"ადამიანებს, რომლებმაც მცემეს, დამამცირეს, დღეს სიყვარულით ვემსახურები შს სამინისტროში"

"არ ვიცი, რომელ სართულზე ამათრიეს, ვხედავდი უამრავ ადამიანს სისხლში მოცურავეს და ყველას გასაგონად დამსჯელი რაზმის მეთაურმა დაიძახა, გიშველოთ ახლა თქვენმა ლიდერმაო და ჩემს თვალწინ დაიწყო ყველას ცემა. მთელი ღამე გამწარებული ადამიანების კივილი მესმოდა, ჩემი ტკივილი და ხორცის გლეჯა დამავიწყდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი. ყველა მახსოვს, ვინც არიან, ყველა დავადგინე! მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება და ყველანაირი ბერკეტი გამაჩნია მოძალადეებს სამაგიერო მივუზღო, პასუხი არავისთვის დამიბრუნებია. ჩემი თანამებრძოლების ძმობა და სიყვარული მაძლევს ძალას, ყოველივე მოთმინებით ავიტანო", - წერს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი ლუკა კურტანიძე გაზეთ "ასავალ-დასავალში" საავტორო წერილში  სათაურით "პასუხი ყველას ვინც დღემდე განმიკითხავს". 

"ყველას, ვინც მე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი მომაყენა, დღეს გულით ვეუბნები - მიუხედავად თქვენგან მიღებული დიდი ტკივილსა, მზად ვარ, სიყვარულით გემსახუროთ. ბევრი თქვენგანი დღესაც შს სამინისტრო სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობს და მეც იმიტომ გადავწყვიტე ამ სისტემაში მუშაობა, რომ გემსახუროთ და სიყვარული დაგანახოთ თქვენ, ჩემს ძველ მტრებს, რომლებმაც უდიდესი ტანჯვა მომაყენეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით და დახმარებით შს სამინსიტროში დავგეგმე სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება თითოეული თანამშრომლის საერთო ფიზიკურ მომზადებას, მოტივაციის გაზრდას, მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციელების ერთმანეთთან დაახლოებას, რაც ყველაზე მთავარია, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ერთი წლის განმავლობაში გამართულ შიდა ღონისძიებებში გამარჯვებული 16 პოლიციელი გავაგზავნეთ მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაზე, საიდანაც გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ - 12 მათგანმა ოქროს მედლები ჩამოიტანა - ეს შევძელი მოკლე დროში იმ სტრუქტურისთვის, რომელმაც ერთ დროს სასტიკად დამსაჯა", - წერს ლუკა კურტანიძე. 

"ჩემი უპასუხობით, ჩემი მოთმინებით ვუფრთხილდებოდი ჩვენს ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მიფიქრია, მომეძებნა და სამაგიერო გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დამასახიჩრეს, რკინის ხელკეტებით მცემეს, სისხლში მათრიეს და დამამცირეს, მაგრამ ამ ორ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ვუფრთხილდებოდი. პირველად ვამბობს ახლა ამას, შეგნებულად წავედი სამუშაოდ შს სამინისტროში, რათა ყველასთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. იმ ადამიანებს, რომლებმაც მცემეს, დამამცირეს, სული და სხეული მატკინეს, დღეს სიყვარულით ვემსახურები შს სამინისტროში. რატომ? იმიტომ, რომ რაც იყო, აღარასოდეს განმეორდეს და ჩვენში დაგროვილი აგრესია ჩვენს შვილებს არ გადაეცეთ! ვინც ამ წერილს წაიკითხავთ და სინანული გაგიჩნდებათ, ვინც მაშინ შეცდით, დღეს ძმური სიყვარულით გპასუხობთ და ძმად მიგულეთ!", - აცხადებს რესპონდენტი.

"ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და თავი გამეწირა მისი არჩეული გზისთვის. ვინც ამ ერისკაცს ძალა მისცა და მასთნ ერთად უბრძოლია, ჩემთვის ყველა სალოცავი ადამიანია. მიხარია მათი წარმატება და მტკივა, თუ შეცდომებს უშვებენ. ვფიქრობ, როგორ გავაძლიერო ეს ადამიანები, ერთად როგორ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. შეიძლება აღარც ვარ საჭირო, შეიძლება გაცლა და სხვა გზით მსახურება ჯობდეს ჩემი სამშობლოსთვის და ამ ადამიანებისთვის... დაბოლოს, მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც ჩემს ძმა სოსო ჯაჭვლიანსა და ნაც-ნაძირალა ბარამიძეს შორის პარლამენტში მოხდა. "მთელი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია პარლამენტში და ახლა დაიწყო ლაპარაკიო" - სოსოზე თქვა ბარამიძემ და როგორც ჟესტიკულაციით ანიშნა, ჩვენ გიჟები ვართ. დიახ, გიჟები ვართ, რადგან სიგიჟემდე გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ქართველი ერი და ჩვენი ადათ-წესები. სიგიჟემდე გვიყვარს და ვაფასებთ ეროვნულ ღირებულებებს! გიჟები ვართ, რადგან გვჯერა ადამიანობის, მადლიერების, სინანულის და ერთგულების. სადაც ამ ღირებულებებს გათელავენ და შიშს, დაბეზღებას, ორგულობას, არაადიანობას დაამკვიდრებენ, იქ ჩვენ - სოსოსნაირი მართალი ადამიანები ყოველთვის გიჟები ვიქნებით!" - განაგრძობს წერილის ავტორი

"ერთი წლის განმავლობაში ვითმენდით - იმედი გვქონდა, რომ სინანულს დავინახავდით, მაგრამ ამაოდ. გამოსავალი ერთია - სარეველა ძირფესვიანად უნდა ამოგლიჯო და ამით მართალი გზა გადაარჩინო. ჯერჯერობით დაუსჯელობის შეგრძნებამ გაათამამა ნაც-ნაძირლები, მაგრამ ყველანი დავინახავთ, რომ სამართლიანობა საფუძვლიანად და მთელი სიმკაცრით აღსრულდება. ღვთისა და კანონის წინაში ყველა თავის საზღაურს მიიღებს. დაიწყება ახალი ერა და ადამიანობა, სამართლიანობა, სიყვარული იქნება ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მართალი თანამებრძოლები ვართ და თუ ამდენ ხანს ჩუმად ვიყავით, ვითმენდით და პირადი ტკივილი გვერდზე გადავდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას გავუფრთხილდით და გავუფრთხილდებით სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ არა მონურად, არამედ რწმენით და სიყვარულით. ღირსება უმთავრესია!" - დასძენს ლუკა კურტანიძე.