ადამიანის უფლებათა დამცველებმა უნდა დაიცვან, მაგრამ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ნაციონალებმა პოლიტიკური ნიშნით გაყარეს სამსახურებიდან, ითხოვენ, რომ ახლა მაინც მათ საქმეებსაც ასეთივე გულდასმით მოეკიდონ არასამთავრობოები. შესაძლოა, თავის დროზე, ზოგიერთის საქმე ცალკეულ ანგარიშში მოხვდა კიდეც, მაგრამ მათი ბედით ასე აქტიურად არავინ დაინტერესებულა და არც შედეგი დამდგარა. 

რაც შეეხება პროკურატურიდან დათხოვნილ მუშაკებს, ჩვენი საზოგადოებისთვის ესეც არ არის დიდი პრობლემა, რადგან ისინი მთელი ამ ხნის მანძილზე სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ელოდნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ პროკურატურის მუშაკები შეგნებულად ეწეოდნენ საბოტაჟს და დამნაშავეების დასჯას აფერხებდნენ, ან თვალს ხუჭავდნენ გაყალბებულ დოკუმენტებზე. ამდენად, თუკი პროკურატურიდან ცალკეულ მუშაკთა გათავისუფლებას ტაბუდადებული საქმეების გახსნა მოჰყვება, ამაში საგანგაშო არაფერია.

სამაგიეროდ, არასამთავრობოებთან ერთად, ღელავენ ნაციონალებიც. თავის დროზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა ისე შეიცხადა, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე „ქართულმა ოცნებამ“ სამსახურის გარეშე დატოვა 4089 ადამიანიო, თითქოს, ნაციონალებს არავინ გაეთავისუფლებინოთ.   

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა კი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულებად მოიხსენია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან  დათხოვნილი 27 ადამიანი.

ამ ფონზე დღემდე არ გააქტიურებულა ნაციონალების დროს მასობრივად გაყრილი ექიმების, პედაგოგების, რკინიზელების, უნივერსიტეტების, მუზეუმების თანამშრომლების საქმეები. ნაკლებად ღელავენ იმაზეც, რომ 26 მაისის მოვლენების შემდეგ შსს-დან ის თანამშრომლები დაითხოვეს, რომელთა ახლობლებიც რაიმე სახით კავშირში იყვნენ ოპოზიციურ მოძრაობასთან. მიკროავტობუსებში პოლიტიკური მოტივით აკრძალული რადიოს მოსმენის გამო კი ურჩი მძღოლები გაათავისუფლეს. ხოლო ცხრა წლის განმავლობში საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრები საჯარო სამსახურებში ხალხის დათხოვნის საფუძველი გახდა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გააქტიურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ახალი ხელისუფლების ხელში პირობები უფრო ლიბერალურია, მეტი თავისუფლებაა საზოგადოებაში, თორემ თავის დროზე, როცა მძაფრი ბრძოლა იყო საჭირო, მათ უკან დაიხიეს თავიანთი სიჩუმით.

ექსპერტის აზრით, ასეთი საყვედური ყველას შესახებ არ ითქმის, მაგრამ მათი უმრავლესობა ასე იქცეოდა და ასეთი ერთიანობა ამ საკითხში მაშინ არ ჰქონიათ. ამიტომ შეიძლება, მძიმე შედეგი მივიღოთ და აღმოჩნდეს, რომ არასამთავრობოებმა იზრუნონ იმ ადამიანების სამსახურში დაბრუნებაზე, რომლებიც ხელს უშლიდნენ სამართლიანობის აღდგენას.

„ნუთუ ეს სამართლიანი იქნება? - მეეჭვება. ვითომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში ამ არასამთავრობოებმა უსამართლობას უნდა შეუწყონ ხელი? ყოველ შემთხვევაში, წარსული უსამართლობის გამართლების სახე შეიძლება მიიღოს ყოველივე ამან. ამიტომ მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ, რა არის ამ ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის არა ოფიციალური, არამედ რეალური მოტივი. ეს პოლიტიკური მოტივია, თუ საბოტაჟის მოტივი. ამ ორ მომენტს შორის დიდი განსხვავებაა. თუ ადამიანები ხელს უშლიდნენ პროკურატურის მუშაობას იმიტომ, რომ თავად ჰქონდათ პოლიტიკური მოტივები, მაშინ ამ ორგანიზაციების ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის შეიძლება იქამდე მივიდეს, რაზეც საზოგადოება ჩივის, რომ პროკურატურაში ბლოკირებულია მთელი რიგი საქმეები, პირადი ინტერესების გამო, პროკურატურა პასიურია და არ ცდილობს, ხელი შეუწყოს გამოძიებას. თუ ამ პროცესის დაცვას აპირებენ, მაშინ მეეჭვება, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ. პირიქით, ძალიან გამაღიზიანებელი იქნება საზოგადებისთვის მათი მოქმედება. არადა, მათი ფუნქცია, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების სამსახურია“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში რამაზ საყვარელიძემ.

საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამ მოვლენას  ორმხრივად ხედავს: ერთი მხრივ, როდესაც შეკითხვები ჩნდება, წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია ამახვილებდა თუ არა ყურადღებას ადამიანების სამსახურიდან დათხოვნაზე (რაზედაც ახლა საკმაოდ აქტიურად და პერმანენტულად საუბრობენ), ძირითადად, პასუხი ასეთია, რომ ცხრა წლის განმავლობაში უსაფრთხოება მთელ რიგ სივრცეებში დაცული არ ყოფილა. ამიტომაც უსამართლობის შესახებ ვერ გაკეთდებოდა ანგარიში. ამასთან, ჩაკეტილი და დახურული იყო ინსტიტუციები, სახელმწიფო უწყებები და, აქედან გამომდინარე, უბრალოდ, საშუალება არ იყო, სიმართლე გაერკვიათ. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში მედიასაშუალებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შეკითხვებს აგზავნიდნენ სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ თვეები გადიოდა და პასუხს არ იღებდნენ. ამიტომ, პრაქტიკულად, ეს საკომუნიკაციო სივრცე ჩაკეტილი იყო.

თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ასეთი შეხედულებაც, რომ უკვე გავიარეთ უსამართლო ცხრა წელი, შეიცვალა ხელისუფლება, ამიტომ, რაკი წლების განმავლობაში ეს ადამიანები გაჩუმებულები იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც უნდა გაჩუმდნენ. ამდენად, ორივე შეხედულება ლეგალურია.

არჩილ გამზარდია მიესალმება, რომ სამოქალაქო საზოგადოება მეტად ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესებში და მეტი ანგარიში აწარმოოს, თუმცა მას გონივრული ეჭვი უჩნდება, ხომ არ არის ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური ინსტრუმენტი და არასამთავრობო სექტორი ხომ არ გვევლინება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ირიბ მხარდამჭერად?! არის კი ჩვენი არასამთავრობო სექტორის ინტერესები ისეთივე გულწრფელი, როგორადაც ისინი თავს წარმოაჩენენ?! ხომ არ არის  სხვა საკითხები, რომელთა შეფუთვასაც ისინი ცდილობენ?!

რაც შეეხება პროკურატურიდან დათხოვნილ კადრებს, არჩილ გამზარდია ეჭვობს, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ასეთივე ორმხრივობით მუშაობდნენ.

„ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით, პირადად მე, არაერთ პარადოქსულ სიტუაციას შევხვედრივარ. მაგალითად, საიამ აღიარა, რომ ამ ფაქტების შესახებ საერთოდ ინფორმირებული არ იყო. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ვიყავით, როდესაც განმიცხადეს, რომ, თურმე, მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის კუთხით, სტატისტიკაში ნული უწერიათ, ანუ არცერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ და არცერთი საკითხი არ წარმოჩენილა მათი მსჯელობის საგნად. არადა, ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია და ამ დროს საია და სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ზოგიერთ საკითხთან მიმართებით, ცალი თვალით იყურებიან და მთელ რიგ მოვლენებს არ ხედავენ. ვერ ვიტყვი, რომ ვერ ხედავენ და ვერ ამჩნევენ ამ მტკივნეულ თემებს. ამიტომ ეს მიქმნის საფუძველს, ვიფიქრო, მსგავსი დამოკიდებულება ხომ არ არის იმავე პროკურატურასთან მიმართებით. ხომ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული თვალით და ინტერესით დანახული პროცესები?“ - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ცხადია, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ხელს ვერ დავადებთ, მაგრამ არაფერი გამოსარიცხი არ არის. ზოგიერთი მათგანის მოღვაწეობის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ირიბად ეს იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისთვის. მით უფრო, არსებობს ვარაუდი, რომ ცალკეული ორგანიზაციები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობენ.